ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, მედიის ყველა სექტორში დაძაბულობა მატულობს

30 September 2021

2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა მძაფრი დაპირისპირება ქართულ მედიაში, რომელიც ყოველთვის შეიმჩნეოდა საარჩევნო გარემოში. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგის წინასწარი  შედეგების მიხედვით, ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც შარშან საარჩევნო პროცესის შედარებით დაბალანსებულ გაშუქებას სთავაზობდნენ საზოგადოებას, წელს პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან. წინასაარჩევნო პერიოდში (2021 წლის ივლისი-სექტემბერი), პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო ეროვნულ მედიაში, თუმცა ნაწილობრივ, რეგიონულ და ადგილობრივ მედიაზეც ვრცელდებოდა.

ტელევიზიების  შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრი იყო ივლისში, როდესაც ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს მოვლენები ყველა ეროვნულმა ტელევიზიამ აქტიურად გააშუქა, თუმცა მათი უმეტესობა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა. იგივე ტენდენცია შეიმჩნეოდა ტელევიზიების სოციალურ ქსელებში, მეტწილად, ფეისბუკ გვერდებზე.

პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება გაიზარდა რადიო სექტორშიც, რომელიც წინა წლებში, მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქებით გამოირჩეოდა. პოლიტიკური მიკერძოება და პოლარიზება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეროვნული რადიოების შემთხვევაში. რეგიონული რადიო სადგურები უფრო დაბალანსებულად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მსმენელს კრიტიკულ ანალიზს ვერ სთავაზობდნენ და ხშირად, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და ადგილობრივი რადიო სადგურები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს იცავდნენ და თავს იკავებდნენ დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან.

ისევე როგორც წინა წლებში, ეროვნულ ბეჭდურ მედიაში კვლავ  შეიმჩნეოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის  გამოყენება. ამის საპირწონედ, რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად და პროფესიულად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.

საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები ონლაინ მედიის სექტორში. აქ, ეროვნული მედია საშუალებები ჟურნალისტური ეთიკის, ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით აშუქებდნენ მოვლენებს, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ონლაინ გამოცემები პოლიტიკური ფავორიტიზმისა და მიკერძოებისკენ იხრებოდნენ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პოლარიზება და მიკერძოება მაინც ნაკლებად  შესამჩნევი იყო  ონლაინ მედიის სექტორში ტელევიზიებისგან განსხვავებით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებამ მნიშვნელოვნად იკლო მედიის ყველა სექტორში. წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა სულ რამდენჯერმე დარეგისტრირდა.

ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მედიამონიტორინგმა ასევე შეისწავლა, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური მოთამაშეები სოციალურ ქსელებს, კერძოდ, ფეისბუკს, ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის. წლევანდელი კვლევის ფარგლებში, მედიამონიტორები თვალს ადევნებდნენ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების 500-ზე მეტ ფეისბუკ გვერდსა და ღია ჯგუფს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისა და მერების ფეისბუკ გვერდებზე ნაკლებად ვრცელდებოდა პოლიტიკურ პროპაგანდასთან ან საარჩევნო დაპირისპირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ცალკეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები თავის ფეისბუკ გვერდებს ოპონენტთა კრიტიკისთვის იყენებდნენ, თუმცა მთლიანობაში, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში ჯდებოდა და ეთიკის ნორმებს არ სცდებოდა. საარჩევნო ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა ღია ფეისბუკ ჯგუფების სივრცეშიც, თუმცა მსგავსი პოსტები საკმაოდ დაბალი ინტერაქციით გამოირჩეოდა.

ისევე როგორც 2020 წელს, მედიამონიტორინგის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენებს საქართველოს არჩევნებზე. ამერიკის შეერთებული შტატებთან, ევროკავშირთან და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებით ხშირად შუქდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში.  ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გაშუქება ძირითადად პოზიტიურ ხასიათს ატარებდა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ისეთი პოლიტიკური მოვლენები, როგორებიცაა ეგრეთ წოდებული „შარლ მიშელის შეთანხმება“, ავღანეთში განვითარებული მოვლენები და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ბელარუსსა და  უკრაინასთან. განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალებები ამ მოვლენებს ან საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად წარმოაჩენდნენ, ან პირიქით, ხაზს უსვამდნენ საქართველოს მთავრობის ანტი-დასავლურ კურსს.

„მედია გარემო საქართველოს საზოგადოებაში არსებული პოლარიზების ანარეკლია, რაც განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება არჩევნების პერიოდში. ამ მხრივ, მედიის კვლევა ის კრიტიკული ხელსაწყოა, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს მათი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაში“, - განაცხადა  ევია კოტანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

„ამომრჩევლებისთვის მედია სანდო ინფორმაციის წყაროა, რომელიც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. მისასალმებელია, რომ ქართული მედია მრავალფეროვანია და განსხვავებულ მოსაზრებებს აშუქებს. თუმცა, პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება სამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით  - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

2021 წლის საარჩევნო მედიამონიტორინგი 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას მოიცავს, რომელთა შორისაა 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული), 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული), 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული) და 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული).

მედიამონიტორინგის წინასწარი შედეგები 2021 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე). ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: mediamonitor.ge 

დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:

ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამაში:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში:

  • ტელევიზიები (ახალი ამბები) - ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 597 001033, nanabigana@gmail.com
  • ტელევიზიები (ტოკშოუები) - მარიამ გოგოსაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 221918, gogosashvilimariami@gmail.com
  • ონლაინ მედია - გიორგი ჯოლოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 025140, gjologua@cu.edu.ge
  • ბეჭდური მედია - ეკა ბერიძე, Internews საქართველო, +995 557 363056, eka@internews.ge
  • უცხოური გავლენა არჩევნებზე - მარიამ კობალაძე, CRRC-საქართველო, 599 407403, mariam.kobaladze@crrccenters.org

მედიამონიტორინგის თარიღები:

2021 წლის ივლისი  – 2022 წლის მარტი

ეროვნული მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

რადიო

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ბეჭდური მედია

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ონლაინ მედია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1.       იმედი

2.       მთავარი არხი

3.       პირველი

4.       რუსთავი-2

5.       საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1-ელი არხი

1.       იმედი

2.       მაესტრო

3.       პალიტრა

4.       პირველი რადიო

5.       საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო-1

6.       ფორტუნა

1.       ალია

2.       ასავალ-დასავალი

3.       ახალი თაობა

4.       კვირის პალიტრა

5.       რეზონანსი

6.       საქართველო და მსოფლიო

7.       ქრონიკა+

1.       ambebi.ge

2.       interpressnews.ge

3.       mpn.ge

4.       netgazeti.ge

5.       news.on.ge

6.       publika.ge

7.       radiotavisupleba.ge

8.       sputnik-georgia.com

9.       tabula.ge

რეგიონული მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

რადიო

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ბეჭდური მედია

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ონლაინ მედია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1.       აჭარა

2.       გურია

3.       გურჯაანი

4.       თრიალეთი

5.       მე-9 არხი

6.       ოდიში

7.       რიონი

8.       ტვ 25

9.       ტვ 4

1.       ათინათი

2.       ვეი

3.       ძველი ქალაქი

4.       მარნეული

5.       სამხრეთის კარიბჭე

6.       ჰერეთი

1.       ალიონი

2.       გურია ნიუსი

3.       ჩემი ხარაგაული

4.       ჰო და არა

1.       batumelebi.ge

2.       guriismoambe.ge

3.       kartli.ge

4.       knews.ge

5.       kutaisipost.ge

6.       livepress.ge

7.       reginfo.ge

8.       sknews.ge