ფერმერის მოცვისფერი დღეები

აჭარის მცირე ფერმერები დგამენ პირველ ნაბიჯებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისაკენ

6 May 2018

ფერმერი თენგიზ მიქელაძე. ივნისი 2014. ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

“სუფთა ჰაერი, მიწის სუნი, მოსავლის მოლოდინი - ფერმერის ბედნიერება ეს არის“, - ამბობს სოფელ ბუთურაულის მკვიდრი თენგიზ მიქელაძე.

თენგიზისთვის ფერმერობა საყვარელი საქმეა. ნერგებს დიდი სიყვარულითა და ყურადღებით უვლის, სარეველებს დაუღალავად აშორებს  და თითოეულ ახლად ამოსულ ფოთოლს ამჩნევს. ახლახანს ბიძაშვილებთან ერთად ამ რეგიონისათვის ინოვაციური საქმე წამოიწყო და 3000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი მოცვის მდელოს მფლობელი გახდა.

„წარმატებული სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლებისა და ბიზნესის წარმოების უნარების გარეშე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციას ანუ ექსტენციას“, - ამბობს სოფო ქემხაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში 

თენგიზის სოფელი მაღალმთიან აჭარაშია, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე, რთული რელიეფი და მიწის ნაკვეთების სიმცირე სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებას.

„კარტოფილი მოგვყავდა, თუმცა 400 კილოგრამზე მეტი მოსავალი არასდროს მიგვიღია. ახლა მოცვის მოშენება დავიწყეთ. გვჯერა, რომ გაგვიმართლებს“, - ამბობს თენგიზი.

მიქელაძეების საოჯახო მეურნეობას ეხმარება ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). პროგრამა მთელს საქართველოში მუშაობს და მხარს უჭერს მცირე ფერმერებს, ჩამოაყალიბონ კოოპერატივები და მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ. ENPARD-ის სრული ბიუჯეტი  40 მილიონი ევროა. აქედან 3 მილიონზე მეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ხმარდება, სადაც ENPARD თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან.

„წარმატებული სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლებისა და ბიზნესის წარმოების უნარების გარეშე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციას ანუ ექსტენციას“, - ამბობს სოფო ქემხაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.

ევროკავშირის პროგრამის დახმარებით, მიქელაძეების ოჯახმა მიიღო მოცვის ნერგები და მოაწყო საირიგაციო სისტემა. ასევე ჩატარდა მათი ნაკვეთის ნიადაგის კვლევა მჟავიანობისა და ნაყოფიერების დადგენის მიზნით. მიქელაძეები კარგ მოსავალს ელოდებიან. წინასწარი გათვლებით,1000 ნერგიდან 5 ტონაზე მეტი მოცვი უნდა მოიწიონ.

რატომ კოოპერატივები

ნიადაგის შემოწმება გადასატანი აპარატით. ივნისი 2014. ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მიქელაძეების მოცვი აჭარაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. ადგილობრივი ფერმერები ამ წამოწყებას ინტერესით შეხვდნენ. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია მცირე და საშუალო ფერმერებისათვის. კოოპერატივები შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა მიზნით, მაგალითად, სანერგე მასალის შეძენა, მარკეტინგი, ახალი ბაზრის ათვისება. კოოპერაციის ფორმას განაპირობებს ფერმერთა მიზნები და ინტერესები. კოოპერატივი შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს, მეტი სარგებელი მიიღონ საკუთარი საქმიანობიდან. ხოლო ხარჯების გაზიარება ამცირებს ფინანსურ ტვირთს და ხელს უწყობს ინვესტიციებს ბიზნესის განვითარებაში. კოოპერატივი ასევე აადვილებს მცირე ფერმერთა გასვლას შედარებით დიდ ბაზრებზე. ის, რაც წარმოუდგენელია ცალკე აღებული მცირე მეურნეობისათვის, სავსებით რეალურია ფერმერთა კოოპერატივისთვის. კოოპერატივები იოლად იღებენ სესხებს, ხელი მიუწვდებათ იაფ საბითუმო პროდუქტებზე. ამასთან ერთად, ფერმერთა კოოპერატივები განთავისუფლებულები არიან რამდენიმე სახის გადასახადისგან.

2013 წელს საქართველომ მიიღო კანონი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე რეგისტრირებულია უკვე 86 ასეთი გაერთიანება.

