ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს საზოგადოება მეტ ყურადღებას აქცევს გენდერულ თანასწორობას, თუმცა გენდერული ნიშნით მიკერძოება კვლავ აღინიშნება

კაცებთან შედარებით, ქალების დამოკიდებულება გენდერული სოციალური როლების მიმართ უფრო სწრაფად იცვლება

16 June 2020

კომპოზიციის ავტორი: მუსია ქებურია

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - ქალების 63 პროცენტი და კაცების 54 პროცენტი - ფიქრობს, რომ საქართველოს ჯერაც არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისთვის. გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთოა. ხოლო, კაცების 59 პროცენტს და ქალების 38 პროცენტს სჯერა, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის მოვლაა. ქალებიც და კაცებიც მეტი თანაგრძნობით ეკიდებიან გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვიდრე ეს შვიდი წლის წინ იყო, მაგრამ ქალები მეტად ამბობენ უარს გენდერულ სტერეოტიპებზე.

ეს და სხვა მიგნებები გამოვლინდა ახალი კვლევის შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) დღეს შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით წარადგინეს. 2013 წელს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, ახალი კვლევა კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება საზოგადოებრივ წარმოდგენებში კვლავ არსებულ გენდერულ უთანასწორობას წარმოაჩენს. თუმცა, კვლევის შედეგად ვლინდება ისიც, რომ გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გავრცელებამ საგრძნობლად იკლო გასული შვიდი წლის მანძილზე.

„საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება. სასიხარულოა, რომ საქართველომ ასეთ შესამჩნევ წარმატებას შედარებით მოკლე დროში მიაღწია“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს ქალთა თანასწორ უფლებებს, რაც უმეტესწილად ქართველი კაცების დამოკიდებულებას უკავშირდება. კაცების თითქმის 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ პროფესიული თვალსაზრით ქალი კაცს ერთნაირი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი ვერ გაუტოლდება, ხოლო ყველა გამოკითხულთა ნახევარი პოლიტიკურ ლიდერობაში კვლავ კაცებს ანიჭებს უპირატესობას. საქართველო მხოლოდ მაშინ შეძლებს, სრულად გამოიყენოს ქვეყნის ყველა მოქალაქის პოტენციალი, თუ დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებს გადალახავს“.

„კვლევაში გაანალიზებულია გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულება და აღქმა საზოგადოებრივ, თემის, ურთიერთობებისა და ინდივიდუალურ დონეზე.  ურთიერთობები უდაოდ გვაძლევს ცვლილებების დანახვის შესაძლებლობას, ამდენად, საინტერესოა, დავაკვირდეთ ოჯახში ქალის როლის აღქმასთან დაკავშირებით მომხდარ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს, რომელიც კვლევამ გამოავლინა. ამჟამად რესპონდენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (50.4%) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ  ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, ეს მაჩვენებელი, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, 11%-ს შეადგენდა. აგრეთვე, პროცენტული მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის, 28%-ით შემცირდა. ზემოთხსენებული მონაცემები მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს და ცხადია, რომ ეს გაუმჯობესება ახალი თაობის წარმომადგენლებში მომხდარმა დამოკიდებულების ცვლილებებამ განაპირობა.“ - აღნიშნა UNFPA-ის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ. „მეორე მხრივ, ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქალებიც და კაცებიც (67.3% და 64.6%) მხარს უჭერენ კანონის მიღებას, რომლის მიხედვით დეკრეტული შვებულება ქალებსაც და კაცებსაც უნდა ეკუთვნოდეთ, რაც სოციალური ნორმების ცვლილების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.“

კვლევის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ, გენდერული როლების ტრადიციული ხედვა შემცირდა, ხოლო გენდერული თანასწორობის პრინციპების გაცნობიერება საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის აღინიშნება.

დღეს საქართველოში საშინაო საქმე კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება,  ქალების მონაწილეობა ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება, განუზომლად მაღალია. ოთხიდან სამი რესპონდენტი ამბობს, რომ საოჯახო მოვალეობებს, ძირითად, ქალები ასრულებენ.   თუმცა, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით,  შემცირდა ქალებისა და კაცების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ბავშვის გაზრდა მხოლოდ ქალის საქმეა - კაცებში 81-დან 69 პროცენტამდე, ხოლო ქალებში 76-დან 54 პროცენტამდე. თუ შვიდის წლის წინ კაცების 87 პროცენტი და ქალების 70 პროცენტი ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას კაცს მიაკუთვნებდა, დღეს ამ მოსაზრებას კაცების 68 პროცენტი და ქალების მხოლოდ 34 პროცენტი იზიარებს.

საზოგადოებრივი დამოკიდებულება ასევე შეიცვალა ბიზნესში ქალის როლის მიმართ. 2013 წელს რესპონდენტთა 58 პროცენტი თვლიდა, რომ კაცები უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან, ხოლო 2019 წელს ეს მონაცემი 39 პროცენტამდე შემცირდა. ამავდროულად, საზოგადოება აცნობიერებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალები შრომის ბაზარზე აწყდებიან. ქალების 85 პროცენტი და კაცების 58 პროცენტი თვლის, რომ კარიერაში ქალებს გაცილებით მეტი ბარიერისა და სირთულის გადალახვა უწევთ. ქალმა რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოჯახური მოვალეობების შესრულება მათთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის გზაზე.

„საქართველოს საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გენდერული სტერეოტიპების დასაძლევად და პრაქტიკული თანასწორობის მისაღწევად“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. „თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო გაამყარებს ამ წარმატებას და ხელს შეუწყობს მეტი თანასწორობის მიღწევას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ოჯახში“. 

„გენდერული თანასწორობისა და ქალი ლიდერების მხარდაჭერა შვედეთის პრიორიტეტია“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომმა. „ეს საკვანძო კვლევა ხაზს უსვამს საქართველოს წარმატებას გასული წლების მანძილზე და წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომლებიც საზოგადოებამ უნდა გადალახოს“.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების  დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

საკონტაქტო ინფორმაცია