UNDP ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართ

განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 December 2021

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ შშმ პირთა ლიდერობასა და მონაწილეობას და ხელს ვუწყობთ ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას.

დღეს საქართველო პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს უმკლავდება, ცდილობს ხელახლა გახსნას ეკონომიკა და აღადგინოს ის სფეროები, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდა. ასეთ დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე შეგვახსენებს, რომ ინკლუზიურ და თანასწორ საზოგადოებას მეტი შანსი აქვს, სწრაფად და ეფექტიანად უპასუხოს პანდემიის ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამ პროცესში სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი.

პანდემიით გამოწვეული კრიზისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს განსაკუთრებით მწვავედ შეეხოთ. განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სფეროში ისედაც არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. შშმ პირებს არ ჰქონდათ, და არც ახლა აქვთ, სრული წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციაზე, რომელიც პანდემიის დროს დაწესებულ რეგულაციებსა და ვაქცინაციას უკავშირდება. ხშირ შემთხვევაში, შშმ პირები ვერ ერთვებიან საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მთლიანად საზოგადოებას, გადაჭრან ეს გამოწვევები, უზრუნველყონ შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინება, მათი აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა პანდემიაზე რეაგირებისა და შემდგომი აღდგენის ყველა ეტაპზე.

გასულ წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ. ასევე სასიკეთოდ შეიცვალა საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება, გაიზარდა მიმღებლობა და გაჩნდა სოლიდარობის განცდა შშმ პირთა მიმართ. ეს ცვლილებები გვარწმუნებს, რომ ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მხრივ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა, კანონმდებლობის განხორციელების მექანიზმების ხარვეზები და სახელმწიფო თუ სოციალურ პრაქტიკა კვლავ ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულად ჩაერთონ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაში და ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და აქტიური მონაწილეობის მიღების საშუალება.

UNDP მოუწოდებს ხელისუფლებასა და საჯარო უწყებებს, უზრუნველყონ შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით თუ ეს გადაწყვეტილებები შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას უკავშირდება.

UNDP ასევე მოუწოდებს ხელისუფლებასა და საჯარო უწყებებს, იმოქმედონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციისა და მისი მთავარი გზავნილის შესაბამისად - "არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე".

UNDP მიესალმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს გაეროს კონვენციის განხორციელებას საქართველოში.

ამ უმნიშვნელოვანესმა ეროვნულმა მექანიზმმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაში.

UNDP ადასტურებს თავის მხარდაჭერას კომიტეტის მიმართ თანამონაწილეობითი და ინკლუზიური სამუშაო პროცესის ჩამოყალიბების საკითხებში, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობასა და ლიდერობას უზრუნველყოფს.

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ინკლუზიური და თანასწორი საქართველოსთვის, სადაც არავინ დარჩება განვითარების მიღმა.