ინფორმირებული საზოგადოება სოციალური სამართლიანობის მისაღწევად

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დევნილთა დასახლებებში საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

25 June 2021

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

პანდემიის ფონზე განვითარებულმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური გამოწვევები და გააღრმავა  საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა. ამ ვითარების გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ წამოიწყეს ერთობლივი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო განათლებას ემსახურება. კამპანიის მსვლელობაში, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას და ეკონომიკური და სოციალური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფას.

ექვსთვიანი კამპანია მორგებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებზე და მოიცავს დევნილთა 10 კოლექტიურ ცენტრს, რომლებიც განლაგებულია საქართველოს სამ რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო და შიდა ქართლი). ივნისში, კამპანიის პირველი საინფორმაციო შეხვედრები, რომელთაც 200-ზე მეტი დევნილი ქალი და ახალგაზრდა დაესწრო, გორში, ზუგდიდსა და წყალტუბოში გაიმართა.  

“ოჯახში ძალადობა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ჩრდილოვანი პანდემიაა, რომლის მსხვერპლები ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ადამიანები არიან. ეს განსაკუთრებით ეხება ჩაკეტილ თემებში, მაგალითად, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ ქალებს, რომელთაც, როგორც წესი, ძალადობის საფრთხე ემუქრებათ. მდგომარეობა უარესდება ინფორმაციასა და რესურსებზე დაბალი წვდომის გამო, რის შედეგად ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, თუ როგორ დაიცვან თავისი უფლებები, ვის მიმართონ ან რა სერვისები თუ დახმარება გამოიყენონ. UNDP-ის მიზანია დევნილებისა და სხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ინფორმირება არსებული სერვისების შესახებ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული ნაბიჯების ხელშეწყობა ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზაზე“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ.

“პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური გამოწვევები, მათ შორის  ოჯახში ძალადობის საფრთხე. ამ მხრივ, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და დაცვა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გათვალისწინებულია თავშესაფარი, რეაბილიტაცია, დახმარება და სხვა სერვისები. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ფართოდ გავრცელდეს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს ხელმძღვანელმა მაკა ფერაძემ.

გაეროს 2020 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ქალების თითქმის ნახევარმა არ იცის ოჯახში ძალადობის საპასუხოდ არსებული სერვისების შესახებ. სამი ქალიდან მხოლოდ ერთს აქვს ინფორმაცია კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების თაობაზე. ცნობიერება განსაკუთრებით დაბალია მოწყვლად თემებში, მათ შორის  დევნილთა დასახლებებში.

დევნილთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება. აღნიშნული დახმარება ხორციელდება UNDP-ის საკუთარი რესურსებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP