რუხში მოხუცთა სახლი გაიხსნა

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ზრუნვის სერვისების განვითარებას

4 October 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მოწყვლადი მოხუცებისთვის განახლებული და კეთილმოწყობილი სახლი „ჩემი მორდუ" გაიხსნა. მისი მაცხოვრებლები კონფლიქტით დაზარალებული, დევნილი, ზრუნვას მოკლებული ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოხუცები არიან.

მოხუცთა სახლის განახლება და მოწყობა საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის შედეგია. ამ ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 160,000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 19,000 აშშ დოლარი UNDP-ის წვლილია.

მოხუცთა სახლის განახლება და მოწყობა განახორციელა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთი” (CHCA), რომელიც სახლის ბენეფიციარებისთვის ზრუნვის სერვისებს და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს.

„თანადგომის გარეშე დარჩენილი ხანდაზმული ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. პანდემიის დროს, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რამაც ზრუნვის სისტემური სერვისების შექმნის აუცილებლობა გამოაშკარავა. სწორედ ამის გამო, პანდემიის პირველი დღეებიდან, გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოში ზრუნვის სერვისების განვითარებას და ამ მხრივ, სისტემური ცვლილებების გატარებას“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია 772,300 პენსიონერი. აქედან, 41,000 მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდის. მოწყვლადი მოხუცების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა პანდემიის შედეგად განვითარებული კრიზისის ფონზე, ხოლო ზრუნვის სერვისების განვითარების აუცილებლობა მეტი სიმწვავით გამოიკვეთა.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მოწყვლადი და დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერა პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო. დონორებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით, UNDP-მ გადახედა საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რომელთა შეჯამებული ღირებულება 20 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, და ამ რესურსების ნაწილი მოწყვლადი მოსახლეობის მყისიერ საჭიროებებს მოახმარა. UNDP-ის ხელშეწყობა ასევე ითვალისწინებს ხანგრძლივი და მდგრადი გადაწყვეტების დანერგვას, რომლებიც ზრუნვის მომსახურების განვითარებას უზრუნველყოფს.

გასული წლის მანძილზე, დანიის მთავრობის დაფინანსებით, UNDP-მ დახმარება გაუწია თბილისის, რუსთავისა და სამტრედიის მუნიციპალურ თავშესაფრებს. ამ ხელშეწყობის ფარგლებში, თავშესაფრებმა მიიღეს კორონავირუსისგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა, ისევე როგორც ავეჯი და სამზარეულოს დანადგარები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, UNDP-მ უზრუნველყო 5,000 მარტოხელა მოხუცის შინმოვლის სერვისი. ამ ინიციატივაში 600-მდე სოციალური მუშაკი და მოხალისე იყო ჩართული.

UNDP-ს ხელშეწყობით ასევე სარგებლობდა დევნილთა 100-მა კოლექტიურმა ცენტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან “აფხაზეთი” (CHCA) თანამშრომლობით, გათვალისწინებული იყო შინმოვლის სერვისები ყველაზე მოწყვლადი მოხუცებისთვის.

UNDP-ის აღნიშნული საქმიანობა დანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია