გამოგონებები, რომლებიც პანდემიის გამოწვევებს პასუხობენ

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ გამოგონებათა კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

14 July 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

სამოცზე მეტი გამომგონებელი და ინოვატორი ჩაერთო გამოგონებათა კონკურსში, რომელმაც პანდემიის დროს შემუშავებული მარტივი და ქმედითი გადაწყვეტები გამოავლინა. კონკურსის მიზანია ადამიანების მიერ და ადამიანებისთვის შექმნილი იდეების წარმოჩენა, რომლებიც პანდემიის დროს, მოქალაქეებისა და ბიზნესის ყოველდღიურ პრობლემებსა და გამოწვევებს პასუხობენ.

გამოგონებათა კონკურსის იდეა ეკუთვნის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიას. კონკურსის მხარდამჭერები არიან გერმანიისა და ყატარის მთავრობები.

ინფორმაცია კონკურსის მონაწილეების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდსა  და ფეისბუკის გვერდზე „ქართული გამოგონებების მუზეუმი“, რომელიც UNDP-ის ინიციატივით, სახალხო გამოგონებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

კონკურსის ფარგლებში მიღებული განაცხადები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის წევრები და კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამოვლინდა ორი გამარჯვებული - დავით მიზანდარი და ანა ღვინიაშვილი. თითოეული მიიღებს 10,000 ლარის ექვივალენტურ დახმარებას, რომელიც მათი გამოგონებების სრულყოფასა და პრაქტიკაში დანერგვას მოხმარდება.

დავით მიზანდარმა გამოიგონა და დააპატენტა უნიკალური რესპირატორი MizMask, რომელიც ჰაერის ფილტრაციასთან ერთად მის სრულ სტერილიზაციას აკეთებს. MizMask შეიცავს დაცვის ხუთ ბარიერს, რომელთა შორისაა N99-ტიპის ფილტრი და ულტრაიისფერი დიოდური ნათების სამი არე. რესპირატორის გამოყენება შესაძლებელია პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, მათ შორის COVID-კლინიკებში და ვირუსოლოგიურ ლაბორატორიებში. MizMask-ის სატესტო გამოყენება წარმატებით განხორციელდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

ანა ღვინიაშვილის გამოგონება პანდემიის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვას და სოციალური იზოლაციის, გარიყულობისა და მარტოობის შეგრძნების დაძლევას ემსახურება. ღვინიაშვილის მიერ შემუშავებული ცეკვის გაკვეთილების ონლაინ მოდელი მორგებულია სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებზე და ეყრდნობა როგორც მეცნიერული კვლევის შედეგებს, ისე პირისპირ გაკვეთილების პრაქტიკულ გამოცდილებას. ონლაინ მოდელს უკვე იყენებენ ინკლუზიური თეატრი „აზდაკი“ და ორგანიზაცია „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“. მათი მეშვეობით, ცეკვის ონლაინ გაკვეთილები 70-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეწოდება.

„პანდემიის დროს, ჩვეული მიდგომები აღარ მუშაობს. ჩვენ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და შესაბამის გადაწყვეტებს ვეძებთ. გამოგონებათა კონკურსის მიზანია სახალხო გადაწყვეტების გამოვლენა და მხარდაჭერა და ამ გზით, პანდემიის დროს წარმოქმნილ კონკრეტულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვამ.

„ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, საქართველო უფრო სწრაფად დაძლევს პანდემიის ფონზე შექმნილ კრიზისს. გერმანია მოხარულია, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს მოქალაქეთა შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენასა და გამოყენებაში“, - აღნიშნა გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლიდია ქრისთმანმა.

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიები მსოფლიოს 116 ქვეყანაში მოქმედებენ. მათი მიზანია თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება განვითარების გამოწვევების საპასუხოდ. ინოვატორებისა და ექსპერიმენტატორების ამ მზარდ ქსელს საქართველო წელს შეუერთდა. საქართველოში UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია რამდენიმე მიმართულებით მუშაობას. მათ შორისაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობა COVID-19-ის ვაქცინების მიმართ მოსახლეობის ორჭოფობის დასაძლევად, ნარჩენების დახარისხების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლა, და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მონაცემების საზოგადოებისთვის ახლებურად მიწოდება და სოციალური ქცევის გარდაქმნის ხელშეწყობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP