კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვა

კლიმატის მწვანე ფონდის, შვედეთის, შვეიცარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოში მეწყერის მონიტორინგისა და პროგნოზირების სისტემა დაინერგება

4 July 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები საქართველოს  სამწუხარო რეალობაა. დასახლებების ორ მესამედზე მეტი (2,500 დასახლება 3,723-დან) განლაგებულია რისკის ზონებში. მოსახლეობის თითქმის 63 პროცენტი მუდმივად განიცდის წყალდიდობის, ზვავის, მეწყერისა თუ სხვა კატასტროფის საფრთხეს. კლიმატის ცვლილების ინტენსიურობასთან ერთად, იზრდება კატასტროფათა სიხშირეც.  მაგალითად, ბოლო თორმეტი წლის მანძილზე (2008 წლიდან 2020 წლამდე) მეწყრის სიხშირე 3.4-ჯერ გაიზარდა.

არსებული ვითარებიდან გამოსავალი კატასტროფების მართვის მიმართ მიდგომის შეცვლაშია. ტრადიციული რეაქტიული მიდგომა (მომხდარ კატასტროფაზე რეაგირება) უნდა შეიცვალოს პრევენციული ზომების გატარებით (კვლევა, პროგნოზირება, ადრეული შეტყობინება).

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდთან, შვედეთთან და შვეიცარიასთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს ამ ახალი მიდგომის დანერგვასა და განვითარებაში.

UNDP-ის ხელშეწყობით, უკვე დაწყებულია ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისთვის საჭირო კვლევითი სამუშაოები, მათ შორის, საქართველოსთვის დამახასიათებელი კატასტროფების შესწავლა, შესაბამისი საფრთხის მოდელირება და რუკების შექმნა.

მაისსა და ივნისში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა ენდრიუ კოსი, გეოლოგიური საფრთხეების მართვის ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფთან ერთად 18 მეწყერსაშიში ტერიტორია შეისწავლა (ამბროლაურის, დუშეთის, ვანის, ლანჩხუთის, მცხეთის, ონის, ოზურგეთის, სამტრედიის, ქობულეთის, ჩხოროწყუსა და ხაშურის მუნიციპალიტეტები).

ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, შეირჩევა ათი მაღალი რისკის ლოკაცია, სადაც 2022 წელს მეწყერის მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.

მეწყერის  მონიტორინგის სადგურების მეშვეობით, განხორციელდება ნალექებისა და მთის ფერდობებზე წყლისა და ნიადაგის მოძრაობის მონიტორინგი, ხოლო მიღებული მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს რეალურ დროში გადაეცემა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო გააკეთებს სანდო პროგნოზს მეწყერის ალბათობის შესახებ და დროულად შეატყობინებს როგორც ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას.

ივნისში, UNDP-სა და გარემოს ეროვნულმა სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა ტექნიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მოდელირებისა და შესაბამისი რუკების შედგენის თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ. ტექნიკური ჯგუფის მუშაობაში ჩაერთნენ და ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები და სამინისტროების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტების 80-მდე წარმომადგენელი.

„მეტეოროლოგიური მოვლენა დამანგრეველ კატასტროფად არ უნდა იქცეს. ამინდს ვერ შევცვლით, მაგრამ მეცნიერული ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, შეგვიძლია კლიმატისადმი მედეგი საზოგადოება ავაშენოთ და ადამიანები კატასტროფებისგან დავიცვათ”, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

„ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატისადმი მდგრადობის მისაღწევად. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას. თანამედროვე მეთოდების გამოყენება, როგორიცაა საფრთხის მოდელირება, რუკების შედგენა, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება, მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ რისკებს”, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა.

„კლიმატის ცვლილება ჩვენი, როგორც საზოგადოების, გამძლეობის, კრიზისის მიმართ მედეგობისა და მდგრადი გადაწყვეტების გამონახვის შესაძლებლობის გამოცდაა. შვეიცარია სთავაზობს საქართველოს რესურსებსა და ექსპერტიზას, რომლებიც აუცილებელია კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისთვის და ადამიანებისა და მათი შემოსავლის წყაროს დასაცავად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოწყვლადი რეგიონებისთვის”, - განაცხადა დანიელ მევლიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. შვიდწლიანი ინიციატივის მიზანია საქართველოს ხელშეწყობა კლიმატისადმი მედეგი ქვეყნის მშენებლობის გზაზე, კატასტროფათა რისკის შემცირება და მოსახლეობის დაცვა.

საკონტაქტო ინფორმაცია