შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საჯარო სექტორში

დიდი ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, საჯარო სამსახურის ბიურო ხელს შეუწყობს შშმ პირთა საჯარო სექტორში დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის არსებული ბარიერების აღმოფხვრას

2 December 2021

 

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს საჯარო სექტორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელს შეუწყობს თანასწორი, ინკლუზიური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანი - გამონაკლისის გარეშე - შეძლებს თავისი მისწრაფებების რეალიზებას.

2 დეკემბერს, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან დიდი ბრიტანეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც შშმ პირთა უფლებების განხორციელებას უკავშირდება. განხილვა შეეხო სამართლებრივ თუ სხვა სახის ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის შშმ პირთა დასაქმებასა და კარიერულ წარმატებას საჯარო სექტორში.

„საქართველოს საჯარო სექტორი ქმედით ნაბიჯებს დგამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შშმ პირები აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისი ზომები გაწერილია სამოქმედო გეგმაში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ 2021 წლის აპრილში მიიღო. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ინკლუზიური დასაქმებისა და ტრენინგის შესაძლებლობების შექმნას, იმ გამოწვევების შესწავლას, რომლებიც ხელს უშლის შშმ პირთა დასაქმებას საჯარო სამსახურში და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა უფლებების საკითხებში“, - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ.

„მრავალფეროვანი და ინკლუზიური საჯარო სამსახური განაპირობებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და უკეთესი სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, რომლებიც ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და მისაღები იქნება. დიდი ბრიტანეთი სიამაყით უწყობს ხელს სისტემური რეფორმების გატარებასა და შშმ პირთა საჯარო სექტორში დასაქმებისთვის არსებული ბარიერების აღმოფხვრას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჯარო სამსახური ინლუზიურობის პრინციპების დანერგვას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ კლერ ოლბლესმა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეეძლოთ საჯარო სამსახურში დასაქმება და კარიერული წარმატების მიღწევა. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება საქართველოს ხელისუფლებისა  და სამოქალაქო საზოგადოების მზაობას ინკლუზიური გარემოს მშენებლობისა და   დისკრიმინაციისა და სტიგმის აღმოფხვრის საკითხებში. თუმცა, დასაქმების გავრცელებული პრაქტიკა და ინკლუზიური განათლებისა და ტრენინგის შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ მეტ ყურადღებას მოითხოვს“, - თქვა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

გასულ წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შშმ პირთა უფლებების დაცვი მიმართულებით. 2013 წელს, საქართველომ მოახდინა გაეროს შესაბამისი კონვენციის რატიფიცირება, ხოლო 2014 წელს მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.

ამ ფართო და ყოვლისმომცველი გარანტიების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოს საზოგადოების ჯერაც უხილავ ნაწილს წარმოადგენენ, ხოლო დისკრიმინაციასა და სტიგმას ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის, დასაქმებასა და განათლებაში, აწყდებიან. მაგალითად, საქართველოში საჯარო სექტორში, რომელიც ათობით ათას მოხელეს ითვლის, მხოლოდ 51 შშმ პირია დასაქმებული. მსგავსი ვითარება დასაქმების სხვა სექტორებშიც აღინიშნება.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას და საქართველოში ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნას. ამ საქმიანობის ფარგლებში, UNDP მხარს უჭერს შესაბამისი კანონმდებლობის შექმნასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმების დანერგვას, საჯარო სივრცეების, მათ შორის იუსტიციის სახლის, პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადაპტირებას შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად, და ინკლუზიური სახელმწიფო სერვისების დანერგვასა და განვითარებას.      

საკონტაქტო ინფორმაცია