კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა პანდემიის დროს

გაეროს განვითარების პროგრამამ კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ხელშეწყობის შედეგები შეაჯამა

13 December 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტის გამყოფი ხაზების სიახლოვეს განლაგებული სოფლების მაცხოვრებლებს. ჯამურად, 600,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომელიც 2020-2021 წლებში განხორციელდა, მიზნად ისახავდა კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულთა  ხელშეწყობას.

ამ დახმარების შედეგების შეჯამება 13 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას პროექტის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები ესწრებოდნენ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, CARE კავკასია, ასოციაცია „ათინათი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA), იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფია, რომელიც პანდემიამ განსაკუთრებით მწვავე გამოწვევების წინ დააყენა. ჩვენი დახმარება ამ გამოწვევების დასაძლევად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. მაგალითად, ბავშვებისთვის დისტანციური სწავლების ხელშეწყობას, სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებას, სანიტარული ინფრასტრუქტურის გამართვას, ადგილობრივი მეწარმე ქალების მხარდაჭერას. მისასალმებელია, რომ ყველა ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები მიზნად ისახავდა როგორც მოწყვლადი მოსახლეობის უშუალო დახმარებას, ისე გრძელვადიანი მიდგომებისა და გადაწყვეტების მოძიებას და ამ მხრივ, სისტემური ცვლილებების ხელშეწყობას.

სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შეისწავლა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო უწყებები შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტიკული ზომების გატარებას  შეძლებენ.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ასევე ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სააგენტოს ტექნიკური ხელშეწყობა დევნილთა მხარდაჭერისთვის საჭირო სერვისების შექმნასა და მიწოდებაში.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან და სხვა პარტნიორებთან პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდების მდგრადი სისტემების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინიციატივები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ეხმარება და, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

UNDP-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა, გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ, ხოლო ქალებმა და ახალგაზრდებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს და პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩაერთნენ.   

დევნილთა დასახლებებში გაიხსნა ელექტრონული სწავლების 10 ცენტრი, რამაც ქალებისა და გოგოებისთვის დისტანციური მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა უზრუნველყო, ხოლო სანიტარული მდგომარეობისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, 35 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

კონფლიქტით დაზარალებულმა ოცმა ქალმა მიიღო დახმარება საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის. განხორციელდა მეწარმეობისა და მარკეტინგის სასწავლო პროგრამები. ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობით, შეიქმნა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის. ორმოცდახუთმა ახალგაზრდამ გაირა ტრეინინგი კომუნიკაციაში, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობა UNDP-ის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო და მოწყვლადი მოსახლეობის ყველაზე მწვავე საჭიროებების დაკმაყოფილებას, კრიზისის მართვის გაუმჯობესებასა და ამ მხრივ, სახელმწიფოს ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: