ეკონომიკური დამოუკიდებლობა ძალადობისგან დამცავი ფარია

ქალი მეწარმეები თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოებისთვის იბრძვიან

22 November 2021

ფოტოსა და დიზაინის ავტორები: ნინო ზედგინიდზე, სოფო მესხიშივილი/UNDP

ღირსეული დასაქმება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის „ჩრდილოვანი პანდემიისგან“ დაიცვას. 

ფოტოსა და დიზაინის ავტორები: ნინო ზედგინიდზე, სოფო მესხიშივილი/UNDP

ნაკუ გამყრელიძეს გურიაში „მაუგლის“ ეძახიან. ამ ახალგაზრდა ქალს გურიის მთები ფეხით აქვს მოვლილი, ბევრი ახალი მარშრუტი გაუკვალავს და ადრე უცნობი ბილიკი აღმოუჩენია. გამბედაობამ და საკუთარი კუთხის სიყვარულმა ნაკუს პატივისცემა და დაფასება მოუტანა. თუმცა, მისი ლაღი ხასიათი და თავგადასავლებისკენ ლტოლვა ყველასთვის მისაღები არ ყოფილა. ბევრი იმასაც კი ფიქრობდა, რომ მთებში „ხეტიალი“ ქალისთვის შესაფერისი საქმე არ იყო.

ნაკუ საზოგადოების განკიცხვას არ შეუშინდა და მთაში „ხეტიალი“ პროფესიულ საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ აქცია.

„ყოველთვის მინდოდა, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ჯიუტად მჯეროდა, რომ ქალს საქმე და სამსახური უნდა ჰქონოდა. კარგად ვხედავ, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ძირეულად ცვლის ქალების მიმართ დამოკიდებულებას“, - ამბობს ნაკუ.

რამდენიმე წლის წინ, ნაკუ გამყრელიძემ საკუთარი ტურისტული კომპანია დააფუძნა და საყვარელი გურიის მთები ახლა უკვე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს გააცნო.

წელს ნაკუმ კომპანიამ, 24 სხვა მეწარმე ქალთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ბიზნესის განვითარებისთვის დახმარება მიიღო. ეს საგრანტო კონკურსი, რომელიც ავსტრიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ჩატარდა, ბევრი მეწარმე ქალისთვის მათი ბიზნესის გაფართოებისა თუ ახალი საქმის წამოწყების შესაძლებლობად იქცა.

ნაკუს შემთხვევაში, საგრანტო ხელშეწყობის გამოყენებით, მისმა ტურისტულმა კომპანიამ ზამთრის ტურიზმისთვის საჭირო აღჭურვილობა - თოვლში სასიარულო ფეხსაცმელი და ხელჯოხები შეიძინა და ოთხსეზონიან ტურისტულ მომსახურებაზე გადავიდა.

ქართველი ქალებისთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობა საკმაოდ რთული გზაა. UNDP-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 85 პროცენტი და კაცების 58 პროცენტი თვლის, რომ კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაში ქალებს მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. მეტიც, ქალების 38 პროცენტი და კაცების 59 პროცენტი კვლავ მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი საქმიანობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული წარმატება.

რაც უფრო ძლიერია საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, მით უფრო მაღალია დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხე.

ამ მხრივ, ღირსეული დასაქმება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია საზოგადოება ამ „ჩრდილოვანი პანდემიისგან“ დაიცვას. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში შვიდი ქალიდან ერთს სახლში ძალადობა განუცდია. კოვიდ პანდემიის ფონზე გამოცხადებული „ლოქდაუნების“ დროს, ეს საგანგაშო სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ქალთა მიმართ არსებული ეკონომიკური და სოციალური დისკრიმინაცია კიდევ უფრო გაღრმავდა.

ფოტოსა და დიზაინის ავტორები: ნინო ზედგინიდზე, სოფო მესხიშივილი/UNDP

მაია სურმანიძე საგრანტო კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულია. ხულოს მუნიციპალიტეტში მას ვარდების პატარა პლანტაცია ეკუთვნის. მეწარმეობის გარდა, მაია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ადგილობრივი ცენტრის მოხალისეა და ქალებს კრიზისის დაძლევაში ეხმარება. იგი დარწმუნებულია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მთავარი იარაღია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

„ფინანსური დამოუკიდებლობა ქალებს თვითდაჯერებულობასა და გაბედულებას მატებს. ეს სწორედ ისაა, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - ამბობს მაია.

ფოტოსა და დიზაინის ავტორები: ნინო ზედგინიდზე, სოფო მესხიშივილი/UNDP

„ქალები, რომლებიც ძალადობას განიცდიან, მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობენ. ბევრი ამ მდგომარეობას მხოლოდ იმიტომ ეგუება, რომ წასასვლელი არ აქვს და არც შემოსავლის წყარო გააჩნია“, - ამბობს ნატო მამაგულიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხის მაცხოვრებელი.

ნატო გოგრის ზეთს აწარმოებს და მეზობლად მცხოვრებ ქალებსაც მოუწოდებს, რომ ამ სარფიან საქმეს მიჰყონ ხელი. ცივი დაწურვის არარაფინირებული გოგრის ზეთი საკმაოდ ძვირადღირებული და მოთხოვნადი პროდუქტია.  ევროპულ ბაზარზე, 1 ლიტრის ფასი 40 აშშ დოლარს აღწევს.

საგრანტო ხელშეწყობის შედეგად, ნატომ თანამედროვე პრესი შეიძინა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ზეთის დაწურვისთვის გამოიყენება. მას იმედი აქვს, რომ ამ წარმატებულ ბიზნესს მალე სხვა ქალებიც შეუერთდებიან.

“ყველა ქალს მინდა ვუთხრა - არ გაჩერდეთ, დაიჯერეთ, რომ ძალიან ძლიერები ხართ!”

ნატოს ულამაზესი გოგრების ხასხასა ფერი გაეროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სლოგანს ეხმიანება - „გააფერადე მსოფლიო ნარინჯისფრად!“

ეს ყოველწლიური გლობალური მოძრაობა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას  ემსახურება, ხოლო ოპტიმისტური ნარინჯისფერი მომავლის იმედს გამოხატავს. მომავლის, სადაც ყველა ქალი და გოგო სრულად დაცული იქნება და შეძლებს, რომ ღირსეული შემოსავალი მიიღოს და საკუთარი ცხოვრება თავად ააშენოს.