ერთი წელი ომის შემდეგ

ათასობით გადაადგილებული პირი თავიდან აშენებს ცხოვრებას დევნილთა დასახლებებში

5 April 2018
გადაღებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2- თან თანამშრომლობით. 2009 წლის ოქტომბერი


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 150 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლ-კარის დატოვება. უკან დაბრუნება მხოლოდ  ნაწილმა შეძლო. 30 ათასზე მეტი დღესაც დევნილია.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი განსაკუთრებით დააზარალა, მოშალა ინფრასტრუქტურა, ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას და ათასობით ადამიანი - დევნილიც და ადგილობრივი მაცხოვრებელიც, შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა.   

აქცენტები

  • 2008 წლის აგვისტოს ომმა 30 ათასი ადამიანი დევნილად აქცია.
  • ევროკავშირის დაფინანსებითა და საკუთარი რესურსებით, გაეროს განვითარების პროგრამამ ომის დასრულებისთანავე აღმოუჩინა დახმარება დაზარალებულ მოსახლეობას.
  • დაიწყო ინფრასტრუქტურის - სკოლების, პოლიკლინიკების, წყლის არხების შეკეთება. ადგილობრივმა ფერმერებმა მოახერხეს 650 ჰექტარი მიწის დამუშავება.
  • განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გადამზადების პროგრამებს და დასაქმებას მათთვის, ვინც ომის შედეგად უმუშევარი დარჩა.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება ომის შედეგად განვითარებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე.

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომების პარალელურად, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ომის პირველივე დღეებიდანვე დაიწყო და დევნილებს სასმელი წყლით, საკვებით, პირველადი მოხმარების საგნებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფდა. ამას თან სდევდა სხვა აქტივობებიც, რომელიც მიზნად ისახავდა უფრო გრძელვადიან შედეგებს - სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას.

ევროკავშირის დაფინანსებისა და საკუთარი რესურსების მეშვეობით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხუთდღიანი ომის დასრულებისთანავე შეძლო დახმარება აღმოეჩინა დაზარალებული მოსახლეობისათვის.

ადრეული აღდგენის პროგრამის შედეგად დაიწყო ინფრასტრუქტურის - სკოლების, პოლიკლინიკების, სასმელი და საირიგაციო წყლის არხების შეკეთება, ხოლო ადგილობრივმა ფერმერებმა შეძლეს მიწის დამუშავება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გადამზადების პროგრამებს და მოკლე ან გრძელვადიანი დასაქმების უზრუნველყოფას მათთვის, ვინც კონფლიქტის შედეგად უმუშევარი დარჩა. 

გოჩა პეტრიაშვილი ცხინვალის მახლობლად მდებარე სოფლის, ნულის მკვიდრია. 2008 წლის აგვისტოში მისი სოფელი მთლიანად დაიწვა, ხოლო თავად გოჩამ ოჯახთან ერთად თავი შეაფარა ახალსოფლის დევნილთა დასახლებას. გოჩა აპირებს ხორბლის მოყვანას. სესხის სახით მიღებული 1000 ევრო მან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს მოახმარა.

დევნილთა უმეტესობა მცირე ფერმერია. ომს გამოქცეულებს ყველაფრის დატოვება მოუწიათ - სახლის, ვენახების, ხილის ბაღებისა და საქონლის. ამჟამად მათი ერთადერთი იმედი მცირე საკარმიდამო ნაკვეთებია.

შოთა შერაზადიშვილი დევნილია ხეითიდან. ომის დაწყებისთანავე მეუღლე და ოთხი ქალიშვილი სამშვიდობოს გაიყვანა, ხოლო თავად სოფელში დარჩა საკუთარი სახლისა და მეურნეობის დასაცავად. ავიაშეტევის დაწყების შემდეგ, მას მაინც მოუწია ხეითის დატოვება. თელიანის დასახლებაში შოთას ოჯახს მცირე ნაკვეთი აქვს, სახლი მეტ-ნაკლებად მოწყობილია ზამთრისთვის. შოთას მეუღლემ ეზოში ყვავილები მოაშენა. ამბობს, რომ ეს პატარა ყვავილნარი  ახსენებს სახლში დარჩენილ ვარდების ბაღს.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, ოთხმოცდაათამდე დევნილმა ოჯახმა შეძლო ბოსტნებისა და ხეხილის ბაღების გაშენება. გარდა ამისა, დამუშავდა 650 ჰექტარი მიწა და შეკეთდა საირიგაციო არხები, რომლებიც  სარწყავ წყალს აწვდიან როგორც დევნილთა დასახლებებს, ასევე ახლომდებარე სოფლებს.

ზეინაბ ხუბაევი ეთნიკურად ოსია, ხოლო მისი მეუღლე - ქართველი. 2008 წლის აგვისტომდე ზეინაბის ოჯახი ცხოვრობდა ცხინვალის მახლობლად, ეთნიკურად შერეულ სოფელ ჭარებში. ომის დროს ჯერ ტყეში იმალებოდნენ, ხოლო შემდეგ საქართველოს ჯარს გორისკენ გამოყვნენ ისე, რომ სახლიდან ვერც ერთი ნივთი ვერ წამოიღეს. შვილების ნათლობის ჯვრებს ზეინაბი განსაკუთრებით დარდობს. ამბობს, რომ დახმარებას იღებს, მაგრამ მაინც იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან თავის საკუთარ სახლს დაუბრუნდება. 

ბევრი დევნილი ზეინაბის მსგავსად იმედით უყურებს მომავალს, მაგრამ წარსულსაც ვერ ივიწყებს. დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მუდმივად ახსოვთ, რომ კიდევ ერთი ზამთრის გატარება მოუწევთ სახლიდან შორს, დევნილთა დასახლებებში.