დღიდან დღემდე

ჭუბურხინჯის სკოლა, გაგრის საავადმყოფო, გალის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი აფხაზეთში - გაეროს დახმარება მოსახლეობის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს პასუხობს

12 March 2018
დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ


ნანა ცხაროზია ცხოვრობს აფხაზეთის სოფელ ჭუბურხინჯში, ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მახლობლად. ის ადგილობრივ სკოლაში მუშაობს და დაწყებით კლასებს  უკვე თვრამეტი წელია ასწავლის. ნანამ კარგად იცის, რომ სასწავლო პროცესი ლამაზი და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახით იწყება. მაგრამ სკოლაში სისუფთავის დაცვა არც ისე იოლია, რადგან შენობა ძველი და გაურემონტებელია.

აქცენტები

  • წელს ჭუბურხინჯის სკოლა მოსწავლეებს დახვდება ახლადშეღებილი კედლებით, შეკეთებული სახურავითა და განახლებული საკლასო ოთახებით.
  • გალისა და გაგრის საავადმყოფოებში განახლდა და ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა სამშობიარო პალატები.
  • ამოქმედდა მობილური ლაბორატორიები, რომლებიც სოფლიდან სოფელში გადაადგილდება და ატარებს ტესტირებას აივინფექცია/შიდსზე, ჰეპატიტსა და სხვა გადამდებ დაავადებებზე. 12 თვის მანძილზე, მათი მომსახურებით 4,200-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
  • გალსა და ოჩამჩირეში გაიხსნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრები.

წელს ჭუბურხინჯის სკოლა მოსწავლეებს დახვდება ახლადშეღებილი კედლებით, შეკეთებული სახურავითა და განახლებული საკლასო ოთახებით.

„ჩვენი სკოლა ძალიან ძველია. რემონტის გაკეთებას საკუთარი ძალებით ვცდილობდით, მოსწავლეების მშობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით შესანიშნავი რემონტი გავაკეთეთ. სკოლის შენობა მზესავით ბრწყინავს’, - ამბობს ნანა ცხაროზია.

ცოტა ხნის წინ ნანა ცხაროზიამ გაირა სასწავლო კურსი დამწყები მეწარმეებისთვის და ახლადშეძენილი ცოდნით სკოლაში სამკერვალო სახელოსნის გახსნას აპირებს. 

„რამდენიმე მოსწავლემ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ კერვა ისწავლოს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს პროექტი მოგებასაც მოგვიტანს,“ ამბობს ნანა.

ჭუბურხინჯის სკოლა, ისევე როგორც ბევრი სხვა, სარგებლობს გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით. 

მოშლილი ინფრასტრუქტურა და სიღარიბე - ასეთია შეიარაღებული კონფლიქტის, სოციალური არასტაბილურობისა და ბოლო 20 წლის მანძილზე მოუგვარებელი ეკონომიკური პრობლემების შედეგი.

ევროკავშირისამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსშვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და რუმინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა უშუალოდ მოსახლეობასთან მუშაობს,რათა აუცილებელ საჭიროებებს უპასუხოს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს ისეთი ძირითადი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დახმარება, წყალი და სანიტარული პირობები. პროგრამა ეხმარება მიიღონ ადამიანებს უკეთესი განათლება  და გაიუმჯობესონ დასაქმების პერსპექტივები.

„ინფრასტრუქტურა, სამედიცინო მომსახურება და განათლება - ეს განვითარების ძირითადი წინაპირობებია“, - ამბობს ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე.

ჯანდაცვა და სამედიცინო მომსახურება აფხაზეთში უმნიშვნელოვანესი საკითხია. სოფლის ამბულატორიები მოუწყობელია, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაც იგრძნობა. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ვერც ინფორმაციას იღებს და ვერც სათანადო მომსახურებას.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გალისა და გაგრის საავადმყოფოებში სრულად განახლდა და ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა სამშობიარო პალატები.

ასევე ამოქმედდა მობილური ლაბორატორიები, რომლებიც სოფლიდან სოფელში გადაადგილდება და ატარებს ტესტირებას აივინფექცია/შიდსზე, ჰეპატიტსა და სხვა გადამდებ დაავადებებზე. 12 თვის მანძილზე, მათი მომსახურებით 4,200-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

„კრიზისულ რეგიონებში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შანსი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ“, - ამბობს ინიტა პაულოვიჩა.

თემურ არშბა CISCO-ს ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული სპეციალისტია აფხაზეთში. თავის მშობლიურ გალში ის საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის. თემური დარწმუნებულია, რომ განათლებას სასიკეთო ცვლილებები მოაქვს.

„ეს CISCO-ს პირველი ქსელური აკადემიაა აფხაზეთში. ამჟამად ასი მსმენელი გვყავს და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება“, - ამბობს თემური.

გალის ცენტრის წარმატების შემდეგ, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება კიდევ ოთხ ცენტრში გაიხსნა.

ოჩამჩირეში ასეთი ცენტრი  მაგნიტივით იზიდავს ბავშვებსა და მოზარდებს ახლომდებარე სოფლებიდან.

„ახალგაზრდებმა ღირსეული განათლება უნდა მიიღონ, კომპიუტერთან მუშაობა უნდა ისწავლონ. ამისთვის გულხელდაკრეფილი არ უნდა ისხდნენ. სჯობს სასწავლო კურსი გაიარონ  და ახალ ცოდნას დაეუფლონ“, - ამბობს მათი ტრენერი ლიკა ბუავა, რომელმაც წარმატებით დაასრულა CISCO-ს სასწავლო კურსის პირველი ეტაპი გალში და ახლა კომპიუტერის საფუძვლებს ოჩამჩირეში ასწავლის.

განათლება და ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და პროფესიული უნარები - გაეროს განვითარების პროგრამის ეს მრავალმხრივი მიდგომა ათასობით ადამიანს ეხმარება. 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია მთელ რიგ საკითხებში. ეს დახმარება ხშირად გაუხმაურებელია, ხანდახან არაღიარებულიც კი. მაგრამ მას მადლიერებით იღებენ ისინი, ვისთვისაც ასეთი ხელშეწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

აფხაზეთს კვლავაც ატყვია ომის კვალი, მაგრამ ადამიანები ყოველდღიურ პრობლემებს უმკლავდებიან და მომავალს შესცქერიან. იმ მომავალს, სადაც ახალ შესაძლებლობებს ხედავენ თემურ არშბა, ნანა ცხაროზია და მრავალი სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში.