საჯარო მოხელეები აღიარებენ ელექტრონული სწავლების შესაძლებლობებს, მაგრამ აღნიშნავენ ნაკლოვანებებსაც

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევაში შეფასებულია საჯარო მოხელეთა ონლაინ სწავლების უპირატესობები და გამოწვევები

8 April 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

პანდემიით შექმნილმა რეალობამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამუშაო კულტურა, რის შედეგადაც ყოველდღიური საქმიანობის დიდმა ნაწილმა, მათ შორის პროფესიულმა სწავლებამ, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. საქართველოს საჯარო სამსახურის „ახალ სინამდვილეზე“ მორგების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასეს ის უპირატესობები და გამოწვევები, რომლებიც საჯარო მოხელეთა ელექტრონული სწავლებას უკავშირდება.

კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2020 წელს, PMC კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო სამსახურის ბუროსთან თანამშრომლობით, შეფასდა საქართველოს საჯარო მოხელეთა ელექტრონული სწავლების გამოცდილება პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე. კვლევის რაოდენობრივი ნაწილი ეფუძნება 30 მუნიციპალიტეტის 1,654 საჯარო მოხელის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს, ხოლო თვისებრივი ნაწილი წარმოადგენს ფოკუს ჯგუფებში გამართული დისკუსიებისა და ონლაინ ტრენინგების ანგარიშების ანალიზს.

კვლევის თანახმად, სახელმწიფო მოხელეები დადებითად აფასებენ ონლაინ სწავლების შესაძლებლობას და ამბობენ, რომ ის ზოგავს დროს და ხელს უწყობს პროფესიული განვითარების შეთავსებას ყოველდღიურ მოვალეობებთან. რესპონდენტთა 63 პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება, რომ ონლაინ ტრენინგი შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც პირისპირ სწავლა, ხოლო 45 პროცენტი აღნიშნავს, რომ ონლაინ ტრენინგი ზოგავს ტრანსპორტირების ხარჯებს.

ელექტრონული სწავლების ნაკლოვანებებს შორის რესპონდენტები ძირითადად კოლეგებთან შეზღუდულ სოციალურ ურთიერთობას და სწავლაზე კონცენტრირების სირთულეს ასახელებენ. გამოკითხულთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ტრენინგის ზოგიერთი მიმწოდებელი საკმარისად გამოცდილი არაა ონლაინ ღონისძიებების ორგანიზებაში და ვერ ახერხებს ინტერაქტიული, საინტერესო და მიმზიდველი ონლაინ კურსის ჩატარებას. არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, გამოკითხულთა იგივე 63-მა პროცენტმა პირისპირ ტრენინგი არჩია.

სატელეფონო ინტერვიუებში რესპონდენტი ქალების 30-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ელექტრონული სწავლა სამუშაოს, პროფესიული განვითარებისა და ოჯახის მოვალეობების შეთავსების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, შემდეგ, ფოკუს ჯგუფებში გამართულმა ჩაღრმავებულმა მსჯელობამ გამოააშკარავა, რომ საჯარო მოხელეები, უმეტესწილად ქალები, რომლებიც ოჯახის მოვლით არიან დაკავებულნი, ონლაინ სწავლებას დამატებით ტვირთად აღიქვამენ.

“მოხელეთა პროფესიული განვითარება საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატების საფუძველია. ჩვენი კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, საჯარო სამსახური და ტრენინგის მიმწოდებლები ელექტრონული სწავლების სუსტ მხარეებს გამოავლენენ და შექმნიან  ტრენინგის ეფექტიან სისტემას, რომელიც სრულად იქნება მორგებული საჯარო მოხელეთა მოლოდინებსა და საჭიროებებზე“, - განაცხადა UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის ხელშეწყობით ჩატარებულ  კვლევაში ასევე შესწავლილია საჯარო სამსახურში ციფრული უნარების მხრივ არსებული მდგომარეობა და მოხელეთა წვდომა კომპიუტერებზე, ინტერნეტზე და ციფრულ ტექნიკაზე.

კვლევის თანახმად, საჯარო მოხელეთა უმრავლესობას აქვს კომპიუტერი როგორც სამუშაო ადგილზე (91 პროცენტი), ისე სახლში (83 პროცენტი). მოხელეებს ასევე მოუწვდებათ ხელი ვებკამერებზე (72 პროცენტი) და მიკროფონებზე (75 პროცენტი), ხოლო სტაბილური ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამსახურში (74 პროცენტი), ისე სახლში (77 პროცენტი).

“საჯარო უწყების წარმატება მისი თანამშრომლების კვალიფიკაციით განისაზღვრება. ჩვენ მოვახერხეთ სწავლების ისეთი სისტემის  შექმნა, რომელმაც პანდემიის გამოწვევას გაუძლო. ამ ძლიერი და მოქნილი მექანიზმის მეშვეობით, საქართველოს საჯარო მოხელეები იღებენ მათი პროფესიული მიზნების მისაღწევად საჭირო ცოდნასა და უნარებს”, - აღნიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.

საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ყველა საჯარო მოხელისთვის მაღალხარისხიანი ტრენინგის მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამა ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობით. 

საკონტაქტო ინფორმაცია