სიტყვას ძალა აქვს: გენდერული სტერეოტიპები ქართულ სოციალურ მედიაში

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლას შეურაცხმყოფელი და სტერეოტიპული ენის გამოყენების წინააღმდეგ

26 November 2020

ავტორი: მუსია ქებურია UNDP-ის დაკვეთით

საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ დისკრიმინაციული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერთერთი მიზეზია, რომელიც პოლიტიკასა და მმართველობაში ქალთა არასაკმარის მონაწილეობას განაპირობებს.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, სამოქალაქო საზოგადოებამ ეს საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქცია და სოციალურ მედიაში გენდერულად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ენის გამოყენების მონიტორინგი დაიწყო.

26 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, აღნიშნული ინიციატივის შესახებ ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გენდერული თანასწორობის, მედიისა და დემოკრატიული განვითარების სფეროებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.     

“ქართველი ქალები ხშირად აწყდებიან დამამცირებელ რიტორიკას, სექსისტურ შეურაცხყოფასა და აშკარა მუქარასაც კი”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ბოლო დროს, ამ მოვლენამ ტრადიციული მედიიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობს ეფექტიანი ხელსაწყოს შექმნას ამ  შემაშფოთებელ ტენდენციასთან საბრძოლველად“.

UNDP-ის ხელშეწყობით, კავშირმა „საფარი“ შეიმუშავა ინდიკატორები გენდერულად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კლასიფიცირებისა და შესაბამისი დარღვევების გამოსავლენად. ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგი ჩაატარა და ქალ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენების 200-მდე შემთხვევა გამოავლინა. მათ შორისაა სექსისტური შეურაცხყოფა, ასაკისა ან გარეგნობის მიხედვით შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობით მუქარა.

კვლევის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერის ამაღლება გენდერულად მიკერძოებული და შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საზოგადოებისა და მედიის შეიარაღება ამ მოვლენასთან საბრძოლველად. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ვებ-გვერდზე https://genderbarometer.ge/

„კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებრივმა ცხოვრებამ კიდევ უფრო მეტად გადაინაცვლა სოციალურ ქსელებში, თუმცა ეს ტენდენცია გასული ათი წლის მანძილზეც შეიმჩნეოდა“, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა. „ტრადიციულ მედიასთან შედარებით, სოციალური მედიის მონიტორინგი  გაცილებით რთულია. ასევე თითქმის შეუძლებელია სოციალურ ქსელებში ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივ ერთიანობასთან დაკავშირებული სტანდარტების დაწესება. ასეთ პირობებში, რთულია ქალებისთვის მიყენებული ზიანის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც საზოგადოებრივ სფეროში, ისე ფართო საზოგადოებაში“.

ლელა აქიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, აღნიშნა, რომ გაეროს  რეზოლუციების თანახმად, ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორ სხვაგან, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კიბერ-დანაშაულისგან.

„ანონიმურობისა და დაცილების გათვალისწინებით, ონლაინ სივრცე მეტ შესაძლებლობას იძლევა ადამიანზე თავდასხმისთვის, რაც შესაძლებელია კიბერ-დანაშაულშიც კი გადაიზარდოს. საქართველომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ საქმის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, რათა ადამიანებისა და მათი უფლებები დაცვა ყველგან თანაბრად უზრუნველვყოთ“, - თქვა მან.

ქართულ სოციალურ მედიაში გენდერულად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ენის გამოყენების მონიტორინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია