ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ელექტრონული საჯარო სივრცე

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი my.gov.ge ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამთავრობო ვებგვერდია საქართველოში. მხოლოდ 2020 წლის მანძილზე ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სერვისების მოხმარება 40 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ყოველდღიური ვიზიტების რიცხვმა 30 ათასს მიაღწია.

პორტალის ასეთი წარმატება განპირობებულია იმით, რომ my.gov.ge ელექტრონული სერვისების სივრცეა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს, ორგანიზაციებსა და კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა სახის მომსახურებაზე - იქნება ეს პასპორტისა და ID ბარათის მისაღებად საჭირო განაცხადის შეტანა, თუ ახალი ბიზნესისა ან მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

my.gov.ge 2012 წელს შეიქმნა და ელ. სერვისებისა და ციფრული მმართველობის ინოვაციური ხელსაწყოს სახელი იმთავითვე დაიმკვიდრა. მარტივად გამოსაყენებელმა ვებგვერდმა, სადაც ყველა ელექტრონული სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, საზოგადოების მყისიერი ინტერესი გამოიწვია. პორტალის გამოყენება სტაბილურად იზრდებოდა გასული წლების მანძილზე, რაც, უმეტესწილად, სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ განხორცილებულ რეფორმებსა და ინტერნეტის მოხმარების ზრდას უკავშირდებოდა.

2020 წლის მარტი, როდესაც საქართველომ პანდემიის შედეგად განვითარებული კრიზისის ფონზე სრული „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, გარდამტეხი გახდა my.gov.ge-ის განვითარებისთვის. ათასობით მოქალაქისა და ბიზნესისთვის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი ყოველდღიური პრობლემებიდან გამოსავალი აღმოჩნდა.

„ელ. სერვისები დროის დაზოგვის საშუალებაა. თუმცა, პანდემიის დროს ეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის საშუალებაც გახდა“, - ამბობს თბილისის მაცხოვრებელი და my.gov.ge-ის მუდმივი მომხმარებელი დიმიტრი ღონღაძე.  

„ელ. სერვისებს ყოველთვის ვიყენებდი, my.gov.ge-ის ერთერთი პირველი მომხმარებელი ვარ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ხშირად მიწევს. პანდემიის დროს უბრალოდ სხვა გზა არაა“, - აღნიშნავს ღონღაძე.

2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე საქართველოს მოქალეებმა ელექტრონული სახელმწიფო სერვისები 122,000-ჯერ გამოიყენეს, რაც ამავე წლის იანვარ-მარტის მონაცემებს 30 პროცენტით აღემატება.

სერვისების გამოყენებასთან ერთად, გაიზარდა მათი სპექტრი და რაოდენობა. თუ 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომი იყო 468 ელ. სერვისი, 2020 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 700-მდე გაიზარდა. აქედან 133 ახალი სერვისი პორტალს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით დაემატა.

ახალმა სერვისებმა საგრძნობლად გააფართოვა მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ციფრული შესაძლებლობები. მაგალითად, ინოვაციური ელექტრონული აპოსტილის დანერგვის შედეგად, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ონლაინ დაამოწმონ  და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოიყენონ საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ გაცემული 100-ზე მეტი დასახელების დოკუმენტი.

UNDP-ის ხელშეწყობა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება. პანდემიის დროს შექმნილი ვითარების ფონზე, ამ დახმარების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ელექტრონული სერვისების მიწოდების განვითარებასა და ახალ რეალობასთან ადაპტირების ხელშეწყობას, საჯაროთა მოხელეთა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით.

UNDP აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორ ქვე-უწყებასთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ციფრული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარებაში - ციფრული მმართველობის სააგენტოსთან, რომელიც ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის my.gov.ge-ის მართვას ახორცილებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას კვალიფიციური  სანდო  ელ. სერვისების მიწოდებაზე და სამოქალაქო რეესტრის მართვაზე.

„მომხმარებელზე ორიენტირებული ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო და წარმატებით ხორციელდებოდა. კორონავირუსმა ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა. ის, რაც ადრე სასურველი იყო, ამჟამად აუცილებლობად იქცა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სისტემის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც, ყველა მოქალაქე მიიღებს ადვილად მისაწვდომ, ხარისხიან და უსაფრთხო სერვისს, როგორც ქალაქსა თუ სოფელში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ”, - აცხადებს UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

კიბერუსაფრთხოება, როგორც აუცილებლობა

უდავოა, რომ თანამედროვე სამყაროში ციფრული გადაწყვეტები სხვადასხვა პრობლემის მოგვარების გზაა, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე საჯარო მოხელეებისა და ბიზნესისთვის. ამ მოსაზრებას საქართველოს გამოცდილებაც ადასტურებს, განსაკუთრებით, ქვეყნის უახლესი მიღწევები ინოვაციური და მომხმარებელზე მორგებული სერვისების მიწოდების მიმართულებით.

თუმცა, აშკარაა ისიც, რომ ციფრული სფეროს განვითარებას ახალი საფრთხეებიც მოყვება, რომლებიც ძირითადად ინფორმაციის დაცვასა და კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ზურაბ სანიკიძის, აზრით, კიბერუსაფრთხოება ელექტრონული სერვისების განვითარების განუყოფელი ნაწილია.

„ამჟამად, პირად მონაცემთა დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია ონლაინ სივრცეში, რამაც განაპირობა, კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა მუშაობა ამ ინფორმაციის დაცვის ხარისხის მეტად უზრუნველსაყოფად. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონაცემთა ეფექტიანი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია სერვისის მიწოდების საიმედოობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით“, - აცხადებს სანიკიძე.

UNDP-სა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეისწავლა გარე და შიდა კიბერსაფრთხეები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გავლენა იქონიონ სახელმწიფო ელ. სერვისებზე და ამის საფუძველზე გააძლიერა პრევენციისა და დაცვის შიდა სისტემები. გარდა ამისა, სააგენტომ შეიმუშავა მონაცემთა შეგროვებისა და მართვის ერთიანი სტანდარტი, რომელიც მომავალში ყველა საჯარო უწყებაში დაინერგება.

ამავე პერიოდში, ციფრული მმართველობის სააგენტომ, UNDP-ის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელშეწყობით, წამოიწყო საგანმანათლებლო პროექტი elearning.gov.ge, რომელიც ფართო საზოგადოებას, მათ შორის, საჯარო მოხელეებს, უნივერსიტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებს სთავაზობს ონლაინ სასწავლო პროგრამებს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, კიბერჰიგიენის, რისკების მართვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის  საკითხებში.

„ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებისა და კიბერ შეტევებისაგან დაცვის მექანიზმების შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ციფრული წიგნიერების გაზრდის გარეშე მათი გამოყენება ნაკლებად ეფექტიანი იქნება. საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით მოქალაქეები მოსალოდნელ კიბერსაფრთხეებს გაეცნობიან და ონლაინ სივრცეში საკუთარი თავის დაცვას შეძლებენ“, - აღნიშნავს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ გაგნიძე.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

„ფრონტი“ და „ბექი“

ციფრული გადაწყვეტების გამოყენება ცვლის საჯარო სექტორს და სისტემურ გავლენას ახდენს როგორც ფრონტ, ასევე ბექ ოფისებზე, ანუ როგორც მოქალაქეებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთობაზე, ასევე ამ უწყებების შიდა მართვის სისტემებზე.

დღეს საქართველოს საჯარო სექტორი ელექტრონულ მართვაზე გადადის და სულ უფრო ხშირად იყენებს ციფრულ პლატფორმებს, რომლებიც საჯარო მოხელეებს მათი მოვალეობების შესრულებაში ეხმარება.

საჯარო სექტორში უკვე დაინერგა ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა - eHRMS - რომლის გამოყენებითაც ხორციელდება საჯარო მოხელეთა შეფასება, მათი პროფესიული განვითარების მართვა და საჯარო სამსახურის მონაცემთა გენერირება ‘სმარტ’ ანგარიშგების მეშვეობით. 2021 წელს ამოქმედდება კიდევ ორი ციფრული პლატფორმა - მონიტორინგისა და შეფასების (M&E) სისტემა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართული მოხელეებისთვის და ონლაინ სწავლების პლატფორმა, რომელზეც თავმოყრილი იქნება საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამები.

ამ სიახლეთა დიდი ნაწილი ინერგება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით. ელექტრონული სერვისებისა და სისტემების განვითარება საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილია და UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორცილდება.

გარდა ამისა, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, UNDP ეხმარება საჯარო უწყებებს მათი სატელეკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესებაში და ასევე ხელს უწყობს მუნიციპალური მოხელეებისთვის განკუთვნილი ელექტრონული პლატფორმების შექმნას.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

რას ველოდოთ მომავალში?

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პანდემიამ საგრძნობლად დააჩქარა ისედაც გარდაუვალი ციფრული გარდაქმნა. ის რასაც პანდემიის დაწყებამდე წლები დასჭირდებოდა, ახლა შესაძლოა თვეებში დასრულდეს.

ბევრ დადებით შედეგთან ერთად, დიგიტალიზაციის ესოდენ სწრაფი და ხშირად სპონტანური პროცესი ახალ გამოწვევებსაც ქმნის და საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას ავლენს.

ციფრული უთანასწორობა უკვე განხილვის საგანია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც ინტერნეტის მოხმარება საშუალოდ 40-დან 70 პროცენტამდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთ რეგიონში 15 პროცენტს არ აღემატება.

კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა და ამ მხრივ საზოგადოების განათლება ასევე მეტ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში საქართველო შეიტანს ცვლილებებს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში.

ერთი მხრივ, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს გამოცდილებით ისარგებლოს, რადგან ბევრი ქვეყანა მსგავს მდგომარეობაში იმყოფება და „ციფრული გარღვევის“ საკითხებს სწორედ პანდემიის პერიოდში აგვარებს.

მეორე მხრივ, საქართველოს თავად შეუძლია გახდეს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების განვითარების სფეროში დაგროვებული წარმატებული გამოცდილების საფუძველზე.

Icon of SDG 16

Explore more

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი