საქართველოს ბუნებრივი საგანძურის დაცვა

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების რეინჯერები ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ ბრაკონიერობასა და ხის უკანონო ჭრასთან ბრძოლაში

12 March 2021

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP

საქართველოს 93 დაცული ტერიტორია, რომელიც ქვეყნის მთლიანი ფართობის 11.4 პროცენტს იკავებს, ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი საგანძურის დაცვასა და მართვას ემსახურება. დაცული ტერიტორიების ფუნქციებში შედის საქართველოს ტყეების შენარჩუნება და გადაშენების პირას მყოფი სახეობების, მათ შორის ნიამორის, კეთილშობილი ირმისა და სხვა სახეობების დაცვა უკანონო ნადირობისგან.

დაცულ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერები ხშირად რთულ და სახიფათო საქმეს ასრულებენ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობის შედეგად, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და პატრულირება საერთაშორისო სტანდარტებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელმაც UNDP-გან პატრულირებისა და მონიტორინგისთვის განკუთვნილი ახალი აღჭურვილობა მიიღო.

11 მარტს, UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეწვივნენ და რეინჯერებს SMART მოწყობილობები გადასცეს.

უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას მისცემს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 77 რეინჯერის კორპუსს სმარტფონებისა და ტაბლეტების გამოყენებით შეაგროვონ ინფორმაცია და რეალურ დროში აღრიცხონ ბრაკონიერობის შემთხვევები და ველურ ბუნებაზე დაკვირვების მიგნებები, მაგალითად, მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებები და ქერქიჭამია ხოჭოს მიერ წიწვოვანი ხეების დაინფიცირების შემთხვევები.

პატრულირების დროს შეგროვებული მონაცემები დამუშავდება ერთიან ბაზაში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ხოლო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება რეინჯერთა საპატრულო მარშრუტების შერჩევა და მათი სიხშირის განსაზღვრა.

„საქართველოს ბუნება ტურისტებს იზიდავს, რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზაა. დაცული ტერიტორიების მართვაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია. რეინჯერები ახალი უნარ-ჩვევებს შეიძენენ, თანამედროვე მოწყობილობებს გამოიყენებენ და ტურისტებისთვის ამდენად მიმზიდველი ფლორისა და ფაუნის უკეთ დაცვას შეძლებენ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

სივრცითი მონიტორინგისა და ანგარიშგების (SMART) სისტემა საქართველოსთვის შედარებით ახალი ტექნოლოგიაა, თუმცა მსოფლიოში უკვე დიდი ხანია გამოიყენება.

„დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა წარმოადგენს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ნაწილს, რომელიც საქართველოს თორმეტი დაცული ტერიტორიის ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამა ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობითა და კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) პარტნიორობით. გარდა ამისა, შვედეთის მთავრობის მიერ  დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს ახალი საფეხმავლო ბილიკების შექმნას და რეინჯერებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის ჩატარებას.

დაცული ტერიტორიების განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2020 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი თითქმის გასამმაგდა 1991 წლის შემდეგ და ამჟამად 793,351 ათას ჰექტარს, ქვეყნის ტერიტორიის 11.4 პროცენტს შეადგენს.

დაცული ტერიტორიების გაფართოებამ გამოავლინა მათი მართვის გაუმჯობესების, ბიომრავალფეროვნების უკეთ დაცვის და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ეკოსისტემის სერვისების ინტეგრირების საჭიროება.

რეინჯერების ინსტიტუტის გაძლიერება და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და პატრულირების თანამედროვე სისტემის დანერგვა სწორედ ამ რეფორმების ნაწილია.

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის 10-წლიანი გეგმის თანახმად, 2021 წლიდან საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდება იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების მონიტორინგი და შესწავლა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ბუნებრივი საგანძურის შენარჩუნებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP