EU4Climate აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას პარიზის შეთანხმების შესრულებაში ეხმარება

EU4Climate მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს პარიზის შეთანხმების შესრულებასა და კლიმატთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებაში

8 November 2021

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მომზადებისა და განხორციელების კვლევა გამოქვეყნდა EU4Climate ინიციატივის ფარგლებში. კვლევა ასახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მიღწევებს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში კლიმატგონივრული პოლიტიკის დანერგვით და სათბურის აირების ემისიების შემცირების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ. გახშირებული ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების გამო, სათბურის აირების ემისიების შემცირება და მისი მავნე ზემოქმედებისთვის მომზადება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

პარიზის შეთანხმებით ქვეყნებმა გლობალური დათბობის დაძლევის საერთაშორისო ვალდებულება აიღეს, რომელიც ცნობილია როგორც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDCs). პარიზის შეთანხმება ასევე მოუწოდებს ქვეყნებს ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლონ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტები, რადგან მიმდინარე არამდგრადი ტენდენციები გადაუდებელ ნაბიჯებს ითხოვს.

EU4Climate პროექტის ხელშეწყობით, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას რესპუბლიკისა და სომხეთის მთავრობებმა განაახლეს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნების გაზრდილ ამბიციებს და მდგრადი, დაბალნახშირბადიანი ეკონომიკური განვითარების სცენარებს ასახავს. ინიციატივის დახმარებით, საქართველომ და უკრაინამ მაშტაბური საინფორმაციო კამპანია განახორციელეს, რომელიც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტების განახლებულ მიზნებს ეხმიანება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის გზამკვლევისა და ფინანსური გეგმების შემუშავება იქნება.

“კლიმატის ცვლილების დაძლევის გზაზე, ევროკავშირი საერთაშორისო ძალისხმევის წინა ხაზზეა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის წარმატებული და დროული განხორციელებისთვის, რათა ყველამ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და ევროპა პირველი კლიმატნეიტრალური კონტინენტი გავხადოთ. EU4Climate ინიციატივა ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე ჩართვაში. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში კლიმატის პოლიტიკის დანერგვაში, რომელიც წარმოადგენს სათბურის აირების ემისიების ყველაზე დიდ წყაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.”, თქვა მიქაელა ჰაუფმა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა.

՛՛ევროკომისიის მუდმივი მხარდაჭერით, პროექტი EU4Climate ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ემისიების შემცირების ახალი მიზნების დასახვაში, დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის ჩართვასა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების ახალი გეგმების მომზადებაში. მიმდინარე გამოწვევების, მათ შორის პანდემიის მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მუშაობენ კლიმატური ამბიციების გაზრდაზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივასთან, Climate Promise, ერთად პროექტი EU4Climate ოთხს ქვეყანას დოკუმენტის განახლებაში, ხოლო ორს შესაძლებლობების განვითარებასა და საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს რეგიონში ოთხი დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას და განახლებას,“ თქვა სტანისლავ კიმმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სტამბოლის რეგიონული ოფისის კლიმატისა და კატასტროფებისადმი მედეგობის მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტების კვლევა ცხადყოფს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები წარმატებით ასრულებენ პარიზის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებს.   ეროვნული წვლილის წინა ციკლთან შედარებით, ყველა ქვეყანამ (აზერბაიჯანის მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის წარდგენა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოში 2021 წლის ბოლოს იგეგმება) გაზარდა ამბიციები 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების შემცირების კუთხით. განახლებული დოკუმენტის თანახმად, ბელარუსმა, მოლდოვას რესპუბლიკამ, საქართველომ, სომხეთმა და უკრაინამ სათბურის აირების ემისიების შემცირების ვალდებულება 25 პროცენტით გაზარდეს; ამავე ქვეყნების ახალ დოკუმენტებში დასახული მიზნები სრულად მოიცავს ეკონომიკურ დარგებს, შეიცავს გენდერული თანასწორობის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კომპონენტებს. განახლებული დოკუმენტები მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ეროვნული ვალდებულებების წინა ციკლთან შედარებით.

შემდეგი ეტაპი განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის  განხორციელებისკენ არის დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავება, რომელიც 2050 წლამდე პერიოდს მოიცავს. ევროკავშირმა დაისახა მიზანი, აღნიშნულ წლამდე ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს. უკრაინა პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც 2060 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის ვალდებულება მიიღო. ამჟამად, EU4Climate ეხმარება რეგიონის ქვეყნებს ემისიების შემცირების სამომავლო მიზნების განსაზღვრაში. ამჟამად, EU4Climate ინიციატივის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი მუშაობენ სამომავლო სტრატეგიებზე.

***

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მომზადებისა და განხორციელების კვლევა ასევე შეიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებს:

სომხეთი - კლიმატის ბიუჯეტის კვლევა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, სომხეთმა ჩაატარა პირველი საპილოტე კვლევა კლიმატის ფინანსების ბიუჯეტირებისა და ხარჯების აღრიცხვის შესახებ. კვლევაში შეფასებულია კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ინტეგრირება პროგრამებსა და მიზნებში, ინსტიტუტების ეფექტურობა კლიმატის ცვლილებისადმი რეაგირებისა და განხორციელებაში, კლიმატის ცვლილების დასაძლევად გამოყოფილი ბიუჯეტი და კლიმატის ცვლილების უკეთ ინტეგრაციის მიზნით დაფინანსების სქემის შესაძლო გაუმჯობესება.

საქართველო - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია – კვლევა ასახავს საქართველოს მოსახლეობის ცოდნას კლიმატის ცვლილების შესახებ. დოკუმენტში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის და ქცევის კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობა კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა გლობალური საფრთხის შესახებ.

მოლდოვას რესპუბლიკა - კლიმატური პოლიტიკის ინტეგრირება ნარჩენების მართვის სექტორში - დოკუმენტში აღწერილია ნარჩენების სექტორი, რომელიც ქვეყნის საერთო ეროვნული სათბურის აირების ემისიების 10 პროცენტზე, ხოლო მეთანის ემისიების თითქმის ნახევარზეა პასუხისმგებელი. კვლევა მოიცავს არსებული კანონმდებლობის აღწერას, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას მოლდოვას დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.  

უკრაინა - კლიმატური პოლიტიკის ინტეგრირება ტრანსპორტის სექტორში, მიკრომობილობა - უკრაინაში ტრანსპორტის სექტორზე ეროვნული სათბურის აირების ემისიების 16 პროცენტი მოდის. ამიტომ ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტის ერთ-ერთ მიზანს ტრანსპორტის ეკომეგობრული ალტერნატივების შემუშავება, მიკრომობილობა, წარმოადგენს.  კვლევამ ცხადყო, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც მიკრომობილურობა უკვე დანერგილია.

პროექტი EU4Climate არის ვროკავშირის ინიციატივა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. ის მხარს უჭერს ქვეყნებს პარიზის შეთანხმების შესრულებასა და კლიმატთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებაში. ინიციატივა ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაბალემისიანი და კლიმატისადმი მედეგი პოლიტიკის ინტეგრირებაში ეროვნული განვითარების სტრატგიებსა და გეგმებში, კლიმატური პოლიტიკის და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში. დამატებითი ინფორმაცია: www.eu4climate.eu.

საკონტაქტო ინფორმაცია

აღავნი ჰარუტუნიანი, რეგიონული კომუნიკაციების ანალიტიკოსი, EU4Climate პროექტი, aghavni.harutyunyan@undp.org