რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის საინვესტიციო პერსპექტივები

ადგილობრივი ეკონომიკის, მეწარმეობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად, ონში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

18 June 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ორმოცზე მეტი ადგილობრივი მეწარმე ჩაერთო ონში გამართულ რეგიონულ ფორუმში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ფორუმის მსვლელობაში, ონის, ცაგერის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს თავისი საინვესტიციო პერსპექტივები, კერძო-საჯარო პარტნიორობის შესაძლებლობები და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოს უპირატესობები.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილი ახალი მუნიციპალური პროფილები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით შემუშავდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა. ფორუმის მუშაობაში ვირტუალურად ჩაერთო დანიელ მევლიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში.

„გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას, ადგილობრივი მეწარმეობის  განვითარებას და  მდგრადი ეკონომიკური მოდელების ჩამოყალიბებას. ჩვენი დახმარება ვრცელდება როგორც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდზე, ისე პანდემიის შემდგომ განვითარებაზე. ამ მიზნით, ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მხარს ვუჭერთ მათ უფრო აქტიურ მონაწილეობას რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროცესებში“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

„ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო ხელს უწყობს რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას და კერძო სექტორის დაინტერესებას, რაც, თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს ქმნის ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის, წარმადობის გაზრდისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ამ ბიზნეს-ფორუმის თანაორგანიზატორი და მასპინძელია. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ერთობლივი საინვესტიციო მნიშვნელობის წარმოსაჩენად“, - აღნიშნა დანიელ მევლიმ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო აქტივებს შორის დასახელდა უნიკალური ბიომრავალფეროვნება, სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და ვაზის ენდემური ჯიშები. საინვესტიციო პროფილში ასევე ხაზგასმულია ადგილობრივი აეროპორტის არსებობა, რაც მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას აადვილებს.

ონის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდიდარ ბუნებრივ რესურსებს, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს და სახელგანთქმულ ბალნეოლოგიურ კურორტებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილში ხაზგასმულია სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობები, ჯერაც აუთვისებელი ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები და ორგანული პროდუქტების წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო.

გარდა ამისა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილებში აღნიშნულია საგადასახადო და სხვა შეღავათები, რომლებით მათ მაღალმთიან სტატუსს უკავშირდება.    

მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობის მიუხედავად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალგანვითარებული რეგიონია საქართველოში. უმუშევრობის დონე აქ ყველაზე მაღალია (34 პროცენტი), ხოლო საშუალო თვიური ხელფასი კი ყველაზე დაბალი.

რეგიონი გამოირჩევა შესანიშნავი ტურისტული პოტენციალით, თუმცა უცხოელი ტურისტები აქ იშვიათად ჩადიან - საერთაშორისო ვიზიტორთა მთლიანი ტურისტული ნაკადის მხოლოდ 0.2 პროცენტი.

„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მდგრად საჯარო და კერძო ინიციატივებს, რომლებიც დასაქმების ახალ პერსპექტივას შექმნის სოციალურად დაუცველ ჯგუფებისთვის და მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის გადინებას შეაჩერებს“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ონის საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლება, გაეროს განვითარების პროგრამა და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები. ფორუმი გაიმართა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-სთან თანამშრომლობით.

რეგიონული საინვესტიციო ფორუმები 2021 წლის მაისში დაიწყო და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. გურიისა და რაჭის შემდეგ, ამ ღონისძიებას სამეგრელო და ქვემო ქართლი უმასპინძლებენ.

რეგიონული საინვესტიციო ფორუმების მხარდაჭერა UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP