ადგილობრივი ინიციატივები საქართველოს რეგიონების სოციალური და ეკონომიკური გამოცოცხლებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევას

22 March 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ადგილობრივი ინიციატივები მნიშვნელოვანია „ლოქდაუნის“ შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების დაფინანსებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონებში და მხარს უჭერს სათემო პროექტების განხორციელებას ადგილობრივი მაცხოვრებლების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი, დაუცველი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

16-19 მარტს, UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ, რვა მუნიციპალიტეტი მოიარეს (ჭიათურა, ზესტაფონი, ქუთაისი, ხონი, ცაგერი, ლანჩხუთი, ფოთი და ზუგდიდი) და მიმდინარე პროექტების შედეგებს გაეცნენ.

ვიზიტის მსვლელობაში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დაიწყო რამდენიმე ახალი პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით.   

ჭიათურის, ზესტაფონის, ქუთაისისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ლუიზა ვინტონმა კომპიუტერული ტექნიკა გადასცა ადგილობრივი სოფლების გამგებლებს. სულ ახალი ტექნიკა 136-მა სოფელმა მიიღო, რაც ხელს შეუწყობს მათ ყოველდღიურ კომუნიკაციას მუნიციპალურ ცენტრებთან. ამავდროულად, ელექტრონული სერვისების გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი გახდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აქვე გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდა აქტივისტებთან, რომელთაც UNDP-ისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჭიათურელი ახალგაზრდების ინიციატივები - ადგილობრივი ხიდის რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრში კედლის მხატვრობის განახლება და ხელოვნური საცოცი კედელის შექმნა რეკრეაციული და სპორტული აქტივობისთვის.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ნარჩენების შეგროვების, სეპარაციისა და გადამუშავების საპილოტე პროექტი, რომელშიც ადგილობრივი სკოლების 100-მდე მოსწავლე ჩაერთო. ბავშვებმა ქაღალდისა და პლასტმასის ნარჩენები შეაგროვეს, გადამამუშავებელ კომპანიას ჩააბარეს, ხოლო სანაცვლოდ წიგნები, სასკოლო ინვენტარი და საჩუქრები მიიღეს. პროექტმა უკვე მოიპოვა აღიარება, როგორც ადგილობრივი განვითარების საუკეთესო მუნიციპალურმა პრაქტიკამ.

ქუთაისის შემთხვევაში, UNDP-ის ხელშეწყობით გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობა ურბანულ განვითარებაში. შეიქმნება ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქუთათურებს ონლაინ რეჟიმში შეატყობინონ ადგილობრივ ხელისუფლებას დაზიანებული გზებისა და ქალაქის სხვა პრობლემების შესახებ.

ლუიზა ვინტონისა და მზია გიორგობიანის ვიზიტი გაგრძელდა მაღალმთიან სოფელ ხრეითში, სადაც UNDP-სა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ საბავშვო ბაღში მზის პანელები დამონტაჟდა. მზის ენერგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი შეძლებს გათბობასთან და ცხელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს 50 აღსაზრდელისთვის შექმნილ პირობებს.

„ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მცირე დახმარებაც კი ბიძგს აძლევს ადგილობრივი ენერგიისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოთავისუფლებას სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველო პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოვიდეს და შედეგად, კიდევ უფრო ძლიერი გახდეს“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ლუიზა ვინტონმა და მზია გიორგობიანმა ასევე მოინახულეს ადგილობრივი პროექტები, რომლებიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობითა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა. მათ შორისაა ცაგერის განახლებული ტურისტული ცენტრი; ადგილობრივი რეწვის პავილიონები სოფელ აცანაში; ტურისტული ინფრასტრუქტურა ლანჩხუთში, მდინარე აცაურაზე; ახალი კემპინგი და სათევზაო ინფრასტრუქტურა ფოთში, მარტოწყალას ტბაზე.

ლანჩხუთში ამავე პროგრამის ხელშეწყობით გაიხსნა სოციალური კაფე „ქეთოსთან“, სადაც დასაქმებულები არიან ახალგაზრდები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 2020 წელს, ამ ადგილობრივმა პროექტმა მიიღო სოციალური მეწარმეობის პრიზი Social Impact Award.

ჩამოთვლილი წამოწყებები შედის 29 ადგილობრივი ინიციატივის ჩამონათვალში, რომლებიც UNDP-ის ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა და რომელთა მთლიანი ბიუჯეტი 965,805 აშშ დოლარს შეადგენს.    

„ადგილობრივი ინიციატივები ხელს უწყობს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფ გამოსვლასა და ადგილობრივ ეკონომიკის გაჯანსაღებას. ასეთი ინიციატივების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს, UNDP-ის ხელმძღვანელი ხონსა და ზუგდიდში გაემგზავრა, სადაც დევნილთა კოლექტიური ცენტრები მოინახულა. კონფლიქტით დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ხელშეწყობა UNDP-ის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებში დახმარებას იღებს ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 100 კოლექტიური ცენტრი.

ხონისა და ზუგდიდის კოლექტიურ ცენტრებში, ლუიზა ვინტონმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვირუსისგან დამცავი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა, ხოლო UNDP-ის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ სასურსათო დახმარება გაუწია დაუცველ ოჯახებს.

UNDP-ის ხელშეწყობით, ზუგდიდის კოლექტიურ ცენტრში კიდევ რამდენიმე დახმარების პროგრამა მიმდინარეობს. გაიხსნა „ელექტრონული სწავლების სათემო ცენტრი“, სადაც დევნილი ქალები ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო უნარებს ეუფლებიან. 10 ასეთი ცენტრი უკვე მოქმედებს დევნილთა სხვადასხვა დასახელებაში. თითოეული  აღჭურვილია კომპიუტერებითა და ინტერნეტით, ხოლო სასწავლო პროცესი პროფესიული ინსტრუქტორის მიერ ხორციელდება.

გარდა ამისა, 25 კოლექტიურ ცენტრში, მათ შორის, ზუგდიდში, მიმდინარეობს სველი წერტილებისა და წყალგაყვანილობის შეკეთება.

საკონტაქტო ინფორმაცია

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP