საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი განვითარების ახალი ტრაექტორიის წინა ხაზზე

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს მუნიციპალიტეტების მიმზიდველობის გაზრდას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ინვესტორებისთვის

17 March 2022

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მიზნობრივ დახმარებას მიიღებს. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა მუნიციპალურ განვითარებაში სისტემური მიდგომების დანერგვასა და მდგრადი და ინკლუზიური მოდელების შექმნას მოხმარდება.

ამ დახმარების ფარგლებში, ბათუმი და ქუთაისი მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნიან და მათ დანერგვას დაიწყებენ, რისთვისაც თითოეული მათგანი 225,000 ევროს მიიღებს.

რუსთავი, სამტრედია, ფოთი და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.

კიდევ ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და ონი, დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს, ხოლო ონი - ადგილობრივი ბიზნეს-კლასტერების განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე.  

საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ ქვეყანაში (ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში) 2021 წელს ჩატარებული რეგიონული კონკურსის შედეგია. საკონკურსო წინადადებები ოთხივე ქვეყნის 300-მა მუნიციპალიტეტმა წარადგინა. აქედან ექვსმა მუნიციპალიტეტმა მიიღო დაფინანსება მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელების შექმნისთვის, ხოლო 14 ჩაერთო ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries).

კონკურსის ჩატარების დროს, M4EG რეგიონულ ქსელში გაერთიანებული იყო საქართველოს 48 მუნიციპალიტეტი. მას შემდეგ, ქსელს კიდევ შვიდი ქართული მუნიციპალიტეტი შეემატა და მათი რიცხვი 55-მდე გაიზარდა.

„საქართველოს რეგიონებს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ, თუმცა ამ შესაძლებლობების სრულად ათვისება ჯერაც არ ხდება. “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების განვითარებას პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ახალი გზების გამონახვას და ევროკავშირის ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

„მივესალმებით გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს და წარმატებას ვუსურვებთ მათი ინოვაციური იდეების განხორციელების საქმეში. მუნიციპალიტეტები კომპლექსურ გამოწვევებს უმკლავდებიან და ჩვენი ხელშეწყობაც შემოქმედებით და დინამიურ მიდგომებს უნდა ეყრდნობოდეს. M4EG ქსელი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მის წევრებს, რათა ზრდის ახალი ტრაექტორიები აღმოაჩინონ, მწვანე ეკონომიკისა თუ ციფრული გარდაქმნის რეალობა გაითვალისწინონ და დაფინანსების ახალი შესაძლებლობები მოიძიონ“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, მუნიციპალური განვითარების მიმართ ერთიანი მიდგომის კონცეფციას ეყრდნობა. ეს მიდგომა ცნობილია, როგორც ურთიერთდაკავშირებული ინტერვენციების პორტფელი და ცალკე მდგომი, იზოლირებული პროექტების განხორციელებას გამორიცხავს. ამის მაგივრად, მუნიციპალიტეტები ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემურ გადაწყვეტებს ეძებენ.

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, M4EG ინიციატივაში ჩართული მუნიციპალიტეტები ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მუნიციპალურ გეგმებს შექმნიან, სტრატეგიულ აზროვნებასა და მიდგომებს განავითარებენ და ურბანული მდგრადობის გაზრდას შეძლებენ.

M4EG ინიციატივის განხორციელებას ასევე წვლილი შეაქვს ევროკავშირის სხვა პროგრამების წარმატებაში, რომლებიც საქართველოს რეგიონების განვითარებისა 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მიზნებს ემსახურება.        

დამატებითი ინფორმაცია M4EG ინიციატივის  შესახებ:

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წლიდან, M4EG ინიციატივის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უძღვება, ევროკავშირთან (EU), ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

საქართველოში:

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):

  • ანტონ სიდორენკო, M4EG კომუნიკაციის ხელმძღვანელი, anton.sydorenko@undp.org

საკონტაქტო ინფორმაცია M4EG ინიციატივით დაინტერესებული პირებისთვის:

საქართველოში:

  • ირაკლი ხმალაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, irakli.khmaladze@eeas.europa.eu
  • თინათინ ტყეშელაშვილი, UNDP, M4EG პროექტის მენეჯერი საქართველოში, tinatin.tkeshelashvili@undp.org

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):