ვაჭრობისა და ტურიზმის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონების ეკონომიკური გამოცოცხლებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს ქვემო ქართლში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას

2 April 2021

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოსავლებისა და დასაქმების შენარჩუნებისთვის.

ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ექვს რეგიონში - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სავანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი.

ამ დახმარების შედეგების წარდგენა გაიმართა 2 აპრილს, ქალაქ რუსთავის პარკში, სადაც სამოცამდე  ახლადშექმნილმა მცირე ბიზნესმა ქვემო ქართლის შვიდი მუნიციპალიტეტიდან ტურისტული პროექტები წარადგინა. გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და დააგემოვნეს „ქვემო ქართლის ქალ მეწარმეთა კავშირის“ 26 წევრის მიერ  წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია.

ღონისძიებას დაესწრნენ UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა და  რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული.

“ერთწლიანი „ლოქდაუნის“ შემდეგ, საქართველოს რეგიონები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ადგილობრივი ტურიზმის გამოცოცხლებაში ხედავენ. ჩვენი ხელშეწყობით, ადგილობრივი კომპანიები ტურისტულ შეთავაზებას გააფართოებენ. გარდა ამისა, გაიზრდება მათი ეკონომიკური მდგრადობა, როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე კრიზისის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ჩერნიშოვამ.

ქვემო ქართლში განხორციელებული ინიციატივები UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით ხორციელდება.

2020 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, თხუთმეტმა მუნიციპალიტეტმა მიიღო 409,500 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი მეწარმეობის, ტრადიციული რეწვის, ფერმერობისა და ტურიზმის მხარდაჭერას მოხმარდა. ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებაში ასევე ჩაერთო 14 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც ჯამში 556,300 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს, რის შედეგად დახმარების საერთო თანხა 965,800 აშშ დოლარს გასცდა.

“შვეიცარია საქართველოს სანდო პარტნიორია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებში“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ. “საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს რეგიონებში მდგრადი და ინკლუზიური განვითარების  ხელშეწყობას.“

ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა ხაზი გაუსვა, რომ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობა, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), მოხარულია საქართველოსთვის ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკის ხელშეწყობის შესაძლებლობით.

„ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ღრმად გვწამს, რომ რეგიონებში ეკონომიკურ ინტერესთა ჯაჭვის გაძლიერება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სამწუხაროდ პანდემიამ საქართველოს რეგიონების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ამის მიუხედავად, გვჯერა, რომ ქვემო ქართლში განხორციელებული ინიციატივების მსგავსი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ეკონომიკური მდგრადობის აღდგენას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კერნერმა.

ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი შედეგებით ადილობრივი მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესი და სათემო გაერთიანებები სარგებლობენ.

საკონტაქტო ინფორმაცია