თაფლივით ტკბილი რაჭა

რაჭაში მეფუტკრეობა ახალგაზრდებს იზიდავს. მათთვის ეს დასაქმების და შემოსავლის გარდა, მშობლიურ რეგიონში დარჩენის საბაბია

10 December 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

სოფელი რთულად გამოსათქმელი სახელით „ჟაშქვა“ რაჭის მაღალმთაში მდებარეობს. ჟაშქვა კავკასიონის დიდებულ ქედებს შორისაა ჩაკარგული. გზად ციცაბო გორაკები და ბეწვის ხიდებია, რომლებიც მთის მდინარეებს გადაჰყურებს. თუმცა, ამ გზის გავლა თუნდაც იმისთვის ღირს, რომ ვანო კალმახელიძის მთის თაფლის დააგემოვნო.

ვანო 19 წლისაა. მეფუტკრეობა ახლახან დაიწყო, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მალე რაჭის ყველაზე მსხვილი თაფლის მწარმოებელი გახდება.

“არა მხოლოდ უმსხვილესი“, - ღიმილით ამბობს ვანო. “ჩვენ საუკეთესო მთის თაფლს ვაწარმოებთ. განსაკუთრებული ფუტკარიც გვყავს - ქართული მთის რუხი ფუტკარი, ენდემური სახეობა, რომელსაც ჩემი ოჯახი უკვე საუკუნეებია უვლის.“

წელს ვანომ მეფუტკრეობის პროფესიული გადამზადება გაიარა. ფერმერებისთვის შექმნილი სასწავლო კურსი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ინიციატივაა, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.

„სასწავლო კურსმა დამანახა, რომ ბიზნესიდან მოგების მიღებასა და ფუტკრების სწორ მოვლას შორის წონასწორობა უნდა არსებობდეს. ფუტკრის გარეშე მცენარეც კი არ ხარობს და ჩვენც გემრიელ თაფლს ვერ მივიღებთ“, - ამბობს ვანო.

ქართული მთის რუხი ფუტკარი კავკასიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მაგალითია.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი კავკასიის რეგიონია. გარდა ამისა, ორგანიზაცია „საერთაშორისო კონსერვაციის“ (Conservation International) მიერ განსაზღვრული ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და იმავდროულად სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, საქართველო შედის ბიომრავალფეროვნების ორ ცხელ წერტილში. საქართველოს მთებში შემორჩენილი ტყის მასივები დედამიწის ზომიერ სარტყელში უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია, რაც მათ გლობალურ მნიშვნელობას განაპირობებს.

საქართველოში ფაუნის 16,000, ხოლო მცენარეების 6,500 სახეობა აღირიცხება, რომელთა 25 პროცენტი დამახასიათებელია მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის. ქართული მთის რუხი ფუტკარი სწორედ ამ ჩამონათვალშია.

ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

გიორგი ბერუჩაშვილი ფუტკრის ენდემური სახეობების ექსპერტი და მდგრადი მეფუტკრეობის აქტიური მხარდამჭერია. UNDP-ის ხელშეწყობით, მან მეფუტკრეობის ტრენერის გადამზადების სრული კურსი გაიარა და ამჟამად ონელ ფერმერებს საკონსულტაციო, ანუ ექსტენციის მომსახურებას უწევს. გარდა ამისა, გიორგის ინიციატივითა და UNDP-ის დახმარებით, ონში  ადგილობრივი სკოლის ბაზაზე  აგრო-კლუბი შეიქმნა, სადაც თხუთმეტი ახალგაზრდა ენდემური ფუტკრის მოშენებას საიდუმლოებებს და თაფლის წარმოების ბიოტექნოლოგიებს ეუფლება. ახალგაზრდები სწავლობენ სკების ფუყე ხეებისგან შექმნის უძველეს ტექნოლოგიას - ჯარა. ასევე, აგრო-კლუბის მეშვეობით გაიმართა სამი აპი-ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„ქართული მთის რუხი ფუტკარი საოცარი ქმნილებაა. ის შედარებით პატარა, მაგრამ გამძლეა. მოკლე დროში დიდი რაოდენობით ნექტარს აგროვებს. ადაპტირებულია მთის მკაცრი კლიმატისადმი და, სასოფლო-სამეურნეო სარგებლის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნიკალური კავკასიური მცენარეების - ყვავილების, ბალახის, ხეხილის მრავალფეროვნების დაცვაში“, - ამბობს გიორგი.   

სასოფლო-სამეურნეო დარგებს შორის მეფუტკრეობა გარემოს მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული საქმიანობაა. ამავდროულად, ეს სარფიანი ბიზნესია, რომელსაც შედარებით დაბალი დანახარჯებით საკმაოდ დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია. რაჭაში მეფუტკრეობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს იზიდავს. მათთვის ეს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების წყაროა, მაგრამ ასევე მშობლიურ რეგიონში დარჩენის საბაბიც.

უკანასკნელ წლებში მაღალმთიანი რეგიონების დეპოპულაცია ნამდვილ პრობლემად იქცა. მაგალითად, რაჭამ გასული 30 წლის მანძილზე მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მსგავსი საფრთხე საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებსაც ემუქრება.

რაოდენ დიდებულიც არ უნდა იყოს მთის პეიზაჟი, ამ თვალწარმტაცი სილამაზის მიღმა ყოველდღიურობის გამოწვევები იგრძნობა. მთაში სიღარიბის დონე კვლავ მაღალია, ხოლო მოსახლეობა როგორც ეკონომიკურ, ასევე კლიმატურ გამოწვევებს უმკლავდება. საქართველოს დასახლებული პუნქტების თითქმის ნახევარი მაღალმთაზე მოდის, მაგრამ მთაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 9.7 პროცენტი ცხოვრობს.

2015 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ჩაუყარა საფუძველი. 2019 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პირველი ოთხწლიანი სტრატეგია მაღალმთიანი დასახელებების განვითარების შესახებ. სტრატეგია ითვალისწინებს 2019-2020 წლებში 240 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას მაღალმთის ეკონომიკური განვითარების, სოციალური პირობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

2016 წლიდან დღემდე საქართველოს 1,800-მდე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, ხოლო მთიან რეგიონებში არაერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

UNDP-ის დახმარება ორ მასშტაბურ პროგრამას ეყრდნობა - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროექტს, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების 5.5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით ხორციელდება, შვეიცარიის მიერ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებულ პროექტს, რომელიც პროფესიული განათლების რეფორმის გატარებასა და ფერმერებისთვის განათლებისა და კონსულტაციის (ექსტენციის) სისტემის შექმნას ემსახურება.

ორივე პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

UNDP-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დაცვასა და განვითარებას და დაეხმაროს ქვეყანას შეიმუშავოს და გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მთის ეკონომიკურ მდგრადობას, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნებს მის უნიკალურ მრავალფეროვნებას და დაიცავს ბალანსს ადამიანებსა და პლანეტას შორის.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვანოს მსგავსად, მთაში მცხოვრები ასობით ახალგაზრდა შეძლებს, რომ პირად კეთილდღეობასაც მიაღწიოს და მშობლიურ მთებსაც გაუფრთხილდეს და დაიცვას“, - ამბობს UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

„ჩვენთვის ეს ყველაზე ტკბილი საჩუქარი იქნება“.