მოწყვლადი მოსახლეობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიაზე რეაგირებისა და შემდგომი აღდგენის დროს

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მუნიციპალურ თავშესაფრებს ეხმარება

6 August 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

სამ მუნიციპალურ თავშესაფარს თბილისში, რუსთავსა და სამტრედიაში გადაეცა სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორები, წყლის გამაცხელებელი ავზები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც თავშესაფრების კეთილმოწყობას და 200-მდე მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. დახმარების ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დანიის მთავრობისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით.

თავშესაფრების მხარდაჭერის მიზანია მოწყვლადი და მიუსაფარი ადამიანებისთვის განკუთვნილი მუნიციპალური სერვისების განვითარება და მაღალი რისკის მქონე მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობა პანდემიის პირობებში.

6 აგვისტოს თბილისისა და რუსთავის მუნიციპალური თავშესაფრები მოინახულეს UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. სტუმრები შეხვდნენ თავშესაფრების ადმინისტრაციას და მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ. 11 აგვისტოს UNDP-ის ხელმძღვანელი სამტრედიის თავშესაფარს მოინახულებს.

„უსახლკარო და ოჯახის ზრუნვას მოკლებული ადამიანებისთვის კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „ამ მხრივ, თავშესაფრების არსებობა ნამდვილად მისასალმებელია. UNDP-ის მიზანია, თავშესაფრების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხოლო პანდემიის შემდგომ პერსპექტივაში, გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად“.

მუნიციპალური თავშესაფრების ხელშეწყობა იმ უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და მოსახლეობას პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში შესთავაზა. გაეროს დახმარება ხორციელდება გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაარსებული ფონდის მეშვეობით, რომელიც კრიზისზე რეაგირებასა და კრიზისის შემდგომ აღდგენას ემსახურება. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც ამ ფონდის დახმარებით სარგებლობენ. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად გაეროს სააგენტოებმა 1 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიასთან ბრძოლისა და ამ მხრივ საქართველოს ხელშეწყობის მოწინავე ხაზზეა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, UNDP-მ ცვლილებები შეიტანა მიმდინარე პროექტებში, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, და გამოთავისუფლებული რესურსები პანდემიის დროს წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოახმარა.

სხვა ინიციატივებს შორის, UNDP აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მოსახლეობას. ეს დახმარება ხორციელდება დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც UNDP რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP