ანიმირებული სოფელი

სოფლად მცხოვრები ქალები მათი რეგიონების განვითარებაზე ზრუნავენ

15 October 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

მეღვინეობით სახელგანთქმულ ნაფარეულს სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა. ეს საქართველოს პირველი სოფელია, სადაც ანიმაციის ახალგაზრდული სტუდია გაიხსნა.

პროექტის სულისჩამდგმელი ნინო ქადაგიშვილია, რომელიც ადგილობრივ ქალთა საინიციატივო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. სულ კახეთსა და სამეგრელოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, 26 მსგავსი ორგანიზაცია მოქმედებს.

“ჩვენი პროექტის მიზანი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაა“, - ამბობს ქადაგიშვილი. „პატარა სოფელში ანიმაციის სტუდიის გახსნა ყველას სიგიჟე ეგონა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ახალგაზრდებს სწორედ ეს სჭირდებოდა - თვითგამოხატვისა და შემოქმედების შესაძლებლობა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივა”.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

ამჟამად სტუდიაში ათი ახალგაზრდა ანიმაციის ხელოვნების საწყისებს - ხატვას, სცენარის წერას, კომპიუტერულ ანიმაციასა და stop-motion ტექნიკას ეუფლება. ამ მიზნით ყოველ შაბათ-კვირას თბილისიდან ნაფარეულში ორი მასწავლებელი ჩამოდის. ბავშვებმა უკვე  დაასრულეს თავისი პირველი ფილმი "მონეტა", რომელიც ანიმაციის ეროვნული ფესტივალის „თოფუზის“ პროგრამაში შევიდა.

სტუდიისთვის საჭირო აღჭურვილობა უზრუნველყო გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოს რეგიონებში ქალთა საინიციატივო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდამჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხოლო მასწავლებლების  ანაზღაურება ადგილობრივმა თვითმმართველობამ თავისი ბიუჯეტიდან დაფარა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, UNDP-ის დახმარებით კახეთსა და სამეგრელოში 56 მსგავსი სათემო პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 100,000 აშშ დოლარს მიაღწია. ნაფარეულში ქალთა საინიციატივო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები ანიმაციის სტუდიასთან ერთად ასევე მოიცავდა საჯარო სივრცის - სკვერისა და სათამაშო მოედნის რეაბილიტაციას.

„ჩვენი საქმიანობა ძირითადად განათლებას, გარემოს დაცვასა და სოციალური საკითხების მოგვარებას უკავშირდება. ქალებს განსაკუთრებული, უფრო მგრძნობიარე და ღრმა   ხედვა გვაქვს, რაც ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - ადგილობრივი თვითმმართველობიდან პარლამენტამდე“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მისი აზრით, ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია იმ მრავალი გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც საქართველო უმკლავდება. რეგიონებში ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან სიღარიბის დონე აქ 23.7 პროცენტს აღწევს, მაშინ როდესაც ქალაქებში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლებია და 16.4 პროცენტს შეადგენს. ამას ისიც ემატება, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების 20 პროცენტს საშუალო განათლება არა აქვთ. 

საქართველოში ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ დონეზე კვლავ დაბალია და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგით, 13 პროცენტს არ აღემატება. სამაგიეროდ, სოფლად მცხოვრები ქალები აქტიურად ერთვებიან ადგილობრივ სამოქალაქო საქმიანობაში, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ  და რეგიონულ განვითარებაში მათი იდეებისა და პროექტების გათვალისწინება მოითხოვონ.

ნინო ქადაგიშვილის აზრით, ანიმაციის ახალგაზრდული სტუდია სწორედ ასეთი პროექტია, პირველი ნაბიჯი სოფლის ცხოვრების გამოცოცხლებისთვის.

***

მსოფლიოს გენდერული უთანასწორობის რეიტინგში საქართველო 153 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა. ქალების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში კვლავ დაბალია, რაც განსაკუთრებით მწვავედ ქვეყნის რეგიონებზე აისახება. ქალების 44 პროცენტი შრომის ბაზრის მიღმა რჩება, ხოლო დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი 36 პროცენტით დაბალია კაცების საშუალო ხელფასზე. ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 13 პროცენტს, ხოლო პარლამენტში 14 პროცენტს აღწევს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ ქალების პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ზრდას და საქართველოს საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას. ამ მიზნით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში.