ციფრული ტექნოლოგია ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერთა განათლებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის მთავრობა ხელს უწყობენ ფერმერებისთვის საექსტენციო სერვისების განვითარებას საქართველოში

5 March 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ათასობით ქართველი ფერმერი ისარგებლებს განახლებული საკონსულტაციო და სასწავლო სისტემით, რომელიც ცნობილია, როგორც სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია. მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პაკეტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ დღეს წარადგინა.

ექსტენციის სისტემის რეფორმა მოიცავს ისეთ საკვანძო სფეროებს, როგორიცაა ფერმერებისთვის ახალი საინფორმაციო და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგრობიზნესთან თანამშრომლობა და რეგიონებში ფერმერთა საკონსულტაციო საბჭოების გაძლიერება არსებული საჭიროებების შესწავლისა და შემდგომი გადაწყვეტის მიზნით.

„იმისათვის, რომ ვუპასუხოთ აგრარულ დარგში არსებულ გამოწვევებს და ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია, უმთავრესია ჩვენს ფერმერებს და მეწარმეებს თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ. განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სისტემა, რომელიც ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა და ეტაპობრივად ამოქმედდება, ამ შესაძლებლობებს აჩენს. ამ სისტემის გამოყენებით ოპერატიული რეაგირება მოხდება ყველა პრობლემაზე; ასევე, აქ თავმოყრილი და ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, რომელიც აგრარულ დარგში დასაქმებულთათვისაა საჭირო”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.  

ექსტენციის სისტემაში მიმდინარე რეფორმების დიდი ნაწილი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით ხორცილდება. ეს დახმარება უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარებას ემსახურება.

სხვა რეფორმებს შორის, UNDP-სა და SDC-ის ხელშეწყობით, ექსტენციის სისტემაში დაინერგება ფერმერთა ონლაინ მომსახურება ახალი ციფრული პლატფორმის მეშვეობით.

ციფრული პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება ონლაინ რეჟიმში, მეტეოროლოგიური და სტიქიური მოვლენების აღრიცხვა, ფერმერთა ტრენინგის ჩატარება და დაგეგმვა, ოპერატიულ/სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ელექტრონული ბიბლიოთეკითა და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით სარგებლობა.

ციფრულ პლატფორმაზე თავმოყრილი რესურსების შემუშავებაში ჩართულები იყვნენ სოფლის განვითარების სააგენტო, UNDP და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

ციფრული პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია საპილოტე რეჟიმში საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში, ხოლო წლის ბოლოსთვის სრული დატვირთვით ამოქმედდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ციფრული პლატფორმის გამართული მუშაობისთვის, UNDP-სა და SDC-ის დახმარებით, საპილოტე რეგიონებში გაუმჯობესდა ექსტენციის ცენტრების ციფრული ინფრასტრუქტურა, ექსტენციონისტებს დაურიგდათ ლეპტოპები და პლანშეტები, ექსტენციის ცენტრები აღიჭურვა საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, პორტატული პრინტერებითა და სხვა საოფისე მოწყობილობებით. ასევე განხორციელდა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის დეპარტამენტის სრული ტექნიკური აღჭურვა.

„შვეიცარია მოხარულია ხელი შეუწყოს საქართველოში ძლიერი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას, რომელიც ბაზრის მოთხოვნების, მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისად უნდა განვითარდეს. განათლებული და ინფორმირებული ფერმერი ამ რეფორმის მთავარი დასაყრდენია“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ.

„ცოდნა მთავარია იმისთვის, რომ სოფლად შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო სოფლის მეურნეობა მაღალი ღირებულების მქონე სექტორად გარდაიქმნას. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ექსტენციის სისტემაში ციფრული ხელსაწყოები დაინერგება, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა ფერმერს, მათ შორის შორეულ რეგიონებშიც, დროულად მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის მიმართ ათზე წელზე მეტია გრძელდება. ამ დახმარების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგში დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები და მეთოდები, განხორციელდა მასწავლებლებისა და კონსულტანტების გადამზადება, ხოლო პროფესიულმა კოლეჯებმა უშუალო თანამშრომლობა დაიწყეს როგორც უმაღლეს სასწავლებლებთან, ისე კერძო სექტორთან.

2013 წლიდან, UNDP-ს, SDC-ისა და სხვა დონორების ხელშეწყობით, საქართველოში ფერმერთა მომსახურების ერთიანი ექსტენციის სისტემა ამოქმედდა, რომელიც ამჟამად ცხრა რეგიონული წარმომადგენლობისა და 45 საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ასობით ათას ფერმერს ემსახურება. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო, +995 599 952954, eka.kvavadze@eda.admin.ch