აქციე გამოწვევა შესაძლებლობად: ქართული სტარტაპები ჩაერთნენ სოციალური მეწარმეობის კონკურსში Social Impact Award

UNDP მხარს უჭერს სოციალურად მეწარმეობის ახალგაზრდულ პროექტებს

7 October 2020

Photo: David Khizanishvili/UNDP

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდულ კონკურსში Social Impact Award 2020 გამარჯვებულები გამოვლინდა. წელს საუკეთესო იდეებს შორისაა სოციალური კაფე ლანჩხუთში, მეფუტკრეობა მაღალმთიან ლეჩხუმში, მობილური აპი შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებისთვის UnLimited და ონლაინ პლატფორმები განათლებისა და სოფლის მეურნეობისთვის,  QANDLE.GE და AGROSERV.GE. სოციალური მეწარმეობის გლობალური ინიციატივა Social Impact Award წელს თბილისის ფარგლებს გასცდა და საქართველოს რეგიონებიც მოიცვა, რამაც შესაძლებლობა მისცა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდა მეწარმეებს მიეღოთ 2,000 აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა და პროფესიული საკონსულტაციო დახმარება თავისი იდეების განსახორციელებლად.

ახალგაზრდული იდეების კონკურსი ჩატარდა ორგანიზაცია Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკის და შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით.

“მივესალმებით კონკურსის გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს. მხარს ვუჭერთ მათ შემართებას, ემსახურონ საზოგადოებას წარმატებული ბიზნეს პროექტების განხორციელების გზით“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. “დღეს, როდესაც საქართველო პანდემიის შედეგებს უმკლავდება, ახალგაზრდული იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „აღვადგინოთ უკეთესად“, ხელი შევუწყოთ მწვანე და მდგრად განვითარებას და ავაშენოთ სოციალურად პასუხისმგებელი და კრიზისებისადმი მედეგი ეკონომიკა“.

“მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მხარი დავუჭიროთ Social Impact Award-ს საქართველოში. ამ კონკურსის მეშვეობით ახალგაზრდა მეწარმეები პროფესიულ განვითარებას და საკუთარი იდეების განხორციელებას ახერხებენ“, -  განაცხადა  დანიელ მეულიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. „გვჯერა, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარებას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცვლილებებიც მოჰყვება. მისასალმებელია, რომ წელს ამ პროგრამაში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთნენ და ადგილობრივი პრობლემების საკუთარი ხედვა გაგვაცნეს. ვულოცავთ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ ინოვაციური და  შემოქმედებითი იდეების კონკურსში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება“.

2020 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 94-მა ახალგაზრდულმა გუნდმა თბილისიდან, გურიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან. ათმა ფინალისტმა გაიარა ბიზნეს-კონსულტაციის სრული კურსი, იდეის ჩამოყალიბებიდან ბიზნეს გეგმის დაწერამდე, რომელსაც პროფესიული კონსულტანტები და გამოცდილი მეწარმეები უძღვებოდნენ. კონკურსის დასკვნით ეტაპზე, ხუთი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ UNDP-ის, საქართველოს ბანკის, კერძო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

„კონკურსის Social Impact Award იდეა 2009 წელს ავსტრიაში დაიბადა“, - განაცხადა ვახტანგ მშვიდობაძემ, საქართველოში ავსტრიის საელჩოს პროგრამების მენეჯერმა. „მისასალმებელია, რომ ამ ინიციატივამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. მისი მეშვეობით მეწარმეობა საზოგადოებრივ საქმიანობასთან გაერთიანდება, ხოლო ახალგაზრდები შეძლებენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ექსპერტებთან დაკავშირებას“.

ახალგაზრდული სტარტაპების ხელშეწყობა მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელსაც UNDP საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით და შვეიცარიისა და  ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ახორციელებს.

საკონტაქტო ინფორმაცია