აღდგენა კრიზის შემდეგ: საქართველოს რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობები

საინვესტიციო ფორუმი წარმოაჩენს გურიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს

19 May 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

საქართველოს რეგიონები პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებს ძიებას იწყებენ. 20 მაისს ოზურგეთში გაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებამ წარმოაჩინა რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდგომ პერიოდში და შექმნა დიალოგისა და დისკუსიის სივრცე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია, სახელმწიფო უწყების „აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები და გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით.

„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. საქართველოში უკვე შეინიშნება კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნიშნები, თუმცა სრულფასოვან ეკონომიკურ აღდგენამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. საინვესტიციო პროფილების მეშვეობით, მუნიციპალიტეტები სწორად შეაფასებენ თავის ეკონომიკურ პერსპექტივებს და ახალი ინვესტორების დაინტერესებას შეძლებენ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილი ეყრდნობა მის გეოგრაფიულ და ეკონომიკურ უპირატესობებს - ფოთისა და ბათუმის პორტებთან და ქუთაისის აეროპორტთან სიახლოვეს, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსების არსებობას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შავ ზღვაზე პირდაპირ გასასვლელს, სუფსას ნავთობის მომპოვებელ ჭაბურღილს, ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და ბუნებრივ რესურსებს, რომელთა შორისაა კოლხეთის ეროვნული პარკი. ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ინვესტორთა დაინტერესების გზას რეკრეაციული და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში ხედავს. შესაბამისად, მის საინვესტიციო პროფილში ასახულია ზღვისა და მთის კურორტები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების ადგილობრივი შესაძლებლობები.

გურიის რეგიონის ამ შთამბეჭდავი პოტენციალის მიუხედავად, უმუშევრობა აქ 16 პროცენტს აღწევს, ხოლო ტურიზმი ჯერაც სუსტადაა განვითარებული. საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, გურიას ყველაზე ნაკლები ტურისტი სტუმრობს, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების წილი საქართველოს მთლიანი ტურისტული ნაკადის მხოლოდ 1.3 პროცენტს შეადგენს.

„საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას, რადგან ეს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. ჩვენი მიზანია ასეთი პარტნიორობის გაღრმავება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა, რაც ადგილობრივ დონეზე დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი განვითარება დამოკიდებულია ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და მოსახლეობა - სწორედ მათი ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა განაპირობებს ადგილობრივი განვითარების წარმატებას. ყველა რეგიონი და ყოველი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლებით, რომლებიც ინვესტორებს იზიდავს და ქმნის საფუძველს ახალი ეკონომიკური აქტივობისთვის“, - აღნიშნა მევლიმ.

„ავსტრია საქართველოს უცვლელი პარტნიორია რეგიონების ეკონომიკურ აღდგენასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაში და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა.

ოზურგეთის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

გურიის მსგავსად, საინვესტიციო ფორუმები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. ივნისში უკვე დაგეგმილია შემდეგი ორი ღონისძიება, რომელიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში და  ქვემო ქართლში გაიმართება.

რეგიონული საინვესტიციო ფორუმების მხარდაჭერა UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია