მოწყვლადი მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან

შვედეთის 3.6 მილიონი აშშ დოლარის დაფინასება გააფართოებს UNDP-ის მიმდინარე პროგრამას, რომელიც წყალდიდობის რისკის შემცირებას ემსახურება

11 December 2019

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და შვედეთის მთავრობამ დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 3.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა წყალდიდობისგან და სხვა კლიმატური კატასტროფებისგან.

შვედეთის ხელშეწყობა კიდევ უფრო გააფართოებს მასშტაბურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უშუალო ჩართულობით ხორციელდება. შვიდწლიანი პროგრამა, რომლის  მთლიანი ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებს მოიცავს და კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირებასა და მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში საქართველო განახორციელებს კომპლექსურ ზომებს, რომელთა შორისაა კლიმატური საფრთხეების შესწავლა თანამგზავრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მოდერნიზება, ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა და დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე რეგიონებში.

შვედეთის დაფინანსების წყალობით, სათემოების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამის შედეგებით ისარგებლებენ და წყალდიდობისგან დასაცავად დახმარებას მიიღებენ, 60-დან 90-მდე გაიზრდება.

„მოწყვლადი სათემოები განსაკუთრებით ზარალდებიან კლიმატის ცვლილების გამო“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა. „შვედეთის დახმარების შედეგად, გაიზრდება მაღალი რისკის მქონე რეგიონებში მცხოვრები 30 სათემოს დაცულობა და უსაფრთხოება. გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ჩვენ ავამაღლებთ მოსახლეობის ცნობიერებას კლიმატურ საფრთხეების თაობაზე და ინფორმაციას მივაწვდით ადამიანებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კლიმატური კატასტროფის დროს“.

„ამინდის კონტროლი ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი კატასტროფები მართლაც გარდაუვალია“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი მიზანია პრევენციულ საქმიანობაში ინვესტირება, რაც ადამიანებისა და მათი საკუთრების დაცვის საუკეთესო გზაა, მაშინაც კი, თუ საქმე გვაქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებთან. შვედეთთან პარტნიორობით შევძლებთ ყველაზე მოწყვლადი სათემოების დახმარებას, რაც  მდგრადი განვითარების მიზნების დაპირებას შეესაბამება“.

UNDP-ის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ჩატარება, მდინარეების ნაპირების გამაგრება და ადრეული შეტყობინების სათემო სისტემების დანერგვა. შვედეთის მიერ დაფინანსებული კომპონენტი ოთხწლიან პერიოდს მოიცავს.    

საკონტაქტო ინფორმაცია