მომავალი გვიხმობს, ჩვენ ვპასუხობთ!

საქართველოში ამოქმედდა გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორია

12 March 2021

ახალი ხედვა განვითარების პრობლემების გადასაჭრელად – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ დაიწყო თავისი საქმიანობა საქართველოში.

სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გახსნით, საქართველო შეუერთდა 92 ლაბორატორიის მსოფლიო ქსელს, რომელიც 116 ქვეყანას ემსახურება. UNDP-ის ამ ახალი მიმართულების მიზანია თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება განვითარების გამოწვევების საპასუხოდ.

„UNDP ახლებურად უყურებს თავის საქმიანობას. სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით, ახალ მიდგომებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყნებს განვითარებასთან  დაკავშირებული და რთულად გადასაჭრელი გამოწვევების  დაძლევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიები სამ ძირითად ფუნქციას ითავსებენ: (1) ადგილობრივი გადაწყვეტების მოძიება, რომლებიც ექსპერტების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, (2) ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების გამოყენება მონაცემების რეალურ დროში მისაღებად და განვითარების მიმდინარე ტრენდების გამოსავლენად, და (3) მცირე მასშტაბის ექსპერიმენტების ჩატარება სხვადასხვა მიდგომის ეფექტიანობის  შესამოწმებლად.

ინოვატორების, ექსპერიმენტატორებისა და მკვლევარების ამ სწრაფად მზარდ ქსელს წელს საქართველოც შეუერთდა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი უახლესი სწრაფი განვითარების ლაბორატორია სწორედ საქართველოში უნდა გახსნილიყო“, - აღნიშნა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ინოვაციების დანერგვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ და ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით.  

„სწრაფი განვითარების ლაბორატორია ამდიდრებს და აძლიერებს ჩვენს საქმიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზა პასუხები არ გვაქვს და „შეშლილ მეცნიერთა“ ექსპერტიზა გვჭირდება. სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით, ხელი მიგვიწვდება კოლექტიური ინტელექტის რესურსებზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სრულიად განსხვავებულ კონტექსტში შემუშავებული გადაწყვეტები გამოვიყენოთ. სწრაფი განვითარების ლაბორატორია უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს მიმდინარე პროგრამებს და ახალი ინიციატივების პერსპექტივებსაც გამოავლენს“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

სწრაფი განვითარების ლაბორატორია, რომლის საქართველოს გუნდი სამი ადამიანისგან შედგება, თავისი მუშაობის პირველ 100-დღიან ციკლს აჯამებს, რომელიც სამ ძირითად საკითხს ეხება: (1) ციფრული ხელსაწყოების გამოყენება შორეულ რეგიონებში მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის, (2) ნარჩენების დახარისხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, და (3) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მონაცემების საზოგადოებისთვის ახლებურად მიწოდება და სოციალური ქცევის ტრანსფორმირების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ლაბორატორია იკვლევს ვაქცინირების მიმართ საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ ორჭოფობას, რაც თანხვედრაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი კოალიციის მუშაობასთან COVID-19-ის ვაქცინების დროულ შემოტანისა და ვაქცინირების პროცესის დაუყოვნებელ დაწყების მიმართულებით.

სწრაფი განვითარების ლაბორატორიის საქმიანობა გერმანიისა და ყატარის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.

„გერმანია მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ ეფექტიანად გამოიყენოს მსოფლიო გამოცდილება ინოვაციების სფეროში. მივესალმებით გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობას და განვითარების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვას. ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს, გამოვიდეს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან და განაახლოს წინსვლა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. ამ მხრივ, სწრაფი განვითარების ლაბორატორიას შეუძლია სხვადასხვა ინოვაციური მეთოდი შესთავაზოს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი საერთო ძალისხმევის წარმატებაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის მრავალრიცხოვანმა პარტნიორებმა, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნანა დიხამინჯიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

UNDP-ის წარმომადგენლებმა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და არგენტინიდან გააცნეს მონაწილეებს მსოფლიოს მოწინავე ლაბორატორიების გამოცდილება. ხოლო საქართველოში დაგეგმილ საქმიანობაზე ისაუბრეს სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ადგილობრივი გუნდის წევრებმა - სესილი ვერძაძემ, ელენე დარჯანიამ და ზურაბ ნაბახტეველმა.

ღონისძიების მსვლელობაში გაიმართა ინტერაქტიული ქვიზი, რომლის მეშვეობით სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გუნდმა კიდევ ერთხელ შეაჯერა ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც მათ თავისი მუშაობის პირველი 100-დღიანი ციკლისთვის შეარჩიეს. ჩაღრმავებული დისკუსია ამავე საკითხებზე გაიმართება ორ კვირაში დაგეგმილ სემინარზე, რომელსაც UNDP-ის პარტნიორები დაესწრებიან.

საკონტაქტო ინფორმაცია