„საქართველოში კოოპერატივებს ჯერაც ფრთხილად უყურებენ. ხშირად ადარებენ მათ საბჭოთა პერიოდის „კოლმეურნეობებს“. მაგრამ კოოპერატივი პრინციპულად  განსხვავდება კოლმეურნეობისგან. ეს ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც დემოკრატიული პრინციპებით იმართება და სადაც ფერმერი ინარჩუნებს თავის პირად სარგებელს,“ -  ამბობს ხუან ეჩანოვე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების საკითხებში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ხელს უწყობენ მიწის ნაკვეთების გაერთიანებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამის შედეგად  იზრდება მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი, ხოლო ამასთან ერთად მისი ექსპორტზე გატანის პოტენციალიც.

„რატომ ვიმუშაო მარტომ, თუ სხვებთან ერთად მეტ მოგებას მივიღებ?ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი ან სამი კიდევ უკეთესი,“ - ამბობს თენგიზ მიქელაძე.

აუთვისებელი შესაძლებლობები

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი შუახევში. ივნისი 2014. ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. თუმცა ეს მაღალი პოტენციალი ბოლო წლებში თითქმის აუთვისებელია. დღეს საქართველოში სურსათის 80 პროცენტი იმპორტირებულია, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 10 პროცენტს არ აღემატება. ამავდროულად, მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს (მოსახლეობის აღწერა 2014) და ფერმერობას მისდევს.

ასეთ მდგომარეობას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ზედმეტად მცირე ნაკვეთები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების სიმწირე, მიუწვდომელი გასაღების ბაზრები.

„სოფლის მეურნეობის საშუალებით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება, სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება, ეკო-ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა,“ - ამბობს ხუან ეჩანოვე.

2014 წელს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც ქართულ პროდუქტს გზას გაუხსნის 28 ევროპული სახელმწიფოს ერთიან შიდა ბაზარზე. თუმცა 500 მილიონზე მეტი ევროპელი მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ქვეყანამ არაერთი ვალდებულება უნდა შეასრულოს.

„მეტი ცოდნა, უკეთესი უნარები, უფრო მაღალი ტექნოლოგიები- სწორედ ამ გზით მიაღწევს საქართველო თავის მიზნებს“, - ამბობს ხუან ეჩანოვე.

ცოდნის ჰაბი

ვაშლის გადამუშავება აჭარის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალში. ივნისი 2014 ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ინგა გაფრინდაშვილი 30 წლის სამუშაო სტაჟის მქონე აგრონომია. ამჟამად აჭარის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალში მუშაობს და ხილის გადამუშავების პროცესს ხელმძღვანელობს. აგროსერვის ცენტრი გაიხსნა 2011 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა და აჭარის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით. ადგილობრივი ფერმერებისათვის ეს ინფორმაციის, კონსულტაციისა და დახმარების მთავარი წყაროა.

ქობულეთის ფილიალი მორგებულია მცირე მეურნეობების მოთხოვნებს. ფერმერები აქ იღებენ ახალ ინფორმაციას, ეცნობიან სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სწავლობენ რესურსების მართვას. წელს ძირითადი ყურადღება ეთმობა ხილის გადამუშავებას.

„ვაშლის ახალ პარტიას ველოდებით,“ ამბობს ინგა. “ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ხილის გაყინვა-გამოშრობა, დაჩირება. ფერმერებისათვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, დაზოგონ დრო და ფული.“

აგროსერვის ცენტრის განკარგულებაშია რამდენიმე სანაშენე მეურნეობა და სათბური. გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობით აქ მიმდინარეობს ჩინეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან შემოტანილი ხილის ახალი ჯიშების - მანდარინის, ლიმონის, ყურძნის, მოცვის მოყვანა.

„70 წლის ხანდაზმული ჯიშები შეიცვლება ახალი, ჯანმრთელი ნერგებით, რომლებიც მოსავალს უფრო ადრე იძლევა და შესაბამისად, ექსპორტისთვის მომგებიანია. სანაშენე მეურნეობებში და სათბურებში ასეთი ჯიშების ათასობით ნერგს გამოვიყვანთ და შემდეგ ადგილობრივ ფერმერებს შეღავათიან ფასებში გადავცემთ,“ - ამბობს გოჩა ბერიძე, აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი.

მოსავალი და გასაღების ბაზარი ყველა ფერმერის მიზანია.ამ მხრივ საკონსულტაციო მომსახურება ანუ ექსტენცია სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის სწორედ ის რგოლია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს მცირე ფერმერებს. სამი წლის მანძილზე აგროსერვის ცენტრის საკონსულტაციო ოფისები აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ინფორმაციისა და რჩევისთვის მათ ათასობით ფერმერი აკითხავს.

სოფო ქემხაძის თქმით: „ჩვენი მთავარი მიზანია შესაძლებლობების შექმნა, ცოდნისა და ინფორმაციის გავრცელება, და თანამშრომლობის ხელშეწყობა ყველას სასარგებლოდ.“