წყლის მდგრადი მოხმარების ელექტრონული სასწავლო პლატფორმა

გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი აზერბაიჯანისა და საქართველოს სკოლებს წყლის რესურსების მდგრადი მოხმარების ელექტრონულ სასწავლო პლატფორმას სთავაზობენ

25 February 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შექმნა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა მდგრადი და გონივრული წყალმოხმარება, რომელზეც თავმოყრილია სასწავლო კურსები წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და მართვის  შესახებ.

პლატფორმა ხელმისაწვდომია სამ ენაზე - ქართულად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად, ხოლო სასწავლო კურსები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

სასწავლო პროგრამები მოიცავს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, წყლის დაზოგვისა და წყალმოხმარების საუკეთესო პრაქტიკის აღწერას, წყლის რესურსებზე კლიმატის ცვლილების გავლენის ანალიზს, წყლის ეკოლოგიასა და წყლის ხარისხის დაცვას. გარდა ამისა, პლატფორმაზე განთავსებული სპეციალური სასწავლო მოდულის მეშვეობით სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ მეთოდოლოგიური დახმარება გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით.

სასწავლო პლატფორმის შექმნა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონის (GEF) დაფინასებით, მათი ერთობლივი რეგიონული პროექტის ფარგლებში „მდინარე მტკვრის აუზის დაცვა (მტკვარი-2)“, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში ხორციელდება.

ელექტრონული პლატფორმის შექმნაში ჩართული იყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“, ხოლო ტექნიკური მხარე ითავა ქართულმა კომპანიამ Mindworks.

2020 წლის მანძილზე, ამ უნიკალური სასწავლო რესურსის პილოტირება შედგა როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო გამოცხადებულმა „ლოქდაუნმა“ მნიშვნელოვნად შეაფერხა სასკოლო განათლების პროცესი ორივე ქვეყანაში.

ვებ-რესურსის დანერგვა და გავრცელება დაგეგმილია საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით. ამ მხრივ, საქართველოში UNDP-სა და GEF-ის პარტნიორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„წყლის შესახებ მეტი განათლების მიღება პირველი ნაბიჯია კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის უკეთ გააზრებისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ელექტრონული სასწავლო პლატფორმა დაანახებს ახალგაზრდებს, რომ წყლის რესურსებისა და მთლიანად პლანეტის დაცვა მათ ხელშია“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც შევძელით ამ პროექტის განხორციელება და აუდიტორიისთვის წარდგენა“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ

„ელექტრონული პლატფორმის წარდგენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ და გავაუმჯობესოთ ეს საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მასშტაბით უნდა დაინერგოს“, - განაცხადა პროექტის „მტკვარი-2“ მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა, აჰმედ ელსეუდმა.

საქართველოში სასწავლო პლატფორმის მდგრადი და გონივრული წყალმოხმარება პილოტირებაში ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები, კომპანიები და ადგილობრივი თვითმმართველობა. ქალაქ გორში, რომელიც მტკვრის აუზში მდებარეობს და საქართველოს ერთერთ ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს, სასწავლო პლატფორმის დანერგვასა და გამოცდაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“, გორის უნივერსიტეტი, სკოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი წყლის გამანაწილებელი კომპანია, მასწავლებლები და მოსწავლეები. 

უახლოეს მომავალში სასწავლო პლატფორმა განთავსდება საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოში:

აზერბაიჯანში:

  • სონა გულიევა, UNDP-GEF პროექტი „მტკვარი-2“, sona.guliyeva@undp.org