ქალების სახლი

რა უშლის ხელს ქართველი ქალების ეკონომიკურ წარმატებას? კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ სახეები მარტოხელა დედები, მიგრანტი ქალები, დაბალანაზღაურებადი ქალები და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლები არიან

16 October 2018

ფოტოს ავტორი: გედა დარჩია/UNDP

„ჩვენ ვართ მარტოხელა დედები, მიგრანტი ქალები, დაბალანაზღაურებადი ქალები. ჩვენ გვავიწროვებენ სამუშაო ადგილზე. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა კერძო საკუთრებაზე. ჩვენ ბედისწერად ოჯახში აუნაზღაურებელი შრომა განგვისაზღვრეს. ჩვენ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ. მოგვისმინეთ. დაგველაპარაკეთ. შეცვალეთ რეალობა“.  

ეს ემოციური გზავნილები ძველებური კედლის კალენდრიდან ამოხეულ ფურცელზე ხელით იყო დაწერილი. ფურცლის მეორე მხარეს ასევე ხელით მიწერილ მოსაწვევს აღმოაჩენდით.

დანიშნულ დღეს თბილისის ძველ უბანში მითითებულ მისამართზე მისულ სტუმრებს სოციალური კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ ორგანიზატორები ხვდებოდნენ და საგანგებოდ მოწყობილ „ქალების სახლში“ მეგზურობას უწევდნენ. ძველი თბილისური ბინა იმ საღამოს პერფორმანსის სცენად ქცეულიყო, სადაც კამპანიის გმირები თავის პირად ისტორიებს ყვებოდნენ.

სოფო, სამი შვილის მარტოხელა დედა, რომელსაც ოჯახური ტვირთის გამო  სამსახური ვერ დაუწყია.

თათია, საქართველოში პირველი ქალი, რომელმაც თავისი უფროსის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროვების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა და შედეგად იძულებული გახდა, რომ სამსახურიდან წასულიყო.

ციცინო, ნიჭიერი დიზაინერი და დურგალი, რომელსაც ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სესხი ვერ აუღია, რადგან მის სახელზე ქონება არ ირიცხება.

ქალების სახლის კიდევ ერთი ოთახი სამშობლოდან გაჭირვების გამო წასულ დედებს დაეთმო. აქ შემოსული სტუმრები დედა-შვილის ვირტუალურ საუბარს ოთახის ცენტრში განლაგებულ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს და ემოციებს ვერ მალავდნენ.

პერფორმანსის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეები და მაყურებლები ისევ ეზოში შეკრიბნენ, სადაც ღონისძიების წამყვანმა, მსახიობმა ნატა მურვანიძემ, და პერფორმანსის გმირებმა ეზოს მთელ სიგრძეზე გადაჭიმულ თოკზე სიმბოლური სარეცხი გაფინეს. ფერად ზეწრებზე კამპანიის სლოგანები და მოწოდებები იყო გამოსახული: „.სექსუალური შევიწროება დანაშაულია“, „გავათანაბროთ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა“, „გავინაწილოთ საშინაო შრომის ტვირთი“ და უბრალოდ - „თანასწორობა გვჭირდება“.

მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის გამოწვევებს.

„საქართველოში ქალებსა და კაცებს შორის არსებული ანაზღაურების უთანასწორობა 35 პროცენტს შეადგენს. თვალსაჩინოა გენდერული ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი. ქართველ ქალებს თავის შესაძლებლობების სრულად გამოიყენება რომ შეძლებოდათ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10 პროცენტით მაინც გაიზრდებოდა,“ - განაცხადა  მან.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

თბილისში გამართული ღონისძიების შემდეგ კამპანიამ „თანასწორობა გვჭირდება“ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა.

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, კამპანიის პირველი რეგიონული წარდგენა ქ. თელავში გაიმართა. ღონისძიებას შეუერთდნენ საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, თელავის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერაქტიული ინსტალაციისა და ტრადიციული გამოფენა-გაყიდვის შემდეგ საჯარო დისკუსია გაიმართა, რომელშიც კამპანიის ერთერთმა სახემ, თათიამ, მიიღო მონაწილეობა.

„არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს. საქართველოს პოლიტიკასა და ბიზნესში მაღალ თანამდებობებს ძირითადად კაცები იკავებენ, ხოლო საზოგადოება მოქცეულია მცდარი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, რომლებიც ქალისა და კაცის სოციალურ როლებს განსაზღვრავს. თუ ნამდვილი ცვლილება გვინდა, ჩვენი ეზოებითა და უბნებით უნდა დავიწყოთ. მხოლოდ ასე  შევძლებთ ვითარების შეცვლას მთავრობაში, პარლამენტში, ბიზნესში და მთელ საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მან.

სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. „თანასწორობა გვჭირდება“ ხელს უწყობს საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვას და ყველა იმ ფაქტორის გამოვლენას, რომელიც ხელს უშლის ქართველ ქალებს შრომით ბაზარზე დამკვიდრებასა თუ წარმატებულ მეწარმეობაში.

სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ოქტომბერი 2018