წარმატების შესაძლებლობა

გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარია და ავსტრია მხარს უჭერენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეწარმეებს

1 July 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

თამაზ გაბლაია არ თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ფეხი დავკარგე, მაგრამ ფეხბურთს მაინც ვთამაშობ“, - ამბობს ღიმილით. ასეთი განწყობა ეხმარება, რომ ტრავმა დაძლიოს და წარმატებასაც მიაღწიოს. საკუთარი ბიზნესის წამოწყებამ თამაზს საკუთარი თავის რწმენა შესძინა და ოჯახის სარჩენად შემოსავლის წყარო გაუჩინა.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

თამაზ გაბლაია აფხაზეთის რეგიონიდან დევნილია. კონფლიქტს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოექცა და ზუგდიდში დასახლდა. „აქ რომ ჩამოვედით, არაფერი გვებადა. ყველაფერი თავიდან დავიწყეთ“, - იხსენებს თამაზი. დღეს მას მცირე მეურნეობა აქვს, რომელიც ადგილობრივი ბაზარს ბოსტნეულით ამარაგებს.

წელს გაბლაიამ სათბურის აშენებაც მოახერხა, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისგან მიღებული დაფინანსებით დაეხმარა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დახმარებით სულ თოთხმეტმა მცირე საწარმომ ისარგებლა, რომელთა მფლობელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები არიან. გაცემული გრანტების ღირებულებამ 44,000 აშშ დოლარი შეადგინა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს იდეების ჩამონათვალშია სატბორე მეურნეობა, თაფლისა და ჩირის წარმოება, საკონდიტრო წარმოება და რეწვის სახელოსნოები. UNDP-მ გრანტის გაცემის მოქნილი მექანიზმი შეიმუშავა და პოტენციურ ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის კონსულტაციაც გაუწია. ასეთი მიდგომის შედეგად, საგრანტო პროგრამით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადმა ჯგუფებმა ისარგებლეს.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

სოფელ გრიგოლისში, ემა გულუამ ფუტკრის ოცი ოჯახი შეიძინა და საკუთარი მეფუტკრეობა წამოიწყო.

„ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ცივ ნაკადულში ვიბანავე და ავად გავხდი. მას შემდეგ ბრონქული ასთმა მაქვს, სუნთქვა მჭირს. ბიზნესის დაწყების შემდეგ, უფრო თავდაჯერებულობა მომემატა. ვიცი, რომ შემიძლია ვიმუშაო, თავიც ვარჩინო და სხვებსაც დავეხმარო“, - ამბობს ემა.

2020 და 2021 წლები საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  ქვეყანა ჯერაც ცდილობს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას. სამუშაო ადგილები მცირდება, ხოლო შემოსავლები იკლებს. შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რომლებიც ხშირად მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად არიან. ამას ისიც ემატება, რომ სოფლად მცხოვრებ შშმ პირებს თითქმის არ მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, კონსულტაციასა თუ გადამზადებაზე, რის გამოც ისინი არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ვერ იყენებენ.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ზუგდიდში, UNDP-ის ხელშეწყობით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეწარმეთა ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც შშმ პირებს მათი ბიზნეს იდეების დამუშავებასა და განხორციელებაში ეხმარება. 2020 წელს, ასოციაციის ხელშეწყობით თხუთმეტმა მეწარმემ ისარგებლა და წარმატებული ბიზნეს-პროექტები განახორციელა.

ასოციაციის დამფუძნებელი, რუსლან საჯაია, თავად ეტლით მოსარგებლე და წარმატებული ბიზნესის მფლობელია. მის სამკერვალო საწარმოში ექვსი შშმ პირი მუშაობს.

„ვეხმარებით შშმ პირებს, რათა მათ აქტიური ცხოვრებაში ჩართვა და ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ“, - ამბობს რუსლან საჯაია.

UNDP-ის მიერ 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში, საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. გაიზარდა როგორც მიმღებლობა, ისე ცნობიერება. ამ დადებითი ცვლილების მიუხედავად, შშმ პირები ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და მარგინალური ჯგუფია. ფიზიკურ ბარიერებთან ერთად, ისინი ხშირად სტიგმასა და უთანასწორობას აწყდებიან.

„დასაქმება და შემოსავალი გადამწყვეტია იმისთვის, რომ შშმ პირებმა სრულად  განახორციელონ თავის ეკონომიკური და სოციალური უფლებები. შეზღუდულმა შესაძლებლობამ არ უნდა დააბრკოლოს არც ადამიანის უფლებების რეალიზება, არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და არც პირადი პოტენციალის, ნიჭისა თუ უნარის გამოყენება“, - აცხადებს UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა.

შშმ მეწარმეთა ხელშეწყობა განხორციელდა UNDP-ის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.