იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისათვის

იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ადამიანებს კანონის წინაშე იცავს და იმედს უბრუნებს

5 November 2018

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მედეა მოსულიშვილი უსახლკაროდ დარჩენილიყო, ბორის ლელაძეს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით ამ ადამიანებმა სამართალი იპოვეს და საკუთარი ცხოვრება დაიბრუნეს. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები ათასობით სოციალურად და ეკონომიკურ დაუცველ ადამიანს კანონის წინაშე იცავენ და იმედს უბრუნებენ.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მედეა მოსულიშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარი

„ვინც სამართალს ეძებს, იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა მიაკითხოს“

მთელი ცხოვრება ჟურნალისტად ვიმუშავე. ამჟამად სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პენსიონერი ვარ. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგრამ მარტოობა და მატერიალური გაჭირვება  ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არ ყოფილა. უარესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ახლო ნათესავებმა მოტყუებითა და დაშინებით ბინა წამართვეს. საცხოვრებელი აღარსად მქონდა, ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი. გულისტკივილით ვიხსენებ, რომ ვერც რაიონულ სასამართლოში და შემდეგ ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ მივაღწიე სამართალს. სწორედ მაშინ დამჭირდა იურიდიული დახმარება.

ნაცნობების რჩევით მივმართე იურიდიული დახმარების სამსახურს. იქ უამრავი ადამიანი დამხვდა, რომლებიც ჩემსავით სამართალს ეძებდნენ.  შესვლისთანავე რამდენიმე ბედნიერი სახე დავინახე და გავიფიქრე: „ნუთუ, მეც ასეთი კმაყოფილი ვიქნები?“

მას შემდეგ ორი წელი ვიარე ამ სამსახურში პროფესიონალ კონსულტანტებთან და ადვოკატებთან, არაჩვეულებრივ ადამიანებთან, რომლებმაც თავისი სიმტკიცითა და პრინციპულობით გამაოცეს. ჩემი კონსულტანტების ადამიანურობამ, დახმარების სურვილმა და სიმართლის დადგენისკენ სწრაფვამ შედეგი გამოიღო და საქმე მოვიგეთ. ამ სამსახურის  წყალობით ჩემი ბინა დავიბრუნე, სადაც 14 წელი ვცხოვრობდი.

დიდი მადლობა იურიდიული დახმარების სამსახურს და იქ მომუშავე უაღრესად გულისხმიერ და მებრძოლ ადამიანებს. ვინც სამართალს ეძებს, იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა მიაკითხოს!

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

აკაკი ლომსაძე, ადვოკატი

„ადამიანის დახმარების სურვილი შინაგანი მოთხოვნილებაა. სწორედ ამ შეგნებით გავხდი ადვოკატი“

იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან ვმუშაობ. თავიდან კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ამჟამად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიმართულების ადვოკატი ვარ.

კონსულტანტად მუშაობის წლებს თბილად ვიხსენებ, რადგან რამდენიმე ათას ადამიანს დავეხმარე. ჩემი ადვოკატობის ისტორია ასობით წარმოებულ და დასრულებულ საქმეს ითვლის. ამჟამად დაახლოებით 90  მიმდინარე საქმეზე ვმუშაობ.

წარმატებულ საქმეებს შორის გამოვყოფდი სამოქალაქო დავის შემთხვევებს, რომლებსაც ხშირად სამართლებრივი სირთულე ახასიათებს.  წარუმატებლად  ისეთ საქმეებს ჩავთვლიდი, როდესაც პერსპექტიულ საქმეზე ბენეფიციარს, საკუთარი გადაწყვეტილებით, დავა ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუგრძელებია და საქმე ასე დახურულა.

ჩვენს საქმიანობაში ნდობის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ნდობის მოპოვების მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, პირველი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს, პირველი შეხვედრისას, ჩვენი ამოცანაა, ბენეფიციარს კარგად და ნათლად ავუხსნათ, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. ეს ქმნის ნდობის საფუძველს. რაც უფრო ხშირი ურთიერთობა გვაქვს ბენეფიციარებთან და რაც უფრო მეტი მოქმედებაა ჩვენი მხრიდან შესასრულებელი, მით უფრო მაღალია მათი ნდობის ხარისხი.

სასამართლოში მოგებული საქმე ყველასთვის სასიხარულოა. როდესაც მოსამართლე ამბობს: “სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა“, ადვოკატებსაც და ბენეფიციარებსაც ერთნაირად გვიხარია.

ვცდილობ, რომ ჩემს და ბენეფიციარებს შორის ურთიერთობა მოქნილი და ინტენსიური იყოს. მათთვის პრაქტიკულად მუდმივად ხელმისაწვდომი ვარ, რაც ჩემთვის სულაც არაა ტვირთი. ხშირად არასამუშაო დროს მიკავშირდებიან. ვცდილობ, დავეხმარო და მათ სამსახურში ვიყო. შეხვედრები, ძირითადად, იურიდიული დახმარების ბიუროში ან სასამართლოს შენობაში გვაქვს, მაგრამ, თუ საჭიროა, ჩვენს კლიენტებს სახლშიც ვაკითხავ.

ჩვენი ბენეფიციარები სულ უფრო აქტიურად სარგებლობენ ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობით. ეს შედარებით ახალი სერვისია, რომელიც მოსახერხებელია როგორც ბენეფიციარებისათვის, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისა და ადვოკატებისათვის. ბენეფიციარებს არ უწევთ სახლიდან გასვლა, მგზავრობა და შემდეგ რიგში დგომა.

ადამიანის დახმარების სურვილი შინაგანი მოთხოვნილებაა. სწორედ ამ შეგნებით გავხდი ადვოკატი. უფლებადამცველის პოზიციიდან ჩემს ადამიანურ სურვილს კანონების ცოდნა ამყარებს.

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს დაცვის უფლების გარეშე, მით უფრო ის პირები, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით დაიქირაონ უფლებადამცველი.

ჩვენი სამსახური სწორედ ამ საქმეს ემსახურება. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ფინანსურ შესაძლებლობას მოკლებულია, კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას უწევს. მიხარია, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემაქვს.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ბორის ლელაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარი

„იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მართლმსაჯულების ჯარისკაცები არიან“

1953 წელს ზესტაფონის რაიონში, სოფელ საზანოში დავიბადე. უმაღლესი განათლება მაქვს, ელექტრიკოს-მონტიორი ვარ. ამ სპეციალობით ორმოცი წელი ვიმუშავე სხვადასხვა სამსახურში, პატიოსნად და სინდისიერად ვემსახურე ჩემს კუთხეს და ქვეყანას. ამჟამად სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, რომ კვლავ გამოვადგე  ჩემს სოფელს, სადაც 1,700 კომლი ცხოვრობს. ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია: მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

2016 წლის 13 ნოემბერი არასდროს დამავიწყდება, ამ დღეს საზარელი ამბავი შემემთხვა. ჩემს სოფელში სტუმრად ერთი პიროვნება ჩამოსულიყო. მას ადრეც ვიცნობდით, როგორც საკმაოდ აგრესიულ ადამიანს. იმ დღესაც რამდენიმე შელაპარაკება მოუვიდა ისე, რომ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა. დღის ბოლოს, ყველაფერი თითქოს ჩაწყნარდა. მაგრამ გვიან საღამოს სახლში რომ ვბრუნდებოდი, უეცრად სიბნელიდან გამოვარდა და თავს დამესხა. მივხვდი, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და თავის დაცვის მიზნით მის მოგერიებას შევეცადე. შემდეგ ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში და მომხდარის შესახებ განვაცხადე. დაზარალებულად ის ადამიანი სცნეს, მე კი ციხეში ჩაჯდომის რისკის წინაშე აღმოჩნდი. ბრალად მედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სოციალურად დაუცველს, უფასო იურიდიული დახმარება მეკუთვნოდა.  მხარდაჭერისა და კონსულტაციისთვის იურიდიული დახმარების სამსახურს მივმართე. ჩემს ადვოკატთან პირველსავე შეხვედრაზე იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. მივხვდი, რომ თავისი პროფესიონალური და ადამიანური მიდგომით აუცილებლად მიხსნიდა გასაჭირისგან. მართლაც, ჩემი ადვოკატი წელიწადზე მეტი იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად.

2018 წლის 13 თებერვალს სასამართლო გაიმართა. დაცვის მხარემ თავის დასკვით სიტყვაში  ჩემი უდანაშაულობის ყველა მტკიცებულება და მოწმეების მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები წარადგინა. საბოლოოდ, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩემი ადვოკატის პოზიცია და გამამართლა. მოსამართლის სიტყვები არც კი მახსოვს. სიხარულისგან თვალებში დამიბნელდა და შეუძლოდ გავხდი.

ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის  ადვოკატები მართლმსაჯულების ჯარისკაცები არიან. ყველამ, ვისაც უჭირს და დახმარება სჭირდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ამ სამსახურს.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

თეა ყაულაშვილი, ადვოკატი

„იურიდიული დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჯანდაცვის გამართული სისტემა“

2003 წელს დავამთავრე თბილისის იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, მას შემდეგ იურიდიულ პრაქტიკას ვეწევი. იურიდიული დახმარების სამსახურში 2008-2011 წელს ვმუშაობდი და 2015 წელს ისევ აქ დავბრუნდი. ეს ჩემი ყველაზე ხანგრძლივი საადვოკატო პრაქტიკაა.

