ახალგაზრდული გადაწყვეტილებები პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად

ქალაქ რუსთავში UNDP ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორს შორის პარტნიორობას ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის

25 January 2021

ფოტოს წყარო: რუსთავის ინოვაციების ჰაბი

პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საგანმანათლებლო პროცესს, ბიზნესის საქმიანობასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, რაც საქართველოს ურბანულ მოსახლეობაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. ახალგაზრდული იდეების წახალისების გზით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ხედვის ჩამოყალიბებას არსებული გამოწვევების დასაძლევად. ამ მიზნით UNDP უკვე ერთი წელია თანამშრომლობს ქალაქ რუსთავის მერიასთან და სხვა ადგილობრივ პარტნიორთან და ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას პანდემიაზე რეაგირების საქმეში.

ამ ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგების განხილვა 25 იანვარს რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებული ინოვაციების ჰაბის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიმართა.

ინოვაციური მიდგომების განვითარება ქალაქ რუსთავში ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, რაც პოსტ-ინდუსტრიული ურბანული გარემოს გარდაქმნასა და მომავლის ქალაქის მშენებლობას ისახავდა მიზნად. ახალი მიდგომების დანერგვის შედეგად, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა  მოქალაქეთა ჩართულობა და სახელმწიფო და სხვა სახის სერვისების მიწოდება, ადგილობრივი ურბანული განვითარება დაეფუძნება განათლებული პროფესიონალების საქმიანობასა და ასევე ეფექტიანად გამოიყენებს თბილისის სიახლოვის უპირატესობებს. დღეისთვის რუსთავში უკვე არაერთი ადგილობრივი ინიციატივა განხორციელდა, რომელთა დიდი ნაწილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შესრულდა.

„დასაფასებელია, რომ ამ იდეების გარშემო ქალაქ რუსთავში პარტნიორთა გუნდი შეიქმნა, რომელიც ერთიანი ხედვას იზიარებს და წარმატებული ადგილობრივ გადაწყვეტილებების შესამუშავებლად ადგილობრივ ინსტიტუციებთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებულ ინიციატივებში პარტნიორთა მთელი რიგი ჩაერთო. მომავლის ლაბორატორიამ ჩაატარა მენტორინგი და ტრენინგი რუსთავის სკოლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-5-მე-12 კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ონლაინ ტრენინგის მიზანი იყო ინოვაციური იდეების შექმნა პანდემიის ნეგატიური შედეგების დასაძლევად, ხოლო შემდეგ ყველაზე პერსპექტიული იდეების განხორციელება ადგილობრივი  რესურსების გამოყენებით. კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ადგილობრივი წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ რვა საუკეთესო იდეა შეარჩია. ამ იდეების ავტორებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და ქოუჩინგი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უზრუნველყო, ხოლო შემდეგ გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს დაფინანსება ქრაუდფანდინგის პლატფორმის Orbeliani მეშვეობით.

შედეგად რუსთავში განხორციელდა რამდენიმე ინოვაციური ახალგაზრდული იდეა. მათ შორის - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობის, დისტანცირების ხარისხისა და ტემპერატურის მონიტორინგი; პროექტი მწვანე აივნები ურბანული მეურნეობის განვითარებისთვის; პროექტი საინფორმაციო გრაფიტი რუსთავში, რომლის ფარგლებშიც სტრიტ-არტისტებმა მოხატეს რუსთავის ქუჩები პანდემიის დროს შემოღებულ წესებთან დაკავშირებული გრაფიტითა და სტენსილებით; მოსწავლეები მოსწავლეებისთვის, სახალისო ონლაინ გაკვეთილები ქიმიასა და ფიზიკაში.

ყველა ახალგაზრდული პროექტი წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმაზე: www.ideagenerator.ge.

„მივესალმებით ახალგაზრდების ენერგიასა და ენთუზიაზმს! მათ იციან, რომ ყველაზე კარგი იდეიდან წარმატებული ბიზნესის  შექმნამდე დიდი გზაა გასავლელი. თუმცა მათ მიერ ამ საინტერესო პროცესში მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება იმის საწინდარია, რომ მომავალში ეს ახალგაზრდა ადამიანები ნამდვილ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

იდეების კონკურსთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხელი შეუწყო რუსთავის ინოვაციების ჰაბის თანამშრომლობას ადგილობრივი ბიზნესის ახალგაზრდული ბიზნესის ინკუბატორის, ბიზნეს სტარტერის, შექმნის მიზნით. ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე ამოქმედდა ოთხი ინოვაციური სტარტაპი, რომელიც პანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმში მუშაობს: სითი სერვისი, რომელიც რუსთაველებს ოთხი მიმართულებით ემსახურება - ინფორმაციული ტექნოლოგიები, სანტექნიკა, ელექტრობა და მებაღეობა; სვიფი, დალაგების სერვისი; eWash, სისტემები და მოწყობილობები ავტო-სამრეცხაოებისათვის; და ფარკო, ფერმისა და სასათბურე მეურნეობის ავტომატიზებული მართვის სისტემა.      

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org