დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

წინამდებარე ერთობლივ განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ

17 May 2021

დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+)  თემს  საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე  არსებულ  დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე.[1] ვაღიარებთ რა, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები,  მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

საქართველოში  უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები  ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. კერძოდ, 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,[2] რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად - 2021 წელს. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, არ იშურებს ძალისხმევას რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებში ლგბტქი+  თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, ხელი შეეწყოს ლგბტქი+ თემთან დიალოგს, პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრის და დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგის მიზნით. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით,3] მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიებს ლგბტქი+ უფლებების დაცვის გაუმჯობესების საკითხებზე და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის მიერ ამ საკითხის მხარდაჭერის შესახებ განცხადებებს.

ბევრ მონაწილეს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი, იმისათვის რომ კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი დაცვა ეფექტურად აისახოს  ცრურწმენებსა და ძალადობაზე, რომლებსაც ლგბტქი+ პირები,  ორგანიზაციები და მათი მოკავშირეები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლებისა და პოზიტიური მაგალითის ჩვენების გზით,  მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობაზე დამყარებული  საჯარო დისკურსის მიღებით,[4] დანაშაულის გამოძიებით,  სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით.

საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას COVID-19-ის პანდემიის  უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტ-კრიზისულ აღდგენას.  პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ ნათლად დაინახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სოციალური სოლიდარობა, ურთიერთპატივისცემადა ყველას, მათ შორის ლგბტქი+ ადამიანების მხარდაჭერა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე  და მიიღოს ადამიანების მრავალფეროვნება და ტოლერანტობა, როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას. 

***

[1] ლგბტქი+ თემის მიმართ არსებული საფრთხეები COVID-19 პანდემიის კონტექსტში. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ვებგვერდი.

[2] საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (2014)

[3] სახალხო დამცველის სპეციალური წლიური ანგარიში ,, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ" (2021 წლის 7 მაისი)

[4] ,,რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლება და  სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დაფუძნებული ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება დაფუძნებულია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ პირობაზე; ლგბტ პირები იმსახურებენ ამ  დანაპირების შესრულებას”; ადამიანის უფლებათა ექსპერტების განცხადება ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (გაიმართება 2021 წლის 17 მაისს)