ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები ხელს უწყობს პანდემიის შემდგომ აღდგენას

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარია და ავსტრია ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასა და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს რეგიონებში

30 July 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP


საქართველოს რამდენიმე რეგიონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის აღდგენას იწყებს, რაც  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებას. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განაგრძობს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესთან და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას საქართველოს ოთხ რეგიონში. ადგილობრივი ეკონომიკური პროექტების მიზანია ხელმისაწვდომი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დასაქმების გაზრდა და ადგილობრივი განვითარების წახალისება.
 

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს უფრო ფართო პროგრამის ნაწილს, რომელიც ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ განვითარებასა და კარგ მმართველობას ემსახურება და UNDP-ის მიერ შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

28-30 ივლისს, UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ავსტრიის ელჩი  საქართველოში არად ბენკო და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ბექა თაგაური და სოფიო სვანაძე ეწვივნენ ონის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

„საქართველოს რეგიონები ეძებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დასაქმებას გაზრდიან და ცხოვრების სტანდარტს გააუმჯობესებენ.“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ეს პროცესი პანდემიამდე დაიწყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, მონახოს განვითარების მდგრადი გზები პანდემიის შემდგომი რეალობის გათვალისწინებით.“

„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივ ეკონომიკურ ინიციატივებს, რადგან მათ წვლილი შეაქვთ ეკონომიკური განვითარების წარმატებაში ეროვნულ დონეზე“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. „ადგილობრივი ეკონომიკური პროექტების  განხორცილების შედეგად მყარდება თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის, რაც კარგ საფუძველს ქმნის საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებისთვის.“

2019 წელს, UNDP-ის ინიციატივითა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, საქართველოს ოთხ რეგიონში - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, დაიწყო დაფინანსების პროგრამები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ორივე პროგრამა, რომელთა მთლიანი ბიუჯეტი 640,000 აშშ დოლარს აღწევს, მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

ადგილობრივ საჭიროებებზე დაყრდნობით, პროექტმა გამოიყენა დაფინანსების ახალი მოდალობა, რომელიც მუნიციპალიტეტების პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. შედეგად, ცაგერის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა ჯამში მიიღეს 250,000 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებას, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებას მოხმარდება.

რეგიონებში ვიზიტის დროს, UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ხელი მოაწერა კიდევ ორ შეთანხმებას ონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებთან. ონში დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება მოხმარდება პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას, ხოლო ოზურგეთში UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით შემუშავდება სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი გომის მთის დასახლებისთვის.

„რეგიონული და ადგილობრივი განვითარება თითოეული რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ეფუძნება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური გარემოს, ასევე მოსახლეობის მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინება,“ - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ავსტრიის გამოცდილება რეგიონული და ადგილობრივი განვითარების, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებში, დანერგოს პოლიტიკა და გაატაროს ეკონომიკური ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანას, სრულად გამოიყენოს თავისი რეგიონების შესაძლებლობები“.

„შვეიცარია დიდი ხანია საქართველოს პარტნიორია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საქმეში“, - აღნიშნა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ. „ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ემსახურება მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რომელიც არავის დატოვებს განვითარების მიღმა“.

სამეგრელოში სტუმრებმა მოინახულეს ახალი სათავგადასავლო პარკი, რომელიც განლაგებულია ნოქალაქევის ისტორიული ნასახლარის სიახლოვეს და აღჭურვილია ზიპლაინითა და სხვა გასართობი საშუალებებით.

ზუგდიდში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი რეწვის გამოფენაში, რომელიც ახლად აშენებულ საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

გურიაში დელეგაციამ იმოგზაურა ბრენდირებული ტურისტული ავტობუსით, რომელიც საინფორმაციო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს და ეკონომიკური განვითარების პროექტის „ჩაის გზა“ ერთერთ პროდუქტს წარმოადგენს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს ჩაის მწარმოებლები და ოჯახური სასტუმროების მფლობელები, რომლებიც ჩართულები არიან ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ პროექტებში „ჩაის გზა“ და „აღმოაჩინე გურია“.

მუნიციპალიტეტებთან პირდაპირი თანამშრომლობის გარდა, UNDP ასევე მუშაობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამჟამად 23 მუნიციპალიტეტში ხორციელდება შვიდი პროექტი, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ემსახურება. ერთერთი ასეთი ინიციატივა ითვალისწინებს ტრადიციული რეწვის განვითარებას ონში, სადაც ადგილობრივმა ორგანიზაციამ გადაამზადა 80 ქალი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან. ტრადიციული რეწვის ტრენინგის 25 მონაწილე უკვე დასაქმდა ადგილობრივ სახელოსნოში, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.  

მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამები 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. სულ საქართველოს ოთხ რეგიონში განხორციელდება თორმეტი ეკონომიკური ინიციატივა, რომელთა შედეგებით ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია