ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ახალი შესაძლებლობები

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ფინანსური რესურსების მოძიებას საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის

17 March 2021

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ენერგოეფექტურობა, ტყის მდგრადი მართვა, ეკო-ტურიზმი და მდგრადი სოფლის მეურნეობა - ამ საკითხების გარშემო გაიმართა მსჯელობა 12 მარტს, ვირტუალურ ფორუმზე, რომლის მიზანი იყო დაფინანსების ახალი წყაროების აღმოჩენა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდასაჭერად და პოტენციური საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს 10 პერსპექტიული ინიციატივა, რომელთა შერჩევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი საქმიანობის შედეგად ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პროგრამის, BIOFIN, ფარგლებში.

BIOFIN გლობალური ინიციატივაა, რომელიც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნების მიღწევას და, ამ მხრივ, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას ემსახურება. საქართველოში ეს პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს.  

„გლობალური გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და პანდემია, ადამიანის მიერ ბუნების უგულებელყოფის შედეგია. ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პროგრამის მეშვეობით, მხარს ვუჭერთ პრაქტიკული გადაწყვეტების მოძიებასა და დაფინანსებას ბუნებრივი სიმდიდრის შესანარჩუნებლად. საქართველოსთვის შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს  ბუნებრივი საგანძური დაცვასა და მწვანე და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

საქართველო შედის მსოფლიოს პირველი ოცდაათი ქვეყნის რიცხვში, სადაც ბიომრავალფეროვნების ფინანსირების (BIOFIN) ეროვნული პროცესი დაიწყო. ეს მრავალმხრივი ძალისხმევა ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის საჭირო რესურსების მოძიებას, შესაბამისი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებას და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში.

2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, UNDP-მ შეარჩია 40 ინიციატივა, რომელიც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვას ემსახურება. პროექტების ჩამონათვალშია ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ინიციატივები, ეკო-ტურიზმის განვითარება, მდგრადი სოფლის მეურნეობა, ტყის არამერქნული პროდუქტების სერტიფიკაცია და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული საკონსულტაციო პროცესის შედეგად, 40 ინიციატივიდან შეირჩა პრიორიტეტული ათი, რომელთა წარდგენა და პოტენციურ დონორებთან განხილვა შედგა 12 მარტს გამართულ ფორუმზე.

გარდა ამისა, UNDP-მ და სამინისტრომ შეაჯამეს ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პროგრამის (BIOFIN) ხუთწლიანი შედეგები.

2016 წლის შემდეგ, როდესაც UNDP-მ პირველად დაიწყო ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პროგრამის (BIOFIN) განხორციელება საქართველოში, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სახელმწიფო დაფინანსება 24-ჯერ გაიზარდა და 720,000 ლარს მიაღწია. UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველომ 2019 წელს მიიღო ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმა, ხოლო ტყის სააგენტომ შეიმუშავა ეკოტურიზმის განვითარების გეგმა.

გარდა ამისა, განხორციელდა რამდენიმე ნაკლებ მასშტაბიანი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინიციატივა. მაგალითად, თბილისის ზოოპარკმა შექმნა ქრაუდფანდინგის პლატფორმა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადასარჩენად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტანდარტს დაემატა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გაიდლაინები, ხოლო არამერქნული ტყის პროდუქტების წარმოებისთვის შეიქმნა სპეციალური გაანგარიშების მეთოდოლოგია.

ამ მიღწევების საფუძველზე, 2019 წელს, საქართველოს მიენიჭა პროგრამის BIOFIN ჩემპიონი ქვეყნის წოდება.                  

საკონტაქტო ინფორმაცია