მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

საქართველოს რეგიონები მდგრადი განვითარების ახალ შესაძლებლობებს იკვლევენ

2 July 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ათასობით სტუმარი და მონაწილე ჩაერთო მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალში „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თაოსნობით 2019 წლის 7 ივნისს ამბროლაურში გაიმართა.

ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური ერთი დღით მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი აქტივობები, სემინარები და გამოსვლები გაიმართა. საფესტივალო ღონისძიებებში ჩაერთვნენ მწერლები, მხატვრები, მეცნიერები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ფერმერები, დიპლომატები და პოლიტიკოსები.

მდგრადი განვითარების ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ოფიციალურმა პირებმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საქართველოში აკრედიტირებულმა ელჩებმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საბინე მახლი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

"ამბროლაურში იმისთვის ჩამოვედით, რომ უშუალოდ ადამიანებთან, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ვისაუბროთ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, განვიხილოთ ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა და გარემოსდაცვითი მდგრადობა.  იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორი, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, მედია და  აკადემიური წრეები შეუერთდებიან ჩვენს საერთო ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად."    

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

"საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება თავის მდიდარ ბუნებას და მის შენარჩუნებას. ჩვენი მოვალეობაა ისეთ განვითარებას მივაღწიოთ, რომელიც ადამიანებსა და გარემოს დაიცავს და ჩვენს უნიკალურ ქვეყანას მსოფლიოს შეუნარჩუნებს." 

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

"მდგრადი განვითარების 17 მიზანი გლობალური დღის წესრიგია, მაგრამ მისი არსი მხოლოდ ერთი მარტივი წინადადებით გამოითქმის - მდგრადი განვითარება ყველასია, არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ინტერესი თანაბრად უნდა იყოს დაცული.  

განვითარების  შედეგებით ყველამ უნდა ისარგებლოს, მათ შორის გაჭირვებულმა და მოწყვლადმა ადამიანებმა და იმ რეგიონებმა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შედეგებით ჯერ კიდევ სრულად ვერ სარგებლობენ."      

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ირმა ხეცურიანი, მსოფლიოს ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების  საკითხებში

"ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეულ ადამიანს მივაწოდო სწორი და გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნები, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შესრულება და ზოგადად რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, თუკი  შინაგანი, პიროვნული განვითარებიდან დავიწყებთ. მაქსიმალურად ვეცდები ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ჩავაქსოვო მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციაში და მჯერა, რომ ეს შედეგს გამოიღებს."

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

არჩილ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი

"ამბროლაურში მდგრადი განვითარების ფესტივალის გამართვა მეტად  მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს რეგიონს სწორედ მდგრადი განვითარება და მეტი პოპულარიზაცია ესაჭიროება. რაჭის ძირითად გამოწვევა მიგრაცია და დემოგრაფიული პრობლემებია. მდგრადი  განვითარება აუცილებელია, რათა ეს პროცესები შევაჩეროთ და ჩვენს რეგიონს მიმზიდველობა დავუბრუნოთ - როგორც აქედან წასული მაცხოვრებლებისთვის, ასევე რეგიონის სტუმრებისთვის. მჯერა, რომ რაჭას განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს."

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

პატრიკ ფრანცენი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში

"შვეიცარია 2030 დღის წესრიგის აქტიური მხარდამჭერია და თავისი საგარეო პოლიტიკისა და განვითარების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით ბევრს აკეთებს მისი წარმატებული განხორციელებისთვის. საქართველოში ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროებია განათლება და გადამზადება, კარგი მმართველობა, ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა და კლიმატისადმი ადაპტაცია, რაც კარგ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის."

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ელიზაბეტ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში

"საქართველოს რეგიონები განვითარების უდიდესი წყაროა. ამ შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება სწორი პოლიტიკის გატარებას და მოქალაქეთა მეტ ჩართულობას მოითხოვს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი სიღარიბის შემცირების, გარემოსდაცვით პრობლემების მოგვარების და ადამიანის უფლებებისა და  თანასწორობის პრინციპების დაცვის გზაა."

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მზია შარაშიძე, თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელის მოადგილე

"საქართველოში გარემოს დაცვა ხშირად გამწვანებასთან ან დასუფთავებასთან ასოცირდება. ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ სხვადასხვა სახეობის ცხოველები ასევე საჭიროებენ დახმარებას. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა დაიწყონ გარეულ ცხოველებზე ზრუნვა დაიწყონ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოsში შენარჩუნდეს ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს  და ადამიანებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა იშვიათი სახეობების გადარჩენაზე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს და გაითვითცნობიერონ, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია."

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გიორგი ისაკაძე, სასტუმრო კომპლექსის Glamping დამფუძნებელი

"ვფიქრობ, რომ ტურიზმის განვითარების კუთხით, რაჭის მთავარ კოზირს ჩვენი ბუნება, ჩვენი ხვანჭკარა წარმოადგენს, და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ რეგიონის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ასევე, ვფიქრობ, რომ საჭიროა თანამედროვე, საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული ობიექტები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს."

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

"საქართველოში ჯერაც ბევრია  გასაკეთებელი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ქალების რაოდენობა 20 პროცენტს არ აღემატება, მაშინ, როდესაც ტექნოლოგიები ყველაზე პერსპექტიული სამუშაო სფეროა, რომელიც ეკონომიკური წარმატებისა და საკუთარი შესაძლებლობის განვითარების საშუალებას აძლევს ადამიანებს. გოგონების დაინტერესება ტექნოლოგიებით ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ეს მნიშნელოვანია არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის."