გურიაში ჩაის დროა

ჩაის კულტურის აღდგენა კარს უხსნის ადგილობრივ ტურიზმს

6 August 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გურია საქართველოს ყველაზე პატარა რეგიონია. ტერიტორიით, 2,000 კვ. კმ, მსოფლიოს რომელიმე დიდ ქალაქს, მაგალითად, დელის უტოლდება, თუმცა დელისგან განსხვავებით, გურიის მოსახლეობა მხოლოდ 113,000 ადამიანია, ხოლო სუბტროპიკული ჰავით ინდოეთსა და შრი-ლანკას წააგავს. ინდოეთთან და შრი-ლანკასთან მსგავსება ამით არ ამოიწურება. თავის დროს, სწორედ გურიის ჩაის პლანტაციებმა გაუთქვეს სახელი საქართველოს, როგორც საბჭოთა ჩაის მთავარ მწარმოებელს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჩაის წარმოება გურიაში შეჩერდა და მის აღდგენას რამდენიმე ათწლეული დასჭირდა.

საქმიანი საუბარი ჩაის ტრადიციულ კულტურაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბიზნესმა გურული ჩაი ტურიზმის განვითარებას დაუკავშირეს. ამ საქმეში მათ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები ეხმარებიან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ალეკო მამეშვილი, რეგიონის პერსპექტივას სწორედ მის განუმეორებელ კოლორიტში და ტრადიციული მეურნეობის განვითარებაში ხედავს.  

„გურია არა მხოლოდ ყველაზე პატარა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული რეგიონია“, - ამბობს ალეკო.  „თუმცა ჩვენს მეზობლად აჭარაში უამრავი ტურისტი ჩადის, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დამსვენებლები ზღვის სანაპიროდან  გურიის მთებშიც მოვიზიდოთ“.

წარმატებული ტურისტული პროექტი "ჩაის გზა" სწორედ აქედან დაიწყო. პროექტში ჩაერთნენ  ადგილობრივი ჩაის მწარმოებლები, რომლებიც ჩამოსულ ტურისტებს საკუთარ სახლებში მასპინძლობენ, ჩაის კრეფასა და დამზადებას ასწავლიან და ადგილობრივი ჩაის კულტურის ისტორიას აცნობენ.  

UNDP-ის დახმარებით გურიის სოფლებში ჩაის გზის ნიშნულები გაჩნდა, ხოლო ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა. მხოლოდ ერთი ტურისტული სეზონის მანძილზე, 2019 წლის ზაფხულიდან 2020 წლის ზაფხულამდე, ჩაის გზის მასპინძელ ოჯახებს 2,000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ლიკა მეგრელაძე ჩაის გზის ერთ-ერთი მასპინძელია. ლიკა თბილისში ცხოვრობდა, გურიაში ახლახან დაბრუნდა და მშობლიური რეგიონის ტურისტულ პერსპექტივებს ეჭვის თვალით უყურებდა. უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსულმა ქალიშვილებმა დაარწმუნეს, რომ მათი საგვარეულო ოდა, რომელიც ასზე მეტ წელს ითვლის, უზარმაზარი ძველი კასრი ბაღის ბოლოში, საკუთარი ხელით დაკრეფილი ჩაი და ბებიას უგემრიელესი გურული კერძები სწორედ ისაა, რასაც უცხოელი ტურისტები საქართველოში ეძებენ.

დღეს ლიკას საოჯახო სასტუმრო „კომლი“ ჩაის გზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა, ხოლო კასრში ღამის გასათევად სტუმრები რიგში ეწერებიან.

“სიტყვა „კომლი“ „კვამლიდან“ მოდის, საცხოვრებელ სახლს ნიშნავს, ადგილს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ,  ცეცხლი ანთია, საჭმელი კეთდება. ხედავ, რომ საკვამურიდან ბოლი ამოდის და იცი, რომ ამ სახლში შეგიძლია მიხვიდე და გაგიმასპინძლდებიან,“ - ამბობს ლიკა.

გურულებისთვის უკვამლო საკვამურები მიტოვებული სახლების მანიშნებელია. გასულ წლებში რეგიონი საკმაოდ ბევრმა მაცხოვრებელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ დატოვა. თუმცა დღეს გურულებს იმედი აქვთ, რომ ჩაის გზა და ტურიზმის ახალმა პერსპექტივები ბევრს შინ მოაბრუნებს.

ჩაის გზის წარმატებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონის ტურისტულ შეთავაზებას კიდევ უფრო აფართოებს და ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას იწყებს. წელს მუნიციპალიტეტმა წამოიწყო პროექტი „გაიცანი გურია“, რომელიც UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით  ხორციელდება.

ახალ ტურისტულ მიმართულებებს შორის მისტიური და ბურუსით მოცული გომის მთაა, რომელსაც გურულები „ღრუბლებს ზემოთ სამყაროს“ ეძახიან. ამ ულამაზესი ადგილის განაშენიანების გეგმის შედგენაში რეგიონის თვითმმართველობას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება.    

გარდა ამისა, ადგილობრივი ოჯახებისთვის ტარდება სტუმარმასპინძლობის ტრენინგი. შეიქმნა „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ - მხიარული და მოხატული ავტობუსი, რომელიც ზღვის სანაპიროს გაუყვება და დამსვენებლებს გურიის მთაში გასეირნებას შესთავაზებს.

„მიხარია, რომ გურიას ბევრი ადამიანი აღმოაჩენს“, - ამბობს ლიკა. „ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, როგორც ჩემთვის, ასევე სხვა მეწარმეებისთვის. ერთიანი მიდგომებით გურიის ტურისტული პოტენციალის გამოყენებას შევძლებთ და ეკონომიკურ ვითარებას გავაუმჯობესებთ“.

სხვა ტურისტული რეგიონების მსგავსად, კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა, როგორც გურიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 21.7 პროცენტს სწორედ ტურიზმი შეადგენს, რის გამოც საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. მეორეს მხრივ, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის გავრცელებას, რამაც ქვეყანას „უსაფრთხო მიმართულების“ რეპუტაცია შესძინა.

გურულებსაც ამის იმედი აქვთ, მოყავთ ჩაი და კერიას არ აციებენ. სახლების თავზე კვამლი ტრიალებს, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენი მასპინძლები შინ არიან და სტუმრად გველოდებიან.