ნარჩენების მართვით იკვრება წრე

ქალაქი რუსთავი მიმართავს ქცევით მეცნიერებას პლასტმასის ნარჩენების მართვის სრული ციკლის შესაქმნელად

6 November 2019

Photo: Nino Zedginidze/UNDP

მალე რუსთავი საქართველოს პირველი ქალაქი გახდება, სადაც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების სრული ციკლი დაინერგება.

გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ქალაქმა შესძლო ნარჩენების მართვის ჯაჭვში არსებული ხარვეზების გამოვლენა, თითოეული ეტაპის შესწავლისა და გაანალიზების გზით - მოქალაქეთა დამოკიდებულებიდან შეგროვების სისტემის გაუმართაობამდე. ამის საფუძველზე შემუშავდა პლასტმასის ნარჩენების მართვის ადგილობრივი მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს რუსთავს ყოველწლიურად 4,221 ტონა ნარჩენი პლასტმასი ადგილობრივ საწარმოში გადაამუშავოს. აქამდე, ნარჩენი პლასტმასის ეს  საკმაოდ დიდი რაოდენობა ადგილობრივ ნაგავსაყრელზე ილექებოდა. 

საქართველოს ერთადერთი საწარმო, რომელსაც პლასტმასის გადამუშავება შეუძლია, Sanitary, სწორედ რუსთავში მდებარეობს. აქვეა განლაგებული კიდევ ერთი კერძო საწარმო Caucaspack, რომელიც პლასტმასის ნარჩენებიდან საკვების კონტეინერებს ამზადებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კონტეინერების საწარმო ძირითადად საქართველოში იმპორტირებულ პლასტმასას იყენებს, ხოლო ადგილობრივი ნედლეული მის საქმიანობაში მხოლოდ მცირე რაოდენობით მონაწილეობს.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) წამოიწყო თანამშრომლობა ქალაქ რუსთავთან ნარჩენების მართვის გაუმჯობესებული და გონივრული მოდელის შემუშავების მიზნით. ინოვაციების დარგში არსებულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, ინიციატივას შეუერთდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციების ლაბორატორია „სერვისლაბი“, რუსთავის ინოვაციების ჰაბი და ქცევითი მეცნიერების დარგში მომუშავე ბრიტანული ორგანიზაცია Behavioral Insights Team.

ერთერთი მთავარი ამოცანა იმის გარკვევა იყო, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას ნარჩენების გადამუშავების მიმართ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ ქცევითი მეცნიერების მეთოდებს მივმართეთ და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორის, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები გამოვკითხეთ.

გაირკვა, რომ ნარჩენების გადამუშავების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი და ამ საკითხზე ყველაზე მეტი ინფორმაციის მქონე სოციალური ჯგუფები ხანდაზმულები და ბავშვები, ანუ ბებია-ბაბუები და მათი შვილიშვილები არიან. ამ მოულოდნელი აღმოჩენის შედეგად, ჩვენი საქმიანობის ბუნებრივ პარტნიორებად სკოლები და საბავშვო ბაღები ავირჩიეთ და პლასტმასის ნარჩენების მართვის დახვეწას მათთან ერთად შევუდექით.

ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ქალაქის 47-ვე სკოლასა და საბავშვო ბაღში ნარჩენების ყვითელი ყუთები შეიტანა, რის შედეგადაც 2019 წლის ოქტომბერში პლასტმასის ნარჩენების მასობრივი შეგროვება დაიწყო. მხოლოდ პირველი კვირის მანძილზე ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა 200 კილოგრამამდე ნარჩენი შეაგროვეს.

შეგროვების პროცესი კვლავაც გრძელდება და მას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პარტნიორთა ჯგუფი აკვირდება.  წლის ბოლოს გამოვლინდება, თუ რამდენად საჭიროა დამატებით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ამ წარმატებულად დაწყებული პროცესის გასაგრძელებლად.

ნარჩენების შეგროვებასთან ერთად, შემუშავდა შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების ახალი მოდელი. გადამამუშავებელმა კომპანიამ Sanitary მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყვითელ ყუთებში შეგროვებული ნარჩენები სკოლებიდან უფასოდ გაეტანა, ხოლო კომპანიამ Clean World ნარჩენების დახარისხება და Caucaspack-ში გადასამუშავებლად გაგზავნა ითავა.

ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სრული წრე წარმატებით შეიკრა. ამჯერად ჩვენი მიზანი იმის გარკვევაა, თუ რა პირობებით გაგრძელდება პროცესში ჩართული კერძო კომპანიების მონაწილეობა - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თუ  კომერციულ ინტერესებზე დაყრდნობით.

სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ასევე საკუთარი შეხედულება აქვთ ექსპერიმენტში სამომავლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათი აზრით, წახალისების სისტემის არსებობა ხელს შეუწყობდა პლასტმასის შეგროვებაში ჩართული მოსწავლეებისა და მათი მშობლების დაინტერესებას.

იმედის მომცემია ქალაქ რუსთავის ინოვაციებისადმი კეთილგანწყობილი ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია. ქალაქის მერია გააგრძელებს საცდელ პარტნიორობაზე ზედამხედველობას და 2020 წლიდან ამ საკითხს სრულად გადაიბარებს.

ღიად დარჩენილი საკითხების მიუხედავად, რუსთავის ექსპერიმენტი წარმატებით ვითარდება. რუსთავის მაგალითმა აჩვენა, რომ ინოვაციური მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის მოდელის შექმნა, რომელიც მომავალში სოციალურ ცვლილებას დაუდებს საფუძველს. რუსთავის გამოცდილებას UNDP სხვა მუნიციპალიტეტებსაც გაუზიარებს იმ იმედით, რომ ნარჩენების მდგრადი მართვა მთელ საქართველოში დაინერგება.