იურიდიულ დახმარებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამ წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს გავუწიეთ დახმარება. ამჟამად 100 მიმდინარე საქმე მაქვს. ეს საშუალო მონაცემია. როგორც წესი, ერთდროულად უფრო მეტ საქმეს ვუძღვები.

არის საქმეები, რომლებსაც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ემოციური სირთულეც ახასიათებს. ამის მაგალითია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვანი ბიჭის საქმე. მისი ოჯახი სამშობლოში ამოხოცეს და ბიჭი სრულიად მარტო დარჩა. წარმოშობის ქვეყნიდან მამის მეგობრის დახმარებით გამოიქცა, რომელმაც პასპორტში მისი ასაკი შეაცვლევინა, ერთი წლით მეტი ჩააწერინა და ამ გზით დაატოვებინა ქვეყანა. ბიჭი საქართველოში ჩამოვიდა და 2013 წლიდან თავშესაფარს ითხოვდა. უშედეგოდ გაიარა სასამართლოს ერთი ინსტანცია და აპელაცია, ხოლო 2016 წელს იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა. ჩვენ განმეორებით მივმართეთ სასამართლოს და, საბედნიეროდ, მისი დახმარება შევძელით. მიხარია, რომ ეს საქმე მოვიგეთ. დღეს ამ ადამიანს მიუსაფრის სტატუსი აღარ აქვს, განწირული და მარტოსული არაა და საქართველოში უსაფრთხოდ ცხოვრობს.

ბენეფიციარების ნდობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სწორი და სრული ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება. ჩვენთან აღელვებული, ხშირად დათრგუნული და განადგურებული ადამიანები მოდიან. ისინი ეჭვებითა და შიშებით არიან შეპყრობილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე საოჯახო დავას ან ოჯახურ ძალადობას ეხება. ამ დროს ადვოკატის ამოცანაა, არა მხოლოდ სამართლებრივი ფაქტები დაადგინოს, არამედ ახლობლისა და ფსიქოლოგის როლიც მოირგოს, ადამიანურად მოუსმინოს ბენეფიციარს, მისი მდგომარეობა გაიზიაროს და გულშემატკივრის პოზიციიდან ფრთხილად დაუსვას კითხვები მტკივნეულ თემაზე. სწორედ ასეთი გულახდილობა და ურთიერთნდობაა თანამშრომლობის სწორი დასაწყისი, რომელიც მომგებიანი სტრატეგიის შემუშავებას განაპირობებს.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, აფხაზეთიდან დევნილს ეხებოდა. ჩვენი პირველი შეხვედრა წარუმატებელი იყო, რადგან მოქალაქე აგრესიულად იყო განწყობილი. თანაც, არარეალურ მოთხოვნებს აყენებდა, რაც მისთვის აუცილებლად კრახით დასრულდებოდა. ვთხოვე, რომ ჩემთვის კიდევ ერთი შანსი მოეცა და შემხვედროდა, რადგან მინდოდა, რომ ჩემს პოზიციაზე დამეყოლიებინა. ასეც მოხდა. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ მას პროცესის რეალური წინსვლა დაანახა. საბოლოოდ, საქმე ჩვენ მოვიგეთ, რაც ორივესთვის ძალიან სასიხარულო იყო.

საქართველოში უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რაც იურიდიული დახმარების სამსახურს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. იურიდიული დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჯანდაცვის გამართული სისტემა.

ჩვენმა საზოგადოებამ საბჭოთა სისტემის ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა გამოიარა. ახლა ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ საზოგადოებას ვაშენებთ. ამ პროცესში იურიდიული დახმარების სამსახურს დიდი მისია აკისრია.

ვისურვებდი, რომ მომავალში ისეთ საქართველოში გვეცხოვრა, სადაც დაუცველი და გაჭირვებული ადამიანები აღარ არიან და არც იურიდიული დახმარების სამსახურია საჭირო. მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან ვჭირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს და მზად ვართ მათ დასახმარებლად.

იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტთან და იურიდიული დახმარების ყველაზე მსხვილი სახელმწიფო მიმწოდებელია საქართველოში. 12 ბიუროს, 7 საკონსულტაციო ცენტრის და პროფესიული ადვოკატებისა და კონსულტანტების შტატის მეშვეობით იურიდიული დახმარების სამსახური წელიწადში 30 ათას მეტ ადამიანს ეხმარება. იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით სარგებლობს. მათ შორისაა, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, ევროპის საბჭო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.