სოციალური სიკეთის სამიტი 2017: სტრიტ არტისტების თვალით დანახული გლობალური მიზნები

მდგრადი განვითარების მიზნები ქართველი სტრიტ არტისტების ხელოვნებაში ცოცხლდება

18 May 2018

მზიან კვირადღეს 2017 წლის სექტემბერში ქალაქ რუსთავის პარკი მდგრადი განვითარების მიზნებისა და სტრიტ არტის ნამდვილ ღირშესანიშნაობად გადაიქცა.

პარკში მოსული სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ საზაფხულო თეატრის კედლებზე გაცოცხლებული ფანტასმაგორიული ნახატების დანახვისას, ხოლო იქვე მყოფი მხატვრები სიამაყით აკვირდებოდნენ მათი ნამუშევრებით გამოწვეულ აჟიოტაჟს.

„რატომ არ ლაპარაკობს?“ - იკითხა სამი წლის გოგონამ, რომელიც ინტერესით უყურებდა კედელზე გამოსახულ ყვავილების კორიანტელში ჩაფლულ წითელთმიან ქალს.

„რა თქმა უნდა, ლაპარაკობს“, - მიუგო ნახატის ავტორმა, თამუნა წახნაკიამ, საქართველოს ქუჩის მხატვრობაში ცნობილმა TAmOonz.

„ის ქალღმერთია და ბუნებისა და გარემოს ენაზე ლაპარაკობს, ჩვენი ცხოვრება უკეთესი რომ გახდეს“.

სტრიტ არტი რუსთავში, მართლაც, მდგრადი განვითარების მიზნებით იყო შთაგონებული. ცნობილი არტისტების კრეატულ და ორიგინალურ კომპოზიციებში კაცობრიობის ყველაზე მთავარი გამოწვევები აისახა -  კლიმატის ცვლილება, ცოცხალი ბუნების გადარჩენა, განათლება, ჯანდაცვა, ურბანული განვითარება, ადამიანის უფლებები და თანასწორობა. 

სტრიტ არტისტების შემოქმედებამ და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩვენი პარტნიორების - რუსთავის მერიის, შვედეთის მთავრობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), EdgeRiders-ის და FutureMakers-ის მხარდაჭერამ, შექმნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო სოციალური სიკეთის სამიტი საქართველოში - სტრიტ არტის დღე გლობალური მიზნების მისაღწევად.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

„ხელოვნება უდიდესი ძალაა, რომლის ხმა ყველას მიწვდება. ჩვენი მიზანი იყო, გვეთქვა რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გლობალური მიზნების მიღწევაში და სამყაროს სასიკეთოდ შეცვლაში“, - თქვა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.  

სტრიტ არტის დღით რუსთავში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ფესტივალი გლობალური მიზნების შესახებ - „მომავალი = შენ“.  მდგრადი განვითარების იდეამ, როგორც სამყაროს გადარჩენისა და ღირსეული ცხოვრების მიღწევის გზამ, უამრავი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გააერთიანა. რუსთავის პარკში შეკრებილი ასობით ადამიანისათვის ეს იდეა ისეთივე მძლავრი, ნათელი და მკაფიო იყო, როგორც საზაფხულო თეატრის კედლებზე გამოსახული კომპოზიციები.

რუსთავის ფესტივალი საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ საინფორმაციო კამპანიას გლობალური მიზნების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანება მდგრადი მომავალის მისაღწევად.