დავების მოგვარება ონლაინ - დროებითი გადაწყვეტა თუ ახალი რეალობა?

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ დავების მოგვარების ციფრული გზების დანერგვას

25 May 2021

მედიაცია და არბიტრაჟი იმ სერვისების რიცხვშია, რომლებიც მნიშვნელოვნად, შესაძლოა, სამუდამოდ შეიცვალა პანდემიის დროს.

მოსაგვარებელი დავების რიცხვი არათუ შემცირდა, არამედ პირიქით გაიზარდა „ლოქდაუნის“ ფონზე. მაგალითად, ბიზნესს ხშირად უწევდა პანდემიის შედეგად შეუსრულებელი ვალდებულებების გამო წარმოქმნილი უთანხმოებების მოგვარება. ამავდროულად, მედიატორებს, არბიტრებს, დავის მხარეებსა და მათ ადვოკატებს მოუწიათ შეცვლილ რეალობასთან სწრაფად ადაპტირება და ონლაინ ფორმატზე გადასვლა. უნდა აღინიშნოს, რომ დავის მოგვარებისას ციფრული ხელსაწყოების გამოყენება ახალი პრაქტიკა როდია. ამ დარგის ექსპერტები ონლაინ მეთოდების დანერგვას წლებია ცდილობენ. თუმცა, პანდემიამ განუზომლად დააჩქარა ეს პროცესი, ხოლო მიღებულმა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც UNDP-ის გუნდის წევრს, რომელიც ჩართულია საქართველოში დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების (ADR) დანერგვისა და განვითარების პროცესში, შესაძლებლობა მქონდა არა მხოლოდ თვალი მედევნებინა, არამედ უშუალო მონაწილეობა მიმეღო ამ საინტერესო ციფრულ გარდაქმნაში, მემუშავა მედიატორებსა და არბიტრებთან და თავად შემეწყო ხელი დავების მოგვარების ონლაინ გზების დანერგვისთვის. წინამდებარე ბლოგი სწორედ ამ უნიკალურ გამოცდილებას ეყრდნობა.        

2021 წელს, ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნეს საქართველოში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ პანდემიის დროს, სამედიაციო და საარბიტრაჟო ცენტრებმა სწრაფად გადაინაცვლეს ფიზიკური სივრცეებიდან ონლაინ პლატფორმებზე. კვლევის ფარგლებში 120 მომხმარებელი გამოიკითხა, აქედან 67 - მედიაციის, ხოლო 53 არბიტრაჟის პროცესში იღებდა მონაწილეობას. მიღებული შედეგები მით უფრო საყურადღებოა, რომ ყველა გამოკითხული საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი მედიაციის ცენტრებისა და საარბიტრაჟო ინსტიტუტების მომხმარებელს წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, მედიაციისა და არბიტრაჟის სესიების 28 პროცენტი ჩატარდა დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ონლაინ სერვისის მომხმარებელთა უმრავლესობა (78 პროცენტი მედიაციის შემთხვევაში და 66 პროცენტი არბიტრაჟის შემთხვევაში) დადებითად აფასებს ამ გამოცდილებას.

ამ ციფრებფზე დაყრდნობით, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ დავის მოგვარების დისტანციური ფორმატი პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდება, ხოლო ონლაინ მედიაცია და არბიტრაჟი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შემადგენელი ნაწილი გახდება?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორი ელენე ორჯონიკიძე ფიქრობს, რომ დისტანციური მედიაცია ალტერნატივის სახით უნდა დამკვიდრდეს ცენტრის პრაქტიკაში. ის ამბობს, რომ ცენტრს პანდემიამდეც ჰქონდა ასეთი ფორმატით მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ამას სისტემური სახე არ მიუღია.

„დასაწყისში იყო გარკვეული გამოწვევები, როგორც ტექნიკური საკითხები, ისე მხარეების დამოკიდებულება, მაგალითად, გაურკვევლობა მედიაციის სასამართლოს შენობის გარეთ ჩატარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, 2020 წლის მაისის დასაწყისში მზად ვიყავით ონლაინ ფორმატზე გადასვლისთვის. ვიყენებდით თითქმის ყველა პლატფორმას, იმის მიხედვით, თუ სად უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს ჩვენი კლიენტები“.

ელენეს მიაჩნია, რომ მედიაციის ცენტრმა წარმატებით გაიარა ციფრულ ფორმატზე გადასვლის პერიოდი. „როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, წელს მორიგების საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა“.

ელენეს სიტყვებით, ონლაინ ფორმატში მარტივად წყდება ბევრი პრობლემა, რომელიც მედიაციის პროცესის ორგანიზებას უკავშირდება. მაგალითად, სესიების მოწყობა, დროისა და ადგილის შერჩევა, მგზავრობის ხარჯები და დროის დეფიციტი. „ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ დისტანციური რეჟიმი ისეთ საქმეებზე, რომელთა შემთხვევაშიც ეს გამართლებულია“, - ამბობს ელენე.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ბრიტანელი ექსპერტი და გამოცდილი მედიატორი ბარია აჰმადი, რომელმაც 2020 წელს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამისთვის სპეციალური ანგარიში მოამზადა.

