განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს უწყობს გარემოს დაცვას და სოფლად მეწარმეობის გაძლიერებას

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ სოფლად მწვანე გადაწყვეტების დანერგვას

1 April 2021

ფოტოს ავტორი: ვალადიმირ ვალიშვილი/UNDP

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს. ევროკავშირი (EU) და UNDP მხარს უჭერენ ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ არსებული ბიზნესი შეინარჩუნონ, ახალი ბიზნეს-პროექტები წამოიწყონ და მდგრადი სამუშაო ადგილები შექმნან, ხოლო თავისი ბიზნეს-საქმიანობა წარმართონ გარემოს დაცვის პრინციპებზე დაყრდნობითა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით.

ამ მიზნების მისაღწევად, გასულ წელს, ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო ინიციატივის განხორციელება დაიწყეს. 2020 წლის მაისიდან დღემდე, საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გაიცა 3.4 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება, რის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 31 ბიზნეს-პროექტი ხორციელდება.

საგრანტო პროგრამა დასრულდება 2022 წლის ბოლოს, ხოლო მისი მიმდინარე რაუნდი გაგრძელდება 2021 წლის აპრილის ბოლომდე და რვა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება - ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო.  

საგრანტო დახმარების შედეგების შეფასებით მიზნით, 1 აპრილს,  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში გაემგზავრნენ და ადგილობრივ კომპანია „ბიორას“-ს ესტუმრნენ.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) საგრანტო დახმარების სახით მიღებული 30,000 ლარის მეშვეობით, „ბიორას“-ის მესაკუთრემ გიორგი ფხაკაძემ კომპანიის კუთვნილი კაკლის ბაღისა და ბოსტნეულის სათბურისთვის 60 მზის პანელი და 24 მზის ბატარეა შეიძინა. მზის ენერგიაზე გადასვლამ არა მხოლოდ ელექტროენერგიის წლიური ხარჯი შეამცირა. ამ ნაბიჯმა გადაარჩინა ადგილობრივი ტყის ზოლიც, რომლის გაჩეხვა იგეგმებოდა ელექტროენერგიის მოძველებული ხაზის აღსადგენად.

„საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ ხელშეწყობას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ხელს უწყობს სოფლად მდგრადი მიდგომებისა და მწვანე გადაწყვეტების დანერგვას“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა.

„ენერგოეფექტურობა და მწვანე გადაწყვეტები ჩვენი საგრანტო დახმარების საკვანძო საკითხია. სოფლის განვითარებაში ახალი მიდგომების დანერგვით, შესაძლებლობა გვეძლევა, რომ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა უკეთესად აღვადგინოთ, როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.  სოფლის განვითარების პროგრამას,  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის  მხარდაჭერით ვახორციელებთ. მისი ერთ-ერთი მიმართულება ენერგოეფექტური სისტემების დანერგვის ხელშეწყობაა, რამაც შპს „ბიორასს“ მისცა შესაძლებლობა მოეწყო მზის ელექტროსისტემა, ალტერნატიული ენერგიის წყარო, საკუთარი მეურნეობის ეფექტიანად სამართავად,“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.

მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: