საქართველო აჯამებს კლიმატის ცვლილების შედეგებს და გეგმავს სამომავლო ნაბიჯებს კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველომ მოამზადა ეროვნული ანგარიში კლიმატის ცვლილების შესახებ

17 June 2021

Photo: Nino Zedginidze/UNDP

კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ეროვნული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მიმართ.

ანგარიშში მიმოხილულია ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები კონვენციის შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის მიმართულებით. დოკუმენტში ასევე შესულია სათბური აირების ინვენტარიზაციის განახლებული ანგარიში, რომელიც 1990 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.

საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების რამდენი ძირითადი მიგნება შემდეგია:

  • კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს  საქართველოზე. 1986-2015 წლებში, წინა 30-წლიან პერიოდთან შედარებით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა 0.25-0.58°C-ით, ხოლო ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში 0.63-0.73°C.
  • თუ მსოფლიოში სათბურის აირების გაფრქვევა არ შემცირდება, 2100 წლისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა შესაძლოა 3.7°C-ით გაიზარდოს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 1.5°C, საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის შედარებით უსაფრთხო ზღვარი.
  • 1990-2017 წლებში, საქართველოს ეროვნულმა ემისიებმა 462 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტურ რაოდენობას მიაღწია. აქედან, მხოლოდ 31 პროცენტი შთანთქა ტყეებმა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში განხორციელდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიება კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, 2030 წლისათვის, წლიური ეროვნული ემისიები შემცირდება 5 მილიონი ტონით საბაზისო სცენართან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ანგარიშის საჯარო წარდგენა გაიმართა ვირტუალურ შეხვედრაზე 17 ივნისს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებებმა, საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ანგარიშის მომზადებაში. მათ შორის, სამინისტროს უწყებებმა - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა -  World Experience for Georgia და Georgia’s Environmental Outlook, ასევე ეროვნულმა ექსპერტებმა კლიმატის ცვლილების დარგში.

„გაეროს კონვენციისთვის მომზადებული ანგარიშები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, განვლილი პერიოდის მიღწევები შევაფასოთ და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების გზაზე ახალი ნაბიჯები დავგეგმოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

„ეროვნულ ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაცია ღირებულია როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად, ჯერ არსებული მდგომარეობა უნდა შევაფასოთ  და ზუსტად ვიცოდეთ, სად ვართ. ამისთვის კი სანდო მონაცემები და მეცნიერული კვლევა გვჭირდება“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ ყველა ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებისა და დოკუმენტის ხელმომწერია. 1994 წელს, ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ, 1999 წელს - შეუერთდა კიოტოს პროტოკოლს, ხოლო 2016 წელს - პარიზის შეთანხმებას.

საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, საქართველო ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენს ეროვნულ ანგარიშს გაეროს კონვენციის მიმართ, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ყოვლისმომცველ დოკუმენტს წარმოადგენს.

წელს საქართველომ ასევე განაახლა პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება (ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი) და უპირობო ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის, 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად ეხმარება საქართველოს კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობის საქმეში. ეს საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან (ხორციელდება ევროკავშირი, კლიმატის მწვანე ფონდი, გლობალურ გარემოსდაცვითი ფონდი და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები) მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საკონტაქტო ინფორმაცია: