საქართველო ცდილობს მიაღწიოს კოვიდ ვაქცინაციის დაგეგმილ მაჩვენებელს

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება

23 October 2021

Photo: Daro Sulakauri/UNDP

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, აქტიურად ეხმარება საქართველოს მთავრობას, რათა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და ზრდასრული მოსახლეობის აცრის დაგეგმილ ნიშნულს მიაღწიოს.

22 და 23 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თბილისის კრიზისულ ცენტრს და საქართველოს ყრუთა კავშირს. მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

შეხვედრებს ესწრებოდა მობილური სამედიცინო ბრიგადა, ხოლო ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ იქვე გაევლოთ რეგისტრაცია და აცრილიყვნენ. შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი ადგილზე აიცრა.

„ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა უხილავ მტერთან. ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო. ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათონი დავიწყეთ, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„საქართველოში პანდემიას უკვე 9,500-ზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა. უამრავმა ადამიანმა საკუთარ თავზე იწვნია პანდემიის შედეგები, რომელმაც მათი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და შემოსავალი დააზარალა. ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს და ადამიანების სიცოცხლესა და კეთილდღეობას საფრთხე აღარ დაემუქროს“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა.

„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას დაგვიბრუნებს. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ  საქართველომ კრიზისის დაძლევის საფეხური გაიაროს და კრიზისის შემდგომ აღდგენაზე გადავიდეს. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებისა და ვაქცინაციისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის საქმეში“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებული მცდელობის მიუხედავად, დღეისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32 პროცენტია სრულად აცრილი, ხოლო ვირუსის გავრცელებისა და  სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ვაქცინაციის დაჩქარებისთვის, UNDP-მ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთნენ, მათ შორის დანია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, შვედეთი, შვეიცარია და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდი.

კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“  სექტემბერში დაიწყო, თუმცა, ამ მოკლე დროის მანძილზე, საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენა მოიცვა - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ახალგაზრდობა, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები.

„ძალადობა გამოვლილი და მოწყვლადი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია სანდო ინფორმაციის მიღება ვაქცინაციის შესახებ, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ვაქცინები ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღნიშნული პირებისთვის. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან“, - აღნიშნა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა ინდირა რობაქიძემ.

„პანდემიის დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან. მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე, უჭირთ ვაქცინაციის სერვისზე რეგისტრაციის გავლა. იმისთვის, რომ ეს ბარიერები გადავლახოთ, აუცილებელია ვაქცინებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან ბატატუნაშვილმა.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ წლევანდელი გაეროს დღის, 24 ოქტომბრის, სულისკვეთებას ეხმიანება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინაცია დააჩქაროს, ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდოს, პანდემიით გამოწვეული დამანგრეველი კრიზისი დაძლიოს და სოციალური და ეკონომიკური აღდგენა უზრუნველყოს.

საკონტაქტო ინფორმაცია: