სასამართლოდან მედიაციამდე

სამი პროფესიონალი მედიატორი საუბრობს იმაზე, თუ რა არის მათ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება უთანხმოება სასამართლო პროცესის მიღმა, ეფექტიანი, სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანი გზით გადაწყვიტონ

14 December 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

2019 წელს, მრავალწლიანი მომზადების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი მედიაციის შესახებ. ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა, ხოლო დავების გადაწყვეტის საქმეში, ადვოკატებთან და მოსამართლეებთან ერთად, კიდევ ერთი მოთამაშე გაჩნდა - პროფესიული  სერტიფიცირებული მედიატორი.   

მედიაციის კანონის მიღებასა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვას მხარს უჭერდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა. სწორედ მათი ხელშეწყობით, ამავე 2019 წელს, დაარსდა მედიატორთა ასოციაცია, რომლის მიზანია მედიატორის პროფესიის განვითარება, მედიატორთა სერტიფიცირება და მათი საქმიანობის რეგულირება და მედიაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა.

ამჟამად საქართველოში 55 სერტიფიცირებული მედიატორია. მათი დახმარებით დავაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა აქვთ უთანხმოება ეფექტიანი, სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანი გზით გადაწყვიტონ, რომელიც სასამართლო პროცესს არ მოითხოვს.

ჩვენ რამდენიმე მედიატორს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, თუ რა იყოს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათ საქმიანობაში.    

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ხათუნა სანიკიძე, ფსიქოლოგი, მედიატორი 2017 წლიდან

"ყოველთვის, როდესაც ვამბობ “მე მედიატორი ვარ“ შინაგანი სიხარული მეუფლება"

მედიატორობით დიდი ხანია მოხიბლული ვარ. ჩემი პროფესია, საქმე რომელსაც მთელი ცხოვრება მივსდევ, ჩემი პირადი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ცხოვრებისეული ღირებულებები სრულად ემთხვევა მედიაციის არსს და მედიატორისთვის საჭირო უნარებს. უნდა ითქვას, რომ ძალიან მახარებს შესაძლებლობა, რომ ვიყო მედიატორი და ქმედითად დავეხმარო ადამიანებს. განათლებით სოციალური ფსიქოლოგი, ტრენერი და აქტიური სწავლების მეთოდების სპეციალისტი ვარ. ოცდაათ წელზე მეტია სხვადასხვა ორგანიზაციებთან ვმუშაობ. კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

მედიაციის სფეროში ჩემი დახელოვნება 1995 წელს კენედის ფონდის ორგანიზებით ჩატარებული „კონფლიქტების ალტერნატიული მოგვარების“ ტრენინგების პროგრამაში მონაწილეობით დაიწყო. პროგრამაში მოლაპარაკების ხელოვნებას და სხვა ღირებულ ცოდნასთან ერთად შევიძინე კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო ფასილიტაციის უნარები. შემდეგ, 1996-1997 წლებში აშშ-ში  კონფლიქტების ანალიზის და მოგვარების ინსტიტუტში ვიყავი სამეცნიერო საგრანტო პროგრამით, სადაც უფრო საფუძვლიანად გავეცანი მედიაციის საფუძვლებს. იმ წლებში ვცდილობდი, მუდმივად გამეღრმავებინა დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების შესახებ ცოდნა. აშშ-ში მიღებულ ცოდნა გამოვიყენე სასწავლო მოდულების შესაქმნელად. წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ვატარებდი ტრენინგებს კონფლიქტების მოგვარების და მოლაპარაკებების მიმართულებით. იმ პერიოდში მედიაციის ცნება ახალი იყო, არც შესაბამისი კანონმდებლობა არსებობდა.

ჩემი სურვილი, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოში მედიაციის გაფართოება და განვითარება, არაჩვეულებრივად შესრულდა 2017 წელს ევროკავშირისა და UNDP-ის ორგანიზებით გამართულ მედიატორთა ტრენინგზე. ის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის იყო გამიზნული. ადრე მედიაცია თითქოს ჩაკეტილი წრე იყო და მხოლოდ იურისტებს შეეძლოთ ამ სფეროში მუშაობა. ამ ტრენინგის შედეგად კი ნათელი გახდა, რომ მედიაცია უაღრესად მდიდარი სფეროა, რომელიც კარს უღებს სხვადასხვა განათლების და პროფილის ადამიანს.

მედიაციის საშუალებით დავის მოგვარებისას შეიძლება დაიზოგოს სხვადასხვა რესურსი: დრო, ფინანსები, ადამიანის ენერგია. მედიაციის წარმართვის ტექნიკა და მეთოდები დამხმარე საშუალებებია მედიაციის მთავარი მიზნის მისაღწევად: მოდავე მხარეებმა ურთიერთმისაღები, ურთიერთსარგებლიანი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს დიდი შესაძლებლობაა და ასეთი სერვისის ხელმისაწვდომობა არის ის მიღწევა, რომელიც  განაპირობებს ჩვენს საზოგადოებაში ცივილური კომუნიკაციის, დიალოგის და მოლაპარაკებების კულტურის დანერგვას.

მედიაცია პრაქტიკაში სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. ყოველთვის, როცა წარმოვთქვამ სიტყვებს „მე მედიატორი ვარ!“ საოცარი შინაგანი სიხარული მეუფლება. მასში ჩემი ინტელექტუალური და ემოციური რესურსია ჩართული. მედიატორის ამოცანაა, იყოს მიუკერძოებელი, შეეძლოს საკუთარი ემოციების მართვა და სწორად გადაამუშაოს მხარეების მიერ მოყოლილი ემოციური ისტორიები.  საქმის წარმატებით დასრულება დიდი სიამოვნებაა მედიატორისთვის. შენ აცნობიერებ, რომ მოდავე მხარეები მათთვის მისაღებ შედეგამდე მიდიან. მათი ინტერესები დაკმაყოფილდა, შეიქმნა ხელშესახები, ნამდვილი სიკეთე და ღირებულება- ნეგატიური ენერგია გარდაიქმნა პოზიტიურად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში არსებობს მედიაციის რეალური გამოყენების პრაქტიკა, ის მაინც ახალ პროფესიად ითვლება. მედიატორთა ჩვენს თაობას დიდი ამოცანა გვაქვს - საზოგადოების უკეთესი ინფორმირება, სამაგალითო ქცევა, კარგი პრაქტიკის ჩვენება და დამკვიდრება.

მედიატორთა ასოციაციის შექმნა ძალიან დიდი ნაბიჯია. ასოციაციის წევრი მედიატორების კეთილი ნებითა და ძალისხმევით უკვე ბევრი ადამიანი ინტერესდება მედიატორის პროფესიით. მოლაპარაკების უნარების გამომუშავება და გაუმჯობესება ბევრ ადამიანს აძლევს სტიმულს გახდეს მედიატორი, რითაც საზოგადოებას მეტ სარგებელს მოუტანს. მიხარია, რომ ამ საპატიო პროფესიის წარმომადგენელი ვარ. მეამაყება, რომ სწორედ ასეთ საინტერესო დროს ვმუშაობ კოლეგებთან ერთად და ვუყრით საფუძველს იმ მნიშნელოვან სოციალურ ცვლილებებს, რომელიც მედიაციის განვითარების შედეგად მიიღწევა.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა ჩვენ საქმიანობას და ამ პერიოდში მედიაციის პროცესს ონლაინ რეჟიმითაც წარმატებით ვაწარმოებთ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ასევე წარმატებით გავართვით თავი, რაც კიდევ უფრო მმატებს შემართებასა და მომავლის იმედს.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

სანდრო ბიბილაშვილი, იურისტი, მედიატორი 2013 წლიდან

„ვფიქრობ, მედიაციის პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი ფაქტორი არის მხარეთა მზაობა და სურვილი დავა დაამთავრონ მორიგებით. მედიაციის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ ის არის, რომ იგი არის სრულად ნებაყოფლობითი"

მედიატორის პროფესია, პირველ რიგში, გულისხმობს ხალხთან მჭიდრო ურთიერთობას და მათ დახმარებას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. მედიატორი ეხმარება მოდავე მხარეებს, მათ წარმოდგენაში, ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნაში, იმგვარად რომ ორივე მხარე საბოლოოდ კმაყოფილი დარჩეს შედეგით. ხშირად პრობლემის არსში ჩაწვდომას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ დავის რეალური მიზეზი სხვა არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეალური მიზეზის აღმოჩენის შემდეგ კი დავის მოგვარება უფრო მარტივი ხდება. ხშირად პრობლემა შეიძლება მოდავე მხარეებს შორის ცუდი კომუნიკაცია ან კომუნიკაციის არარსებობა იყოს. მედიატორის მეშვეობით მხარეებმა შეიძლება გააცნობიერონ, რომ მათი ძირეული ინტერესები სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მედიატორის პროფესიაში ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო - ადამიანებს დაეხმარო რთული სიტუაციიდან ისეთი გამოსავლის მოძებნაში, რომელიც ყველასთვის მისაღებია და რომელიც საშუალებას აძლევს ორივე მხარეს პროცესი დატოვოს სამართლიანობისა და კმაყოფილების შეგრძნებით.

ვფიქრობ, მედიაციის პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი ფაქტორი არის მხარეთა მზაობა და სურვილი დავა დაამთავრონ მორიგებით. მედიაციის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ ის არის, რომ იგი არის სრულად ნებაყოფლობითი. თუმცა ზოგჯერ ვხვდებით პარადოქსულ შემთხვევებსაც: მხარეები ნებაყოფლობით პროცესში ერთვებიან მათი ნების გარეშე სასამართლოს ინიციატივით. ჩემი გამოცდილებით, ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვნად ნაკლებია იმის შანსი, რომ დავა დამთავრდეს მორიგებით. მეტიც, საკუთრივ მედიაციის პროცესიც უფრო რთულია, რადგან მხარეებს აქვთ განცდა, რომ მედიაცია მათ თავზე მოხვეულია, რაც ქვეცნობიერად გამოხატულებას ჰპოვებს მედიაციის პროცესისადმი დესტრუქციულ ქმედებებში.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ადვოკატის ფაქტორის გათვალისწინებაც. გამოცდილებამ დამანახა, რომ ადვოკატს გაცილებით დიდი როლის შესრულება შეუძლია მედიაციის პროცესში ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს როლი კი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. მედიატორის პრაქტიკაში შემხვედრია ადვოკატები, რომლებიც კლიენტს ეუბნებიან, რომ თუ მეორე მხარე არ დათანხმდა მორიგების მათ მიერ დაყენებულ პირობებს, მაშინ ისინი სასამართლოში დავას აუცილებლად მოიგებენ. მედიატორის მცდელობის მიუხედავად, ასეთი მიდგომა ხშირად (საზიანო) გარდამტეხ როლს ასრულებს მხარის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.

ამდენად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მედიაცია ფეხს იკიდებს, მნიშვნელოვანია მედიაციის უპირატესობებზე საუბარი, რომ მხარეებმა იცოდნენ რატომ არის მედიაციის ცდა მათთვის სასიკეთო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ნებისმიერი დავა არ არის ე.წ. ნულოვანი ჯამის თამაში (zero sum game) და რომ ერთი მხარის მოგება და მისი ინტერესების დაკმაყოფილება, არ არის მეორე მხარის წაგებასთან პირდაპირპროპორციული. შესაძლებელია, რომ ორი მოდავე მხარე დავიდან გამოვიდეს კმაყოფილი, იმ განცდით, რომ მათი ინტერესები მნიშვნელოვანწილად დაკმაყოფილებულია. ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება მათ დამოკიდებულებაზეც - როდესაც მხარეები მედიაციის პროცესში საკუთარი ნებით ერთვებიან და გახსნილები არიან მოწინააღმდეგე მხარესთან კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, დავა სრულდება მორიგებით. ადვოკატებსაც მეტი მოქნილობა და თავისუფლება ექნებათ დაეხმარონ თავის კლიენტებს მედიაციის გზით მათი ინტერესების განხორციელებაში. ბუნებრივია, ეს არ იქნება სწრაფი და ადვილი პროცესი, მაგრამ ვფიქრობ, ეს წაადგება არა მხოლოდ მედიაციას, არამედ ზოგადად საზოგადოებას.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მარიამ ბეკურაშვილი, კონფლიქტოლოგი, მედიატორი 2018 წლიდან

“მე, როგორც მედიატორს, მაქვს ისეთი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომ დავეხმარო მოდავე მხარეებს დესტრუქციული კონფლიქტი აქციონ კონსტრუქციულ დიალოგად"

მედიატორობა ჩემთვის საპატიო საქმიანობაა. მართლაც გამიმართლა, რომ საზოგადოების ცხოვრებაში ამ სახით ვარ ჩართული და იმ შეძენილი ცოდნის წყალობით,  ხალხს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ვეხმარები.

მედიაცია პირველად მაშინ გამოვცადე, როცა უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიას ვსწავლობდი. მახსოვს, პრაქტიკული სემინარი ჩაგვიტარეს, სადაც როლები გაანაწილეს. მე მედიატორის როლი უნდა შემესრულებინა. იმ დღეს სახლში სასიამოვნოდ აღელვებული დავბრუნდი, რადგან დავალება წარმატებით შევასრულე. ტაქტიკამ, რომელიც მაშინ გამოუცდელმა სტუდენტმა ავირჩიე, შემთხვევით გაამართლა. ახლა ამის გახსენება ღიმილს მგვრის. თუმცა, ის სიხარულის და კმაყოფილების გრძნობა ახლაც ისევე მძაფრად მაქვს, როგორც მაშინ. მე შევძელი, მოდავე მხარეები მორიგებამდე მიმეყვანა. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებული მედიაციის ტრენინგი.  სწორედ მაშინ მივხვდი,  რომ მედიატორობა ძალიან ახლოსაა  ჩემს ბუნებასთან, ინტერესებთან და ცხოვრების წესთან. ტრენინგის შედეგად გავიაზრე, რომ მედიატორობა საშუალებას მაძლევს, ჩემი პიროვნული თვისებები გამოვიყენო, თან ყოველ ჯერზე ახალი ცოდნა მივიღო. როცა დასრულებულ საქმეს ვაანალიზებ, კარგად ვხედავ, რა შეიძლება გავაუმჯობესო საკუთარ თავში, პროფესიულ უნარებში, რა გაკვეთილი მივიღე და როგორ გამოვიყენო სამომავლოდ. თამამად ვიტყვი, რომ მედიაციამ საკუთარი თავი მაპოვნინა.

ჩემი პირველი სამედიაციო საქმე საოჯახო სამართლებრივი დავა იყო. მახსოვს, როგორ ვემზადებოდი, როგორ ვღელავდი. ამ საქმემ მასწავლა, რომ დეტალებისადმი ყურადღება აუცილებელი უნარია. საბოლოო შედეგს კი ხშირად, ასეთი დეტალები განსაზღვრავს, რომლთა დადგენაც კითხვების სწორად დასმითაა შესაძლებელი. ემოციების და გრძნობების მართვა კიდევ ერთი ამოცანაა, რომელზეც დღემდე ვმუშაობ. სტუდენტობისას კონფლიქტის ცნება ასე აგვიხსნეს: „კონფლიქტი სოციალური ცვლილებების სათბურია. მას აქვს როგორც დესტრუქციული, ისე კონსტრუქციული ბუნება.’’ ჩემი პროფესია საკუთარი ძალების რწმენას მაძლევს. “მე, როგორც მედიატორს, მაქვს ისეთი ცოდნა და პრაქტიკული უნარები,  დავეხმარო მოდავე მხარეებს დესტრუქციული კონფლიქტი აქციონ კონსტრუქციულ დიალოგად.” მე ვეხმარები მხარეებს, რომ მათ უთანხმოების საკითხებზე ისე ისაუბრონ, რომ ამან არცერთი მხარე არ დააზარალოს და უფრო მეტიც, მათ შეთანხმების შესაძლებლობა გაუჩნდეთ და შემდეგ  ურთიერთობაც მშვიდად განაგრძონ. როგორც წესი, ასეც ხდება ხოლმე.

ჩემს მომავალ კოლეგებს წინასწარ ვულოცავ, რომ ამ სასარგებლო საქმეს მოჰკიდებენ ხელს. ჩემი სურვილია, საკუთარი თავის რწმენით შეუდგნენ მედიატორის საქმიანობას და მოდავე მხარეებს კარგად დაანახონ მედიაციის ეფექტიანობა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ განათლებასა და ტრენინგებთან ერთად, ისინი თავად განავითარებენ მედიატორისთვის საჭირო უნარებს.