ბარია მიმოიხილავს იმ უპირატესობებს,  შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რაც თან ახლავს დისტანციური მედიაციის სერვისების შემოღებას. დისტანციური მედიაცია შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა პლატფორმაზე, მათი ცალკე ან ერთდროულად გამოყენებით, კერძოდ სატელეფონო, ვიდეო-კონფერენციის და ავტომატიზებული პროგრამების გზით. შესაბამისი ფორმატისა და პლატფორმის შერჩევისას მედიატორებმა უნდა გაითვალისწინონ, რამდენად ერკვევიან მხარეები და მათი ადვოკატები ციფრულ სისტემებში, აქვთ თუ არა წვდომა შესაბამის პლატფორმებზე და რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს მათ გამოყენებისას. გარდა ამისა, მედიატორების მოვალეობაა, შესთავაზონ მხარეებსა და მათ ადვოკატებს ტექნიკური დახმარება პროცესის დასაწყებად.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ მუშაობს დისტანციური რეჟიმი არბიტრაჟის შემთხვევაში, და მაის გასარკვევად საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) უფროს იურისტს დავით ედილაშვილს მივმართეთ.

დავითი ამბობს, რომ პანდემიის დაწყებისთანავე GIAC-მა შეიმუშავა დისტანციური საარბიტრაჟო განხილვის პროტოკოლი საარბიტრაჟო პროცესების შეუფერხებლად წარმართვისთვის. ეს პროტოკოლი განსაზღვრავს პროცესში მოქმედ დამატებით წესებს დავის დისტანციურად განხილვისას. ასევე, სამდივნო როგორც მხარეებს, ისე არბიტრებს სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას და უზრუნველყოფს მათ შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე წვდომას. ამ პროცედურების გამოყენებით GIAC-მა მოახერხა დისტანციური განხილვების ფორმატის სწრაფი ადაპტირება და საარბიტრაჟო პროცესების უწყვეტად ჩატარება. “ჩვენ ვგეგმავთ, რომ მხარეებს - მათი თანხმობის შემთხვევაში - ჰქონდეთ დისტანციური განხილვის შესაძლებლობა პანდემიის დასრულების შემდგომაც,“ ამბობს დავითი.

როგორც ჩანს, დავის დისტანციურად მოგვარების საკითხებში ქართველი მომხმარებლებისა და სამედიაციო და საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.

კომუნიკაციის ახალი გზების დამკვიდრებამ შესაძლოა საქართველოში ონლაინ დავების გადაწყვეტის (ODR) განვითარებასაც შეუწყოს ხელი. ეს ტერმინი არ გულისხმობს ონლაინ სესიების ჩატარებას. როგორც ბარია აჰმადი განმარტავს, ODR უკვე მრავალი წელია არსებობს და ისტორიულად, ტექსტური საშუალებებით, მაგალითად ელექტრონული ფოსტით ან პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებით კომუნიკაციას ეყრდნობა. ODR გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დავების გადასაწყვეტად, როგორიცაა ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული სამომხმარებლო დავები, საყოფაცხოვრებო უთანხმოებები და მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი დავები.

ბარიას აზრით, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, საქართველო ხელსაყრელ მდგომარეობაშია იმისთვის, რომ  ონლაინ დავების გადაწყვეტის სისტემების პილოტირება ან ცალკეული ODR სერვისების დანერგვა დაიწყოს.

უდავოა, რომ ციფრული ხელსაწყოები ქმნის კომფორტულ გარემოს დავების მოგვარებისთვის. პროცესის სრული ციკლის გავლა შესაძლებელია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, იზოგება დრო და მგზავრობის ხარჯები, მცირდება ტრანსპორტირების აუცილებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გარემოს დაცვას. მაგრამ შეძლებს თუ არა დავების დისტანციური გადაწყვეტა კლასიკური სხდომების ჩანაცვლებას? პანდემიის დასრულების შემდეგ, რას მივანიჭებთ უპირატესობას - Zoom-ს თუ კლასიკურ სხდომებს?

ეს შეკითხვები ჯერ ღიად უნდა დავტოვოთ და მოვლენების განვითარებას დავაკვირდეთ. თუმცა, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიაციამ და  არბიტრაჟმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ რეალობაში, ხოლო დავების მოგვარების ცენტრებმა პანდემიის გამოწვევებს გაუძლო და ახალი მეთოდების დანერგვაც შეძლო.

***

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოში დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების - მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას. ეს საქმიანობა ხორციელდება ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის EU4Business ფარგლებში.