კოლხურ ტყეებს UNESCO დაიცავს

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ საქართველოს კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

27 July 2021

ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. UNESCO-ს მიერ მინიჭებული სტატუსი ამ უნიკალური ეკოსისტემის საერთაშორისო დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საქართველოს აძლევს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარების მიღების შესაძლებლობას მისი მდგრადი მართვის, მონიტორინგისა და კონსერვაციის განსახორციელებლად.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელთაც ასევე „ევრაზიის ამაზონიას“ ეძახიან, ზომიერი ფოთლოვანი და შერეული ტყეების ეკო-რეგიონია, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და რელიქტური და ენდემური სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამყინვარების ხანაში, ამ უნიკალურმა რეგიონმა მცენარეთა სითბოს მოყვარული სახეობები შეიფარა და გადაშენებას გადაარჩინა.

საქართველოში, კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოსისტემა დაცულია კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე. 2019 წელს, საქართველომ მიმართა UNESCO-ს კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანის შესახებ. განაცხადის განხილვა რამდენიმე წელს გაგრძელდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2021 წლის ივლისში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე გაფართოებულ სესიაზე, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში გაიმართა.

UNESCO-ს გადაწყვეტილება კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის შესახებ საჯაროდ ცნობილი გახდა 27 ივლისს, კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართული ღონისძიების მსვლელობაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

„ის, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს საერთაშორისო აღიარებაა. საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა.  UNESCO-მ დაადასტურა, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

UNESCO-ს გადაწყვეტილება მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია, რომელიც საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის მიზნით ხორციელდება. ამ საქმეში, საქართველოს მთავრობას მხარს უჭერენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის,  ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანია და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).

„კოლხური ტყეები გამყინვარების პერიოდსაც კი გადაურჩნენ. დღეს, შესაძლებლობა გვაქვს, აღფრთოვანებით გავეცნოთ ამ გასაოცარ ბუნებრივ ძეგლს, რომელიც 15,000 წელს ითვლის. მისი შენარჩუნება და დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველო შეძლებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ეკოსისტემის სერვისების ინტეგრირებას და ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალი მოდელებისა და მიდგომების დანერგვას“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას და მათი მართვისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას.

კოლხური ტყეების დაცვის მიზნით, კინტრიშის, მაჭახელასა და მტირალას ეროვნულ პარკებში, UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავდა დაცული ტერიტორიების მართვისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის 10-წლიანი გეგმები, დაინერგა პატრულირების SMART ტექნოლოგია, ხოლო დაცული ტერიტორიების პერსონალის გადამზადებისთვის შეიქმნა  სწავლების ელექტრონული პლატფორმები.

UNDP-ის დახმარების ერთ-ერთ მიზანს დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში ჩართვა და გარემოსადმი მეგობრული ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაც წარმოადგენს.

UNDP-ის მხარდაჭერა ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge  
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org