დიდი დასვენება ტელესკოლაში - ვიდეო თამაში კლიმატის ცვლილების შესახებ „მისია 1.5“

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო საგანმანათლებლო ახალგაზრდული პროგრამა კლიმატის ცვლილების შესახებ

3 July 2020

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით, იწყებენ საგანმანათლებლო ახალგაზრდული ტელეპროგრამების სერიას „დიდი დასვენება“. ტელეპროგრამა ეფუძნება ვიდეო-თამაშს კლიმატის ცვლილების შესახებ „მისია 1.5“, რომელიც UNDP-ის ინიციატივით შეიქმნა და კლიმატის ცვლილების შესახებ განათლებას ემსახურება. თამაშის მონაწილეები ეცნობიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ეძებენ გამოსავალს და ცდილობენ, გლობალური დათბობა 1.5 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში შეინარჩუნონ.  

„განათლებას შეუძლია შექმნას იმის წინაპირობა, რომ მომავალმა გადაწყვეტილების მიმღებებმა მწვანე და მდგრადი განვითარების გზა აირჩიონ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „მისია 1.5 თამაშია, მაგრამ კლიმატის ცვლილება თამაში როდია. თუ ახალგაზრდები კლიმატურ საფრთხეებს გააცნობიერებენ და სწორ გადაწყვეტილებებს ჯერ ვირტუალურ სივრცეში მიაგნებენ, შანსი გაგვიჩნდება, რომ კლიმატის  ცვლილების კატასტროფას რეალურ სამყაროშიც გავუმკლავდეთ“.

“მისია 1.5 კარგი საშუალებაა, რეალურად იქნეს აღქმული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ,” - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა. “თამაშით ცოდნის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია იმისთვის, რომ ცოდნა რეალურ ქმედებაში გადაიზარდოს, ხოლო კაცობრიობამ კლიმატის ცვლილების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგას“.

"დიდი დასვენების" წამყვანი, ლაშა კოტორაშვილი

"დიდი დასვენების" წამყვანი, ლაშა კოტორაშვილი

ტელეპროგრამა დიდი დასვენება გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროექტის, ტელესკოლის ეთერში, რომელიც პანდემიის შედეგად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ტელესკოლის საქმიანობა სასწავლო წლის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ტელესკოლა სხვადასხვა კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის „დიდ დასვენებას“ შესთავაზებს მაყურებელს.

„დიდი დასვენება“ ახალგაზრდებს გასართობი ფორმით გააცნობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეებს და მათი დაძლევის გზების შესახებ მოუყვება. პროგრამის ექვს გამოშვებაში საუბარი იქნება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მწვანე ეკონომიკა, მდგრადი ტრანსპორტი, კლიმატური კატასტროფები, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ბუნების დაცვა. პროგრამის ახალგაზრდა წამყვანი მაყურებელთან ერთად ითამაშებს მისია 1.5-ს და იმ გადაწყვეტილებებს აღმოაჩენს, რომლებიც გლობალური ტემპერატურის ზრდას შეაჩერებენ.

„დიდი დასვენება“ ტელესკოლის ეთერში ივნისსა და ივლისში გავა და საზოგადოებრივი მაუწყებლის YouTube არხზე განთავსდება.

ტელეპროგრამა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საავტორო პროექტია, რომელიც კრეატულ ჯგუფ „დემლაბთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

მისია 1.5

მისია 1.5 UNDP-ის გლობალური საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეებსა და მთავრობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. კამპანია საშუალებას მისცემს მილიონობით ადამიანს  ხმა მიაწვდინონ თავიანთ მთავრობებს და კლიმატის ცვლილების შეჩერების გზებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვან.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი და მობილური თამაში, რომელშიც მოთამაშე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემქმნელის როლს მოირგებს. თამაშის დასრულების შემდეგ, მოთამაშეს შესაძლებლობა ეძლევა ხმა მისცეს კლიმატის ცვლილების დაძლევის იმ ზომებს, რომელთა განხორციელებასაც ის საჭიროდ მიიჩნევს. შედეგები გაეგზავნება ქვეყნების მთავრობებს, რომელთაც ხშირად ხელი არ მიუწვდებათ სანდო ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს მათი ქვეყნის მოსახლეობა კლიმატის ცვლილებაზე.

საქართველო ერთ-ერთი პირველია UNDP-ის მსოფლიო წარმომადგენლობებს შორის, რომლებმაც ამ გლობალურ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. „მისია 1.5“ ქართულად ითარგმნა და 2020 წლის მაისიდან ხელმისაწვდომია თამაშის ქართველი მონაწილეებისთვის.

საქართველო და კლიმატის ცვლილება

მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო აქტიურად ჩართულია კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში. პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანამ აიღო ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა UNDP-თან ერთად  ახორციელებს 72 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობის წყალდიდობებისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას ემსახურება. ინიციატივა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და  შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.

საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება კლიმატის ცვლილების შესახებ ამ ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ მხრივ, UNDP აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან.     

საკონტაქტო ინფორმაცია