ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, დანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, იწყებენ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის შესახებ

6 September 2021

Photo: Leli Blagonravova/UNDP

საქართველო ებრძვის COVID-19-ის გავრცელების ახალ ტალღას, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ეწირება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა ვაქცინა, მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 60-პროცენტიან ნიშნულს, რომლის მიღწევასაც საქართველოს მთავრობა 2021 წლის ბოლომდე აპირებს. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინირების მაჩვენებელი 17 პროცენტს არ აღემატება.

აცრის პროცესის დაჩქარებისა და ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) იწყებენ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები წვლილს შეიტანს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმდინარე ძალისხმევაში, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას და კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

„დღეს, როდესაც საქართველოში კორონავირუსისგან ყოველდღიურად 80-ზე მეტი ადამიანი იღუპება, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლის გადარჩენა. ვირუსის სასიკვდილო საფრთხის შეჩერების გზა საყოველთაო ვაქცინირებაზე გადის. ვაქცინირება ასევე ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყანამ კატასტროფაზე რეაგირების ეტაპი გაიაროს, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოვიდეს და აღდგენას შეუდგეს“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

„როგორც ყოველთვის, გაეროს განვითარების პროგრამა მხარში უდგას საქართველოს მთავრობასა და ხალხს. ჩვენი მიზანია ვაქცინირების პროცესის დაჩქარება და ვაქცინების შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მიწვდება, მათ შორის,   უმცირესობებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას “, - აღნიშნა ჩერნიშოვამ.

საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ მხარს უჭერენ UNDP-ის დონორები და პარტნიორები საქართველოში, მათ შორის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდი, დანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

კამპანია განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რეგიონულ ხელისუფლებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„მოსახლეობის ინფორმირება აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინირების მაჩვენებელი 60 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ვირუსისგან დაცვის ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება, მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და მოსახლეობა გაიზიარებენ ვირუსთან ბრძოლის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2021 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტი საკმარისად ინფორმირებული არაა ვაქცინირების შესახებ. სოფლად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 47 პროცენტს აღწევს. ამავე კვლევის მონაცემებით, მოსახლეობის 47 პროცენტი თავს იკავებს ვაქცინირებისგან, ხოლო 35 პროცენტი მზადაა აიცრას.   

საინფორმაციო კამპანიის „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში, ვაქცინირების შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია ფართოდ გავრცელდება, ხოლო მოსახლეობის აცრისთვის მარტივად ხელმისაწვდომი შესაძლებლობები შეიქმნება.

UNDP და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნიან მობილურ ბრიგადებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ, ხოლო ვაქცინირების მსურველებს ან ადგილზე აცრიან, ან ვაქცინირების უახლოეს ცენტრებამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები საქართველოს ცხრა რეგიონში გაიმართება (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი).

ინფორმაცია გავრცელდება მოსახლეობის ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოფლად მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, UNDP და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო მოხელეებისთვის და ხელს შეუწყობენ ვაქცინირების მაჩვენებლის ზრდას საჯარო სექტორში.

საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს რკინიგზა, წამყვანი სადაზღვევო კომპანიები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, ფერმერთა ასოციაციები და მედია.